როდესაც Oakazine-ს (საერთაშორისო ხელოვნებისა და მოდის ჟურნალი) ჟურნალისტი ეკითხება, თუ რატომ დაიწყო მოდის სფეროში მოღვაწეობა, ის პასუხობს: "არ მგონია რაიმე კონკრეტული მიზეზი მქონოდა ამისთვის. მოდითა და შემოქმედებით სავსე ბავშვობიდან ვიყავი. ყოველთვის ვთამაშობდი, ვჭრიდი, ვქმნიდი კოლაჟებს, ვაწყობდი თეატრალურ სცენებს. ამ ყველაფერმა მიმიყვანა იმ დანიშნულებამდე, სადაც ახლა ვიმყოფები და იმედი მაქვს, რომ ის უფრო შორსაც წამიყვანს."
ამჟამინდელი კონდიცია - enfant terrible-ია, ალბათ იმიტომ, რომ მოდის სფეროში არსებულ კანონებს ნაკლებად ემორჩილება, მხოლოდ თავის ფანტაზიას უჯერებს და ალბათ სწორედ ამიტომ არის მისი სტილი ასეთი ავთენტური, სხვა დიზაინერებისგან განსხვავებული. ამჟამად, როგორც ბლოგებზე წერენ, გიორგი ბეჟანიშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა თავიდან ყველაფერი ავსტრიის დედაქალაქში დაიწყო.
მომავალმა დიზაინერმა საქართველო თვრამეტი წლის ასაკში დატოვა. დღეს ის ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია. თვლის, რომ მის ცხოვრებაში ეს სარისკო ნაბიჯი იყო, რომელმაც საბოლოოდ ძალიან გაამართლა. ბეჟანიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მის ნამუშევრებში ქართული ფაქტორი არსებობს. "საქართველო ჩემს სისხლშია, სადაც არ უნდა წავიდე".
ვენაში რომ ჩავიდა, გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის მოდის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. აქ ისეთ ავტორიტეტებთან მოუწია ურთიერთობა, როგორებიც ვერონიკ ბრანკინიო და ბერნარდ ვილჰელმი არიან. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბეჟანიშვილი ვერონიკ ბრანკინიოსთან სწავლას თავისი ცხოვრების დიდ გამოცდილებას უწოდებს. მან მართლაც დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდა ხელოვანის ცხოვრებაში, როდესაც იმ შვიდკაციან ჯგუფში შეიყვანა, რომელიც მოდის განყოფილებაში ისწავლიდა.
დიდი შემოქმედებითი ნიჭის წყალობით გიორგიმ მალე მიიქცია ყურადღება. პირველი მინი კოლექცია, "გრძელთმიანი ბავშვი" 2008 წელს წარმოადგინა, რომლისთვისაც შვეიცარიული პრიზი მიიღო. მეორე, Jheronymus უკვე ლონდონში აჩვენა, მესამე კი, "აღსარებამდე ერთი დღით ადრე" ბერლინის მოდის კვირეულზე წარადგინა 2010-ში. 2009 წელს ბეჟანიშვილი მოდის საერთაშორისო კონკურსში Forndazione Claudio Buziol-ის პირველი პრიზიორი გახდა. მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად ალბათ შეიძლება სადიპლომო ნამუშევარი ჩაითვალოს - სახელწოდებით ODA, რომლის ჩვენების შემდეგაც ავსტრიის კულტურისა და განათლების სამინისტრომ ჯილდო გადასცა, როგორც წლის ხელოვანს მოდის სფეროში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის.
გიორგი ბეჟანიშვილი ძირითადად კაცის სამოსისა და აქსესუარების შექმნაზე მუშაობს. მის სტილს ადვილად იცნობთ - უჩვეულოდ რაფინირებული და ელეგანტური და მაინც ძალიან ბოჰემური, აღმოსავლური ეგზოტიკით სუნთქავს. თავისუფალი სტილის შარვლები და ტუნიკები გარკვეული ანტიკური ესთეტიკის ასოციაციებს აღძრავს. მის საერთო სტილზე საუბარი მაინც ძნელია, რადგან თითოეული კოლექციისთვის გიორგი ყოველთვის რაღაც განსხვავებულს ქმნის. დიზაინერი შთაგონებას ბევრ რაღაცაში ეძებს - ჰიერონიმუს ბოსხის ტრიპტიქებში, ტარკოვსკის პოლაროიდებში, დეშ სნოუს, დევენდრა ბანჰარტის, ვინსენტ გალოს, მარსელ პრუსტისა თუ გოეთეს შემოქმედებაში...
ODA-ში კავკასიური და სპარსული მოტივები იგრძნობა. ფერადი გრძელი ჟაკეტები თუ პალტოები, თავისუფალი ტუნიკები, განიერი შარვლები, სპარსული ხალიჩის ორნამენტები, ლითონის მასიური ქამრები, სამკაულები... გიორგი ბეჟანიშვილმა კოლექციაში ტრადიციული მოტივები გააცოცხლა და ძალიან საინტერესო, ინდივიდუალური, მამაკაცური სტილის სამოსი შექმნა.
ფრანცისკა ფიურპასსთან კოლაბორაციამ ახალ ბრენდს, Femme Maison - ს დაუდო სათავე, რომლის შთაგონების წყაროდ ფრანგი არტისტი ლუიზ ბურჟუა იქცა. ბეჟანიშვილის თქმით, დიზაინერები შეეცადნენ, ლუიზის ხელოვნება ტანსაცმელში გადმოეტანათ, ის ასეთივე სენსუალური და ინტიმური გაეხადათ. "ლუიზისგან ვისწავლეთ ის, რომ სხეული სანთელივითაა. "ჩვენ სხეულზე გავლენას ჩვენი ცხოვრება ახდენს. ჩვენ ვართ ჯამი ყველა ჩვენი გამოცდილების. სხეული ისეთივე დამყოლია, როგორც სანთელი." ამ წინადადებამ ჩვენს კოლექციაზე გავლენა მოახდინა. სამოსი ისე შევქმენით, როგორც სანთელი შეიძლება გამოძერწო", - ყვება გიორგი Femme Maison-ის პირველი კოლექციის შესახებ.
გიორგი ბეჟანიშვილს ფავორიტი დიზაინერებიც ჰყავს, თუმცა ისინი მხოლოდ მათი შექმნილი სამოსის კი არა, მათ მიერ შექმნილი ლეგენდების და იმ ფანტაზიების გამოც მოსწონს, რომელთა ნაწილი ხალხიც გახდა. შესაბამისად, საყვარელ დიზაინერებს შორის ბეჟანიშვილი იუბერ ჟივანშის, აზედინ ალაიას, ივ სენ ლორანს ასახელებს.
ახალგაზრდა დიზაინერის უდიდეს მიზანს და ოცნებას წარმოადგენს მოდის სახლის ჩამოყალიბება, რომელსაც მისი საკუთარი სახელი ერქმევა. ამისთვის ის ყოველდღე თავდაუზოგავად მუშაობს. ისე კი, რომელიმე ცნობილ მოდის სახლში მუშაობის შესაძლებლობა რომ მიეცეს, სიამოვნებით წავიდოდა ჟივანშისთან ან ივ სენ ლორანთან და მამაკაცის ხაზზე იმუშავებდა.
გიორგი ბეჟანიშვილზე დაწერის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებდა. ის ჩემი ფავორიტი ალბათ არა მხოლოდ ქართველ (თუ ქართული წარმოშობის) დიზაინერებს შორისაა, არამედ ზოგადად ერთ-ერთი ხელოვანია მსოფლიო მასშტაბით დიზაინის სფეროში, რომლის ნამუშევრებს ყოველთვის ინტერესით ველოდები. ეს კონცეპტუალურად არაკომერციული, ძალიან კრეატიული მოდაა, რომელშიც ასე სასიამოვნოდ იკითხება ინტელექტი, ხელოვანის ფანტაზიები, ორიგინალური მიდგომა სამოსის მიმართ. როდესაც საქართველოს მოდის ბოლო კვირეული ასე ცდილობდა გაემართლებინა თავისი ლოზუნგი - "მოდა ხელოვნებაა, ხელოვნება კი - მოდა", უნებურად მახსენდებოდა ბეჟანიშვილი და მისი შემოქმედება. არა ვერსაჩე, ან კელვინ კლაინი, არამედ სწორედ გიორგი ბეჟანიშვილი, ის ერთ-ერთი იშვიათი დიზაინერი, რომელსაც მოდაში ამ ფრაზის გამართლება, ამ იდეის მატერიალიზება შეუძლია.
ვახ, ძალიან საინტერესო იყო.
ReplyDeleteარ გამიგია ამ დიზაინერის შესახებ და წარმატებებს ვუსურვებ. :)
ააა... აი, თურმე, კალაძეს ვინ აცმევს.
ReplyDeleteზუსტად მაგის ფერებშია :)
არ ვიცოდი გიორგის შესახებ, დიდი ინტერესით ვკითხულობდი და მიხაროდა მისი წარმატების გამო :)
ReplyDeleteam saxelit da gvarit mogvaceobs? ra rtulia albat ucxoelebisatvis - bejhanishvili :)
ReplyDeletemec pirvelad mesmis
ეტყობა არ მიაჩნია საჭიროდ, თორემ მოუხერხებდა რამეს გვარს, როგორც კომა )
ReplyDeleteჰო, აქ არ იციან, არადა საკმაოდ ცნობილია უკვე დასავლეთში
აქ არის თავმოყრილი რამდენიმე კოლექცია, თუ დაგაინტერესებთ
http://thefashionisto.com/label/george-bezhanishvili-designers/
კარგია, რომ გაგვაცანი. მოდის კვირეულს თითქოს მიმოიხილავენ, მაგრამ მისი სახელი არ მსმენია. საინტერესეო სტილი აქვს. ეს ანტიკურობა მიმზიდველია რაღაც. თან მომწონს, რომ მამაკაცებისთვის ქმნის.
ReplyDeleteმე მომწონს, რომ გვარს არ უხერხებს არაფერს. არ მიყვარს, როცა ქართველი დიზაინერები გვარს იცვლიან და რაღაც გაურკვეველ ფსევდონიმებად იქცევიან ხოლმე :)
ჰო, საინტერესო სტილი აქვს. თან თავისია, ორიგინალური, არ ბაძავს ვიღაცას და ძალიან მომწონს ) ხომ წაიკითხე, ბერლინში, ვენაში გამოდის მოდის კვირეულებზე, შესაბამისად ჩვენი მოდის კვირეულების მიმოხილვაში გიორგის სახელი არ შეგხვდება :|
ReplyDeleteმთავარია, უყურადღებოდ არ არის. და აი, შენც ხომ გაგვაცანი...
ReplyDeleteმეც ეს მომეწონა, თვითონ რომ ქმნის. უცნაური განწყობა დამიტოვა მისმა ტუნიკებმა. აღმოსავლური მოტივები მიზიდავს,