Wednesday, February 15, 2012

ტეისკენსის თეორია

"თავისუფლება - ეს ორი კატეგორიის დიალექტიკაა, შესაძლებლისა და აუცილებლის. ჩემი მე - ეს თავისუფლებაა", - ამბობდა ორი საუკუნის წინ ცნობილი დანიელი ფილოსოფოსი, სიორენ კირკეგორი. ადამიანთა ნაწილისთვის, შესაძლოა, არ იყოს მარტივი გასაგები მისი ეგზისტენციალური აზრები, თუმცა, შესაძლოა, ეს არც არის ის, რისი გაცნობიერებაც გონებით არის აუცილებელი. როდესაც თავისუფლების მოთხოვნილება გიჩნდება, ქვეცნობიერად ხომ სწორედ ამის გაკეთებას იწყებ - ცდილობ შესაძლებელი და აუცილებელი ერთმანეთს დაუკავშირო.
შვიდი წლის ასაკში ბელგიელმა ოლივიე ტეისკენსმა ზუსტად გააცნობიერა თავისუფლების წყურვილი, როდესაც გადაწყვიტა, რომ ოტ კუტიურის შექმნა უნდოდა. კოსტიუმების ხატვა კიდევ უფრო ადრე დაიწყო, თან გული წყდებოდა, რომ არ შეეძლო ყოფილიყო გოგონა, რომლებიც პრინცესები არიან და ლამაზ კაბებს ატარებენ. "როდესაც სხვა ბიჭები მთვარეზე გაფრენასა ან ექიმად გახდომაზე ოცნებობდნენ, მე დიზაინერობა მინდოდა". დღეს ამბობს, რომ საკუთარ თავში ქალური საწყისის ძიება ძალიან ეხმარება კოლექციების შექმნაში. ამის გარეშე, - ფიქრობს ოლივიე, ვერ გაიგებ მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ნამდვილ სურვილებს.
1995 წელს ტეისკენსმა მოდის დიზაინის შესწავლა დაიწყო ბრიუსელის École Nationale Supérieure des Arts Visuels de la Cambre- ში, თუმცა სულ რაღაც ოცი წლის ასაკში აქ სიარულს თავი დაანება. მიზეზი მარტივი იყო - შესაძლებლისა და აუცილებლის ერთმანეთთან დაკავშირება. ტეისკენსს აღარ შეეძლო ლოდინი. უნდოდა, რაც შეიძლება მალე მოეხდინა საკუთარი თავის რეალიზება და ამიტომ ბრენდის შექმნა გადაწყვიტა. მისი პირველი ნამუშევრები ექსტრავაგანტური იყო, გოთური ელემენტებით და კრიტიკოსების მოწონებასაც იმსახურებდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ აისახებოდა ინვესტორების სიმრავლეზე. ამიტომ, ფინანსური მხარდაჭერის არარსებობის გამო, ახალგაზრდა დიზაინერი იძულებული გახდა გაეუქმებინა თავისი ბრენდი, რის შემდეგაც თეატრის კოსტიუმების შექმნა დაიწყო.
ისეთი ავტორიტეტული ჟურნალი, როგორიცაა Harper"s Bazaar, ოლივიე ტეისკენსისთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებდა, ჰოლივუდის ვარსკვლავები ვოგის ყდებზე დიზაინერის სამოსში ჩაცმულები ჩნდებოდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, მის ნამდვილ წარმატებას მადონას სახელი უკავშირდება - ოლივიე ერთ დღეში გახდა პოპულარული, როდესაც ის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე მის კაბა-პალტოში გამოწყობილი გამოცხადდა.
Rochas Fall 2005
ამის შემდეგ იყო Rochas, რომელმაც ტეისკენსი შემოქმედებით დირექტორად მიიწვია. ამ სახლისთვის შექმნილმა კოლექციებმა კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია. ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო ახალი ერა როშას ისტორიაში. ოლივიეს უნდოდა გაეკეთებინა რაღაც უფრო cool, ვიდრე ტრადიციული როშა. მან ეს მოახერხა კიდეც - როშას სტილის დაცვით მისთვის ახალი, ელეგანტური სილუეტი შექმნა, ისტორიული და კულტურული ელემენტები კი გარკვეულწილად მინიმალიზმთან დააკავშირა. ამასთან, არასოდეს უცდია, ქალისთვის ხელოვნურად სექსუალური სახე მიეცა, რადგან ფიქრობს, რომ ეს ბუნებრივი გზით უნდა ხდებოდეს. "მე მხოლოდ და მხოლოდ ჰარმონიას ვეძებ ქალის შინაგან პოტენციალსა და ამის გარეგნულ გამოხატულებას შორის", - აღნიშნავს ტეისკენსი.
2006 წელს ოლივიე ნინა რიჩის სახლში აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას. როშადან წამოსვლის მიზეზი ისევ და ისევ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ოლივიე უარს აცხადებდა კომერციულად მომგებიანი მოდა შეექმნა, მასში ფუფუნების დაბრუნებას ცდილობდა. ამბობენ, როშადან მისი წამოსვლის ფაქტთან დაკავშირებით New York Times-ს ერთ-ერთმა დიზაინერმა ანონიმურად რაღაც მსგავსი უთხრა - ასეთი სრულყოფილი ხელოვნება არ შეიძლება დღეს არსებობდეს, რადგან ახლა ყველაფერი ბიზნესს უკავშირდება. სამწუხაროა, რომ მშვენიერებაში ინვესტიციებს აღარ დებენო.
Theyskens Theory pre-fall 2012
ნინა რიჩიმ ოლივიეს კონფორმიზმი ასწავლა. მან კომერციული თვალსაზრისით უფრო მომგებიანი კოლექციების შექმნა დაიწყო, თუმცა საკუთარ სტილზე უარი არ უთქვამს. მიუხედავად აქ მიღწეული წარმატებებისა, რიჩისთან თანამშრომლობა სულ რამდენიმე წელს გაგრძელდა. "ყოველთვის ვცდილობ, დავიცვა ჩემი თავისუფლება. არასოდეს ვყოფილვარ მიჯაჭვული ერთ ადგილს, ამიტომ ყოველთვის წინ მივდივარ. მომწონს განვითარება, ევოლუცია". ამან მიიყვანა თანამედროვე ბრენდთან Theory. ახლა ბოლოსდაბოლოს გააცნობიერა, რომ ხელოვნება, რომელიც არა მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი, ეს მაინც ხელოვნებაა. სინამდვილეში, მთავარი ხომ ყოველთვის ერთი რამაა - სტილი. მის ახლანდელ ნამუშევრებს ისევ ის ხალხი ყიდულობს, ვინც როშას და რიჩის ძვირადღირებულ სამოსს იცვამდა.
ტეისკენის შემოქმედებითი სწრაფვის ვიზუალიზაციას აღმოაჩენთ მისი და ჟულიან კლესანსის წიგნში - "ოლივიე ტეისკენსი: სურათის სხვა მხარე" (Olivier Theyskens: The Other Side of the Picture). კლესანსი მოდური ფოტოგრაფია, რომელიც ათ წელზე მეტ ხანს აკვირდებოდა ოლივიეს მუშაობას, კულისებში საინტერესო ფოტოებს იღებდა. ეს ერთგვარი ფოტოალბომია, რომელსაც ტეისკენსის სამყაროში გადავყავართ, მისტიური და მგრძნობიარე სილუეტების გარემოში.
ტეისკენსი, მიუხედავად იმისა, რომ პარიზშიც აქვს ბინა, ძირითადად ნიუ იორკში მუშაობს. პარიზში ცხოვრება, უფრო სწორად, ძილი არ მოსწონდა. ამბობდა, რომ მისი საძინებლის ფანჯრები იმდენ სინათლეს უშვებს ოთახში, ღამით დაძინება შეუძლებელი იყო. შესაძლოა, ის, რომ ნიუ იორკს ანიჭებს უპირატესობას, სხვა რაღაცასაც უკავშირდება. ოლივიეს ხომ შთაგონების წყარო მუდმივად ეცვლება - მისი სამოსი აღარ არის ისეთი "ფრანგული". დიზაინერი განმარტავს: "მიყვარს ნიუ იორკში ყოფნა და ვფიქრობ ყველა ის დიზაინერი, ვინც ამბობს, რომ ქმნის ურბანულ კოლექციას, ყოველთვის ფიქრობს ნიუ იორკის ქუჩებზე. არ შემიძლია გავაკეთო ურბანული კოლექცია და ვიფიქრო ბანკოკზე. ან მეხიკოზე. ის, რაც მიზიდავს, ყოველთვის უკავშირდება აწმყოში არსებულს. ჩაცმის თანამედროვე სტილი სტიმულს მაძლევს. ახლაც კი არ მომწონს იმის ჩვენება, რაც ფუტურისტული უტოპიის ნაწილია".
"როდესაც ფუტურისტულ ფილმს იღებენ, მაშინვე მოდურები ხდებიან, რადგან ქმნიან იმას, რაც ჯერ არ არსებობს", - ამბობს ოლივიე და იღიმება, თითქოს სულ არ აღელვებდეს ეს მოდური რაღაცები. ალბათ არც აღელვებს. მოდა ხომ მისთვის, უბრალოდ, ორი უბრალო რაღაცის, შესაძლებელსა და აუცილებელს შორის ჰარმონიის პოვნის მცდელობაა.

2 comments:

  1. ნუ რა არის ახლა ეს?
    სიტყვათუხვი შესავლის წასაკითხად მოვემზადე და ორ სიტყვაში არ მოაყომარა ამხელა ფილოსოფოს კაცზე? :(

    კონფორმიზმზე კი სხვა დროს იყოს.

    ReplyDelete
  2. შენ გულს კაცი ვერ მოიგებს, ხან ვრცელი შესავლები არ მოგწონს და ხან წუწუნებ რატომ არ არისო : ))))))
    კონფორმიზმზე შენ დაწერე და წავიკითხავ :)

    ReplyDelete