Sunday, December 18, 2011

Versace for H&M

გაათენებდით ღამეს ტანსაცმლის მაღაზიის წინ, გრძელ რიგში იმისათვის, რომ რომელიმე დიზაინერის კოლექციიდან ერთი ნივთი შეგეძინათ? ნამდვილ fashionista-ს ამ კითხვაზე ალბათ ნაკლებად გაახსენდება ის, რომ ღამით გარეთ უკვე გვარიანად ცივა. პასუხი ნამდვილად დადებითი ექნება, მხოლოდ ჯერ კითხვაზე კითხვით გვიპასუხებს - რომელი დიზაინერის კოლექციიდან?
ასეთ შემთხვევაში ყველა ჩვენგანს ალბათ სხვადასხვა დიზაინერი გაახსენდება. ვიღაცას დაიან ფონ ფურსტენბერგი მოსწონს, სხვას - ლანვანისა და ჟივანშის დახვეწილი სტილი, პირადად მე ამ სეზონზე DKNY-ის კოლექციაზეც არ ვიტყოდი უარს - მოთმინებით გავატარებდი ზამთრის გრძელ ღამეს ყინვაში, მაღაზიის ვიტრინაზე ცხვირმიჭყლეტილი. არა, აბა რა სისულელეებს ვწერ. ამისთვის უფრო უმტკივნეული და ნაკლებად ყინვიანი გამოსავალი არსებობს - ინტერნეტ-მაღაზიები და ერთგული მასტერქარდი. თუმცა, როდესაც საქმე ისეთ კოლაბორაციას ეხება, როგორიც დონატელა ვერსაჩესა და შვედურ გიგანტის, H&M-ის მაღაზიათა ქსელის თანამშრომლობაა, ათასობით ადამიანი კარგავს საღად აზროვნების უნარს და სიცივეში, კილომეტრიან რიგში დგება, რომ ცნობილი დიზაინერის სამოსი H&M-ის დემოკრატიულ ფასებში შეიძინოს.
არც ისე დიდი ხანია, რაც Versace for H&M-ის ლიმიტირებული კოლექცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვაში გამოვიდა. ნოემბრის შუა რიცხვებიდან ვერსაჩეს ხელმოკლე (და არა მხოლოდ ხელმოკლე) თაყვანისმცემლებს ნამდვილი ისტერია დაეწყოთ. ეს ამბავი დაახლოებით იმას ჰგავს, რაც გასულ წელს ლანვანთან თანამშრომლობას მოჰყვა - ყველა ბეჭდურ თუ ინტერნეტის გამოცემაში, ბლოგებზე, ფორუმებზე ეს კოლექცია განიხილება. ოქტომბრის ბოლოს ორიოდე სიტყვა ამასთან დაკავშირებით მეც დავწერე, როდესაც მოდურ კოლაბორაციებზე ვსაუბრობდი. მაშინ ჯერ კიდევ სარეკლამო კამპანიით იყო შესაძლებელი ახალ კოლექციაზე მსჯელობა. ები ლი ქერშოუს ჩაცმულობის მიხედვით, ასევე იმ ფილმის, რომელშიც ანა დელო რუსომ მიიღო მონაწილეობა, ამ თანამშრომლობაზე მხოლოდ სასიამოვნო ემოციები მიჩნდებოდა.
ახლა, როდესაც კოლექციის თითოეული ნივთი თავისუფლად შეიძლება ვნახოთ კომპანიის და კიდევ ათასობით სხვა ვებ-გვერდზე, პირველი აზრი, რომელიც შეიძლება ზოგიერთ ჩვენგანს გაუჩნდეს, ისაა, რომ არა მხოლოდ ღამის სიცივეში, გრძელ რიგში დგომა თბილ მზიან დღესაც კი არ ღირს. ეს მაშინ, თუ რაციონალური აზროვნების ძალა შეგრჩა. არადა, ეს ხომ თითქმის შეუძლებელია, როდესაც ვერსაჩეს სახელი გესმის. ალბათ სწორედ ამით იყო განპირობებული თვალუწვდენელი რიგები H&M-ის მაღაზიებთან. როგორც The Guardian წერდა, ლონდონში რიგის სიგრძე ბითლომანიის ასოციაციებს იწვევდა. პოპ-კულტურის ფენომენის მნიშვნელობა სწორედ რიგის სიგრძით უნდა განსაზღვროო, ამბობდა ავტორი. როდესაც პირველ მყიდველებს თავად დონატელა ვერსაჩე იღებს, ამ ფენომენმა გაურკვეველი სახეც შეიძლება მიიღოს - ვერ გადაწყვიტო, რომელი უფრო გინდა, ცნობილ დიზაინერთან ფოტოს გადაღება თუ მოდური სამოსის შეძენა.

ასეა თუ ისე, უამრავი ხალხი მაღაზიებში სწორედ სამოსისა და აქსესუარების შესაძენად მივიდა. მყიდველებს ნაწილ-ნაწილ უშვებდნენ, ამასთან, მხოლოდ ათი ან თხუთმეტი წუთით. თითოეულ მათგანს მხოლოდ ერთი ნივთის შეძენის საშუალება ჰქონდა. ამით კომპანია შეეცადა, რომ გადამყიდველების რიცხვი მინიმუმამდე შეემცირებინა. მიუხედავად ამ ფაქტისა, მოგება, რა თქმა უნდა, მაინც უზარმაზარი იქნება, რადგან მოდით ნაკლებად გატაცებული ადამიანებისთვისაც კი, ამ კოლექციიდან ნივთის შეძენა, მითუმეტეს ასეთი თანხის სანაცვლოდ, ძალიან სასურველია. თავად განსაჯეთ, ვერსაჩეს დიზაინის საყურე ან ბეჭედი სასაცილო თანხაში, სულ რაღაც ოციოდე ამერიკულ დოლარად შეიძლება, ლეგინსების - ოცდაათად...
სხვა საქმეა, ღირს თუ არა ამ ლეგინსში ოცდაათი დოლარის გადახდა. თუ კოლაჟის სტილში ვცდილობთ ჩაცმას, ღირს, სამაგიეროდ, რთულია მოიფიქრო, რასთან შეიძლება ლეოპარდის პრინტიანი ქვედაკაბის ტარება, რომელზეც მზის ჩასვლის ვარდისფერი პეიზაჟი და პალმებია დახატული. იგივე შეიძლება ითქვას კაცისთვის განკუთვნილ ჭრელ პალმებიან მაისურზე. გრძელი წითელი კაბა, ალბათ, კარნავალისთვის თუ გამოდგება, შავი ტყავის პალტო კი მხოლოდ ფეტიშის სტილის განწყობის შესაქმნელად, აქაც სიფრთხილეა საჭირო, რომ მოდურ ტენდენციასა და ვულგარულობას შორის არსებული ზღვარი სწორად დაიცვა. თუმცა, კოლექციაში საინტერესო ნივთებიც გვხვდება, მაგალითად, შავი ტოპი, კაცის ტყავის ფეხსაცმელი, შავი და ყვითელი მოკლე კაბები, რომლებიც კარგი არჩევანი იქნებოდა კლუბისთვის და კოქტეილისთვისაც კი, სამკაულები... სტილის კარგი გაკვეთილები შეიძლება ავიღოთ წვეულებაზე ამ კოლექციის სამოსში გამოწყობილი ბლეიქ ლაივლისგან, უმა თურმანისგან... თუმცა ყველაზე კარგად ასეთ ჭრელ სამოსს, ალბათ, ნიკი მინაჟის სტილის ადამიანები თუ მოირგებენ.
      
  
მაშინ, როდესაც ვერსაჩეს კოლექციასთან დაკავშირებით ატეხილი ხმაური ჯერაც არ ჩაწყნარებულა, H&M ახალი კავშირების თაობაზე იწყებს საუბარს. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მისი მომავალი მოდური კოლაბორაცია იტალიურ ბრენდ Marni-სთან შედგება. ახალი კოლექცია მაღაზიებში უკვე მომავალ გაზაფხულზე, რვა მარტიდან მოხვდება. "მინდოდა შემექმნა ნამდვილი Marni-ის გარდერობი, ამიტომ მივმართე ჩვენს საყვარელ ნივთებს, საფირმო პრინტებსა და ქსოვილებს. როგორც ყოველთვის, მე ახლაც მომწონს განსხვავებული პრინტისა და ფერის შეხამება, tribal სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციისა და Bauhaus-ის განთქმული გრაფიკის სპორტულ ელემენტებთან კომბინირება", - ამბობს მარნის კრეატიული დირექტორი, კონსუელო კასტილიონი და ახალ კოლექციაზე მუშაობას ამაღელვებელ გამოწვევად მიიჩნევს. თუ უკვე გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალით ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში ნაკლებად გვაქვს საქმე ფსევდო გლამურთან, რომელიც ასე თვალშისაცემი იყო ვერსაჩეს კოლექციაში. სტილი უფრო ახალგაზრდულია, მეტად casual, თუმცა მარნისთვის დამახასიათებელი სენსუალიზმი და უბრალოებაც კარგად იგრძნობა. იმედია, მომავალი კოლექციის დასრულებული სახეც ასეთივე შთაბეჭდილებას დატოვებს.

ისე კი, როდესაც უყურებ, როგორ კვდება მაღალი მოდა, ხოლო სწრაფი მოდის ინდუსტრია ეკოლოგიურ და ბუნებრივ რესურსებს დაუნანებლად ხარჯავს მასობრივი პროდუქტის წარმოებაზე, ეს უკვე სერიოზული დემოტივატორია, რომ არც ისე ხარისხიანი სამოსის შეძენის მოლოდინში მაღაზიის კართან ღამე არ გაათენო...

15 comments:

  1. versace - ს არა მაგრამ, აი მარნის კოლექციისთვის მართლა გავათენებდი

    მითუმეტეს ვერსაჩეს ეს კოლექცია კლოუნიადას უფრო მაგონებს

    გარდა ზედა პირველ მარჯვენა სურათზე გამოსახული შავი სტადებიანი სამოსისა

    ReplyDelete
  2. ეს პალმები და ანიმალ პრინტები ერთად ამაზრზენია, ან რა ფერებია ომგ :(
    მარნი მართლა საინტერესო ჩანს, მაგრამ სანამ მთლიან კოლექციას არ ვნახავ აღარაფერს დავწერ :|

    ReplyDelete
  3. ჩემი მეგობარი როგორც იტყოდა, ვერსაჩემ ალბათ თავისი კოლექციიდან გადასაყრელი ნაჭრებით გაუკეთა კოლექცია ჰ&მ–ს. ფერები მართლა საშინელებაა.
    ნოემბერში საერთოდ, საერთოდ არ გამივლია მაღაზიებში და მიხარია, თორემ რამე შემომეყიდებოდა ვერსაჩესი. ჰმ! ;)

    ReplyDelete
  4. მე არ ვარ ნამდვილი fashionista :))
    ვერსაჩე ეხუმრა H&M-ის მომხმარებელს? ასეთ პრინტებიან სამოსში არცერთ თეთრს არ გადავიხდიდი...

    ReplyDelete
  5. vercertis vitrinastan ver gavatenebdi games,,verc sitboshi da verc siciveshi :))

    ReplyDelete
  6. სოფი, რაღაც basic-ის ყიდვა მაინც შეიძლება ალბათ ) ფერები ხო და ეს კომბინაციები უარესი საშინელებაა :(

    ქეთი, მე გადავიხდიდი, რომ ასეთი სამოსი არ მცმოდა ))) დონატელას იუმორის გრძნობაზე აქამდე არ მიფიქრია, საინტერესო მოსაზრებაა ))))

    ნინანინა :) ჰო ეს რაღაც მანიას ჰგავს )) მე შეიძლება ჩემი ოცნების კაბისთვის გამეთენებინა, რომ მქონდეს ასეთი, არ ვიცი :)

    ReplyDelete
  7. ძაან კაი ფერებია ზუსტადაც.
    აი მაგ კაბაში ეგრევე ყურადღებას იქცევ :)
    თან ყველა რომ შავებშია და უცებ გაიჩითები და გაანათებ...

    H&M ოფიციალური ბლოგერი გახდი?

    ReplyDelete
  8. ნებისმიერ ფასად ყურადღების მიქცევა რა უბედურებაა? :დ
    ძალიან მომინდა ეს პალმებიანი მაისური გაჩუქო :დდ

    არა, უბრალოდ წლის ყველაზე ხმაურიან კოლაბორაციაზე დავწერე :)

    ReplyDelete
  9. http://www.ellecanada.com/img/photos/biz/resized_images/elleca/00328/608x304_photo328706.jpg ai tqven.. da tu wels mxolod versachesgan gagakvirvat ferebis kokteilma, e i satanadod ar gaafartovet tqveni tvalsawieri. saocaria , rom jer tviton yvedobt, mere tviton aginebt.. arada verc icvamt.. imitom rom tqveni tvinebi miechvia rom modashi mxolod tavsruli sharvlebia,laqis "sakvaleli" 200 larnadglezi,tqvenive mezoblis xelit shekowiwebul-mortuli "baletkebit".. da am baletkebshic minimum gochebivit gamoiyurebit, radgan maincadamainc ar gagimartlat sxeulis agebulebashi da balerinashi namdvilad aravis aerevit.

    ReplyDelete
  10. wtf? რა მეზობლის ხელით შეკოწიწებული, რის ბალეტკები? :)))))))))))))
    მე არ ვწერ ყველაფერზე, რაც მიკვირს, თუმცა თვალსაწიერზე ვერ დაგეთანხმებით, ყველა კოლექციას ვნახულობ :)
    და საერთოდ ასეთი სულელური კომენტარების დატოვება, როცა არ იცი ვისი ტვინი რას მიეჩვია და ბალეტკებში ვინ როგორ გამოიყურება... Пить надо меньше

    ReplyDelete
  11. ვერსაჩე ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთი არა. :(



    ხოდა "ლანვინი" არის სწორი :D

    ReplyDelete
  12. ხო გასულ წელს ლანვინზე ვწერდი )) უბრალოდ ფრანგულად ლანვანია და... მე ვფიქრობ, ასეც შეიძლება დაიწეროს)

    ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შენ ვერსაჩე მოგწონს. უფრო ბალენსიაგა ხარ, ვიდრე ვერსაჩე )))

    ReplyDelete
  13. ხოო???

    ნუ მე ვერსაჩეზე ვგიჟდებიმეთქი არა, მაგრამ მაინც მომწონს.

    მაგრამ აი გაგიჟებით მაინც გუჩი ვარ <3<3<3 ბალენსიაგაც მომწონს.

    მე "ლანვინ"-ად ვცნობ. ანუ ყურია ეგრე მიჩვეული.

    ReplyDelete
  14. awi ukve ramdenime dgeshi marni for HM

    ReplyDelete
  15. ხო 8 მარტიდან, საკმაოდ ნორმალური კოლექციაა)

    ReplyDelete