Sunday, December 9, 2012

ტიანოუდან რაჯასტანამდე


მინიშნებები, პოეტური ასიმეტრიულობა, სამურაების ესთეტიკა, ტაკასი იოსიმაცუს სიმფონიები და რაც მთავარია, იაპონელების დამოკიდებულება სილამაზის მიმართ - ეს იმ ფაქტორების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ყოველთვის აღვიძებდნენ ჩემში ამომავალი მზის ქვეყნის მონახულების სურვილს. გახდე ამ ყველაფრის ნაწილი - ეს უკვე სხვა თემაა.
ევროპელებისთვის აქაური ფილოსოფია, რომელიც ინდივიდუალიზმს გაურბის და დამოუკიდებელი პიროვნების კონცეფციას მეტნაკლებად უარყოფს, რთულად მისაღები მგონია. ამიტომ, იაპონიაში "მოგზაურობა" მოკლე ხნით გადავწყვიტე. მოგზაურობის შემდეგ ხომ ის დამღლელი რუტინული პროცესი, რომელსაც ყოველდღე გავურბივართ, უფრო მსუბუქად ასატანი ხდება. ამიტომ, ყოყმანისთვის მიზეზი არ არსებობდა და ჩემი არჩევანიც შორეულ აღმოსავლეთზე შეჩერდა.
ამომავალი მზის ქვეყნის კულტურის კვლევა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მათ ხელოვნების ნიმუშებში ბოლომდე ყველაფერი არ არის ნათქვამი. ამასთან, რთულია, გაიხსენო მეორე ქვეყანა, სადაც ესთეტიკური ნორმები ასე ძლიერად განსაზღვრავენ ადამიანების ცხოვრებისეულ ფილოსოფიას. იაპონია ხომ ის ქვეყანაა, სადაც სილამაზით მიღებული სიამოვნების აღსანიშნავად ცალკეული სიტყვები მოიგონეს - "იუკიმი" თოვლის ცქერით ტკბობას ნიშნავს, "ჰანამი" - ყვავილების და ა.შ.

ყველაფერი "ტიანოუს", ანუ ჩაის ცერემონიალით დაიწყო. ამ რიტუალის დროს ბევრი კომპონენტია გასათვალისწინებელი. ბინდი, აბსოლუტური სიჩუმე, მედიტაცია, ჯდომის პოზა, სახის გამომეტყველება - ყველაფერი წინასწარ, სკრუპულოზური სიზუსტით უნდა იყოს გათვლილი. იაპონიაში ჩაის სმის რიტუალისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს სამოსიც, თუმცა ამაზე ფიქრი საჭირო აღარაა. გარეგნულ ესთეტიკაზე ზრუნვა მოდის სამყაროში ჯერ კიდევ რამდენიმე სეზონის წინ დაიწყეს, გაზაფხულზე კი, როდესაც დიზაინერებმა შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს, ცხადი გახდა, რომ მსოფლიოს იაპონიის ნახვის და შეგრძნების დაუძლეველმა სურვილმა გადაურა.

აღმოსავლური ორნამენტები სამოსზე გასული წლის საგაზაფხულო კოლექციებშიც ვნახეთ, მაგრამ მაშინ ამ ყველაფერს თითქოს უფრო დეკორატიული დატვირთვა ჰქონდა. ამჯერად შორეული აღმოსავლეთის მოტივები ევროპულ დრეს-კოდს უფრო ორგანულად შეერწყა. პირველ რიგში, იაპონური სამოსის ეროვნული ელემენტების, მაგალითად, კიმონოს თემა, დიზაინერებმა ნაკლებად ეგზოტიკური დატვირთვით შემოგვთავაზეს. ჰაიდერ აკერმანს ეს საუკეთესოდ გამოუვიდა. თუმცა იაპონურ განწყობას სამოსში ამ სეზონზე უფრო სხვა დეტალი შექმნის - განიერი ქამარი, რომელიც ზოგიერთ კოლექციაში პირდაპირ იქაური ობის მიბაძვაა, ხანაც კი, კიმონოს ეს დეტალი, უბრალოდ, ინსპირაციის წყაროა და მის ვარიაციებს ვაწყდებით. განიერმა ქამრებმა სწორი განწყობა შექმნა, ეს კი Zac Posen-ის, Fendi-ის, Yves Saint Laurant-ის, Maison Martin Margiela-ს, Anthony Vaccarello-ს, Haider Ackermann-ის, Sportmax-ის, Jason Wu-ს, Cacharel-ის დიდი დამსახურებაა.


ზოგადად, ამ სეზონზე შაოლინის ესთეტიკა და იაპონური ელემენტები ერთმანეთთან ისეთ ჰარმონიულ სინთეზშია, რომ შეიძლება გზაც აგებნეთ, თუ იმავე მარშრუტს აირჩევთ, რაც მე ავირჩიე - იაპონიამდე შეიძლება ვერც მიაღწიოთ და სადმე ჩინეთში, ხენანის პროვინციაში ამოჰყოთ თავი. ის, რომ ჩინური აქცენტები ყოველ წელს აქტუალურია, უკვე თითქმის ტრადიციად იქცა და ამაში არც არის რაიმე გასაკვირი. მდიდრული, luxe კლასის სამოსის ჩინური ბაზარი ძალიან დიდია და დასავლელი დიზაინერებიც ამისთვის ანგარიშის გაწევას ცდილობენ. ასევე გასათვალისწინებელია ჩვენს ეპოქაში ჩინური კულტურის ექსპანსიაც, რაც მოდის სამყაროში სწორედ დრაკონების და ვეფხვების სამოსზე გამოსახვაში გამოიხატება. აქტუალურია შავის შეხამება ოქროსფერ და წითელ ტონალობებთანაც. ტენდენცია, თავისთავად, ურიგო არაა - მაოს სტილის ჟაკეტების ტარება საკმაოდ საინტერესო იქნება ევროპული სტილის სამოსთან, ჩინურ პრინტს კი გარდერობში შესამჩნევი მრავალფეროვნების შეტანა შეუძლია. Barbara Bui, Zac Posen, Proenza Schouler ის სახელებია, რომლებმაც ამ დეტალების შექმნაზე იზრუნეს.




ამ ექსკურსიის შემდეგ, საბოლოოდ, შორეულ აზიაში მოგზაურობა გადავიფიქრე. დასავლეთში ის უკვე ისეთი დოზითაა წარმოდგენილი, ყოველ შემთხვევაში, ამ სეზონზე მაინც, რომ იქაური ქვეყნების მონახულების აუცილებლობა, მგონი არ არსებობს. ესეც არ იყოს, რამდენიმე თვის წინ კარლ ლაგერფელდმა საინტერესოდ შენიშნა: "გაცილებით დიდი შთაგონება მოაქვს იმას, რომ რაიმე ადგილი არ მოინახულო". ეს მაშინ თქვა, როდესაც საზოგადოებას Chanel-ის წინა საშემოდგომო (pre-fall) კოლექცია წარუდგინა. "პარიზი-ბომბეი" "პარიზი-მოსკოვის", "პარიზი-შანხაისა" და "პარიზი-ბიზანტიის" კოლექციების ლოგიკური და საკმაოდ საინტერესო გაგრძელება აღმოჩნდა. ლაგერფელდი ინდოეთში არასოდეს ყოფილა, მაგრამ Metiers d`Arts ჩვენება მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოადგენდა ინდურ ტრადიციებს. მინიშნება სარიზე, ტუნიკები და შერვანის მსგავსი მოსაცმელები, ჩალმები, მოოქროვილი მაქმანები, ფერადი თვლებით მორთული და ვერცხლისფრად მოსირმული ქსოვილი და მასიური სამკაული - ამ ყველაფერს რაჯასტანის მხარეში გადავყავდით, ისე, რომ ფრანგული ელეგანტურობის შეგრძნებაც არ გვშორდებოდა.

საინტერესოა, რომ ინდოეთი მხოლოდ ლაგერფელდისთვის არ იქცა შთაგონების წყაროდ. ლეჰენგას მოტივები Prada-ს კოლექციაში, ინდური ორნამენტები Dior-თან და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელზე იმაზე მიანიშნებს, რომ უკვე სამხრეთი აზიაც ტრენდია, უფრო თბილი და მდიდრული, უბრალოდ ჯერჯერობით ნაკლებად კლიშეს სტატუსით, ვიდრე ჩინურ-იაპონური ტენდენცია. ასე რომ, მოგზაურობის გაგრძელება თამამად შეიძლება, ქვემოთ, სამხრეთისკენ...

5 comments:

  1. აი ეგ ლაბადაა თუ რაცაა - ძაან მაგარია.

    ახლა მე გკითხავ კავაბატა თუ გიყვარს-თქო და შენ მეტყვი არაო და მანდ დამთავრდება იაპონიაც. :)

    ReplyDelete
  2. ძალიან მომეწონა ფერები და სილუეტები, ამ დადებული ტანსაცმლიდან რამდენიმეს ტარებაზე უარს არ ვიტყოდი. ყოველთვის მიზიდავდა აღმოსავლეთი.

    ReplyDelete
    Replies
    1. აქ დადებული – უნდა მეთქვა :)

      Delete
  3. გილოცავ ახალ წელს

    ReplyDelete