Thursday, June 10, 2010

Massive Attack, იარლიყის გარეშე






ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რა განაპირობებს ჩვენს გემოვნებას - აღზრდა, რეკლამები, სურვილი - იყო გამორჩეული თუ პირიქით, არ ჩამორჩე მასობრივ კულტურას?
რომელი ფაქტორიც არ უნდა იყოს გადამწყვეტი, ადამიანების უმეტესობა გარკვეულ ასაკში რაღაც სტილს პოულობს და ცდილობს, მისი ერთგული იყოს, რაც გარკვეულწილად ხელს უწყობს პიროვნების ჩარჩოში მოქცევას. თუ უსმენ ჯაზს, ნაკლებ სავარაუდოა დაინტერესდე ისეთი მუსიკით, რომელიც მის ელემენტებს არ შეიცავს, მაგალითად, რეპით. იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მრავალფეროვნებას არ გაურბიან და სტილის დაკარგვის შიშით სიახლეს არ უარყოფენ, საკმაოდ მცირეა. ასეა ხელოვნების სფეროშიც. წარმოიდგინეთ ვერსაჩეს სახლი, რომელიც ერთ დღეს თავის დახვეწილ ელიტურ სტილს Dsquared2-ის ხულიგნურ-ექსტრავაგანტური დეტალებით გაამდიდრებს. ასეთი რამ იშვიათად ხდება, თუმცა პრეცედენტები მაინც არსებობს. დღეს სწორედ ასეთ გაბედულ ადამიანებზე და მათ მემკვიდრეობაზე მინდა მოგიყვეთ.
მათ მსოფლიო ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან უსმენს. ეს კოლექტივი The Wild Bunch-ის ნანგრევებზე შეიქმნა, რომელსაც მთლად მუსიკალურ ჯგუფს ვერ ვუწოდებთ, არამედ შემოქმედებით "ტუსოვკა"-ს, რომლის იდეაც აერთიანებდა მუსიკოსებს, დიჯეებს, პროდიუსერებს. იდეა კი ასეთი იყო - შეექმნათ მუსიკა, რომელიც არ იქნებოდა ერთ ჩარჩოსა თუ ჟანრში მოქცეული. ექსპერიმენტებს ბრისტოლის მივარდნილ უბნებში ატარებდნენ, სინთეზს უკეთებდნენ ყველანაირ მუსიკალურ სტილს თუ ინსტრუმენტს. გარკვეული ხნის შემდეგ ეს უცნაური კოლექტივი დაიშალა, მისმა სამმა წევრმა კი გადაწყვიტა, ამ ნახევრად ქაოტური კრებისთვის ახალი სახე მიეცა და ახალი წვეულება, სახელად Massive Attack-იც დაიწყო.

დროთა განმავლობაში იგი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჯგუფად ჩამოყალიბდა. მასივის მუსიკა ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და ავთენტური იყო, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მიმდინარეობების - როკის, ჰიპ-ჰოპის, ჯაზის, რეგგის და სოულის სინთეზს წარმოადგენდა. 90-იანებში მათი სტილის განმსაზღვრელი ახალი ტერმინი გაჩნდა - ტრიპ-ჰოპი. "ჩვენ ძალიან გვძულდა ეს ტერმინი, რადგან Massive Attack-ის მუსიკა იყო უნიკალური და მისი ასე ყუთში მოთავსება კლასიფიცირების, იარლიყის მიკერების ტოლფასი იყო, თითქოს გვეუბნებოდნენ - ვიცით, საიდანაც მოდიხართო," - ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გრანტ მარშალი, იგივე Daddy G. უნიკალურობა მათ ვერავინ წაართვა. შეიძლება რამდენიმე ათეული ჯგუფის გახსენება, მასივის მიბაძვას რომ ცდილობდნენ და მსგავსიც ვერაფერი შექმნეს. მათი ხუთი სტუდიური ალბომი და სინგლები იმდენად სახასიათოა, რომ არაფერში აგერევა, მაგალითად Unfinished Sympathy, Angel და ა.შ.
Heligoland, მათი ახალი ალბომი, Pitchfork Media-მ სულ რაღაც 5 ბალით შეაფასა, მაშინ როცა "ტელეგრაფი"-სა და "ბი-ბი-სი"-ს მუსიკალურმა კრიტიკოსებმა ქების სიტყვები არ დაიშურეს. პრესაში მას ხან ჯგუფის მუსიკალურ ანდერძს უწოდებენ, ხან ტრიპ-ჰოპის დასასრულს, ხანაც აღტაცებით აღნიშნავენ, რომ ეს "რაღაც ახალია" და არაორდინარული. ასეთი "უცნაური" რეცენზიების წაკითხვის შემდეგ ისღა დაგრჩენია, ალბომს მოუსმინო და დასკვნებიც თავად გამოიტანო.
Heligoland-ზე მუშაობა რობერტ დელ ნაჯამ (იგივე 3D) 2005 წელს დაიწყო. როცა ჯგუფს დაუბრუნდა, Daddy G-მ ხუმრობით განაცხადა, რომ მასივის შავ წარსულსაც უკან აბრუნებდა. წინა ალბომი - 100th Window, რომელზეც 3D-ს თითქმის მარტო მოუწია მუშაობა, თავისი წინამორბედებისგან ცოტათი განსხვავებული გამოვიდა - ჰიპ-ჰოპის და რეგგის ფესვებს მოწყვეტილი, თუმცა, ჩემი აზრით, თუნდაც ამის გამო ძალიან საინტერესო. Heligoland-ის გამოსვლას ბევრი ხმაურიანი ეპიზოდი უძღოდა წინ - Paradise Circus-ზე გადაღებული კლიპი, სადაც ასაკოვანი პორნო-ვარსკვლავი ათამაშეს, ასევე ლონდონის მეტროში ალბომის რეკლამირების აკრძალვა (არგუმენტად მთავრობამ ის მოიყვანა, რომ ალბომის გარეკანი, რომლის ავტორიც თავად რობერტია, ძალიან ჰგავდა ქუჩის გრაფიტის). საბოლოოდ, Heligoland ამ წლის 8 თებერვალს გამოვიდა და ისეთი სულაც არ აღმოჩნდა, როგორსაც მთელი მსოფლიო ელოდა.
დისკის ჩაწერაში არაჩვეულებრივმა კოლექტივმა მიიღო მონაწილეობა. ძველების (დელ ნაჯას, მარშალის და ჰორეის ენდის) გარდა ვოკალისტებად გვევლინებიან ტუნდე ადებიმპე, დეიმონ ალბარნი, გაი გარვი, ჰოუპ სანდოვალი, მარტინა ტოპლი-ბერდი. პირველმა კომპოზიციამ Pray For Rain ტუნდე ადებიმპეს ჰიპნოზურ-შამანური ვოკალით მთლიან ალბომს ფსიქოდელიური და მელანქოლიური განწყობა შეუქმნა. შავი წარსულის რა მოგახსენოთ, მაგრამ მარშალმა ვერ შეძლო ჰიპ-ჰოპის დაბრუნება - მის და 3D-ს შესრულებას უფრო ნამღერი ჰქვია, ვიდრე გარეპვა. სამაგიეროდ ალბომი უფრო მეტად გამდიდრდა როკისა და ბლუზის ელემენტებით. ამასთან, ეს ერთ-ერთი ყველაზე მელოდიური და რომანტიკული ალბომია, რომელიც ელექტრონულ ჯგუფს შეუქმნია. აქ არ არის ის ორთოდოქსალური, მასივის სავიზიტო ტრიპ-ჰოპი, მაგრამ არის თვითონ Massive Attack, თავისი ნაცნობი დრამატიზმით სიმღერაში Girl I Love You, ასევე ძალიან ლამაზი Paradise Circus ჰოუპ სანდოვალის ვოკალით, რომელმაც ალბომში მასივის პირქუში სენსუალიზმი დააბრუნა. კომპოზიციებში ასევე გვხვდება ემბიენტი, ტრანსი, ფსიქოდელია, თქვენ წარმოიდგინეთ, პოპ-როკის ელემენტებიც, ბლუზი - ჩემს ფავორიტ სიმღერაში Rush Minute (ეს ალბომის ყველაზე ინტიმური სიმღერაა, რომელშიც 3D შუა ასაკის ცხოვრების ჰედონისტურ ხიბლს უმღერის) და ბოლოს, ჰალუცინოგენური Atlas Air.
რა შეიძლება ვთქვა Heligoland-ზე? ის, რომ Massive Attack-ის შემოქმედებას ისევ ვერ მოაქცევ ერთი სტილის ფარგლებში და რომ მისი წევრები კვლავაც არ უშინდებიან ახალი მუსიკის კეთებას. შეუძლიათ რაც უნდათ ის დაამატონ თავიანთ შემოქმედებაში, რადგან ეს მას მხოლოდ გაამდიდრებს, ხასიათი კი იგივე დარჩება. სტილს კი, ალბათ, არც ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი ერთგულება შაბლონს და ჩარჩოში ყოფნას გულისხმობს. როგორც ერთმა სლავმა კრიტიკოსმა შენიშნა, დროს ტექნოლოგიები კი არა, მუსიკალურობა უძლებს. იგივე შეიძლება ვთქვათ Massive Attack-თან მიმართებაშიც - მთავარი სემპლები და ინსტრუმენტები კი არა, თვითმყოფადი ხასიათია, რომელსაც ამ ჯგუფს ვერავინ წაართმევს. ვფიქრობ, ამ დისკს მრავალი წლის განმავლობაში ისევე მოუსმენენ თაობები, როგორც მათ წინა ალბომებს უსმენდნენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თავიანთ თავს ერთი რომელიმე ჟანრის მსმენელის ჩარჩოებში არ მოაქცევენ.
24 საათი/“Weekend“

7 comments:

  1. შესანიშნავი რეცენზიაა. მეტს არაფერს ვიტყვი. :)

    ReplyDelete
  2. მაგარია ;))ამ ალბომზე მართლაც რომ გავჭედე. ყველა ტრეკი ბრწყინვალეა;))

    ReplyDelete
  3. ლაშა,
    მუსიკალური კრიტიკოსი რომ მაგას მეუბნები, მეტი რა უნდა მითხრა :)))

    როდე,
    ყველა ტრეკი? აბა გულზე ხელი დაიდე და ისე დაპოსტე :დ

    ReplyDelete
  4. მაშინ ყველაზე მეტად რეებიც მომეწონა იმას გეტყვი:
    1. Splitting The Atom feat. Horace Andy
    2. Psyche feat. Martina Topley-Bird
    3. Paradise Circus feat. Hope Sandoval
    4. Atlas Air

    ;))

    ReplyDelete
  5. მარტინას შესრულებით babel უფრო მომეწონა

    paradise circus კიდევ ყველაზე მაგარი alarm tone არის, მაღვიძარაზე მაქვს დაყენებული, ოღონდ ლოგინიდან წამოხტომას არ მანდომებს, სამწუხაროდ:)))

    ეხა გამახსენდა, ვიღაცას ჰკითხეს, ნარკოტიკებს თუ იღებო, იმან არა, Atlas Air-ს ვუსმენო :)))

    ReplyDelete
  6. კარგი რეცენზიაა, მე მიყვარს ეს ხალხი )))

    ReplyDelete
  7. axla vusmen axal alboms da dzalian dzalian momcons :))

    ReplyDelete