Tuesday, November 8, 2011

ისეთი, როგორიც Massive Attack

ერთი ბიჭია. კინო უყვარს და asos-ის შარვლები. მგონი ფროდიჯი და ვუდი ალენიც. მოკლედ, კარგი ბიჭია. სახელით რომ ვახსენო, იფიქრებთ/იფიქრებს რომ obsessed ვარ, ამიტომ პერსონიფიცირებას გვერდს ავუვლი.

საერთოდ, გაპიროვნების მომენტი არ მიყვარს. როცა მეკითხებიან, რელიგიური ვარ თუ არა, პასუხს არ ვცემ ხოლმე, ამიტომ მეგობრების უმეტესობას ათეისტი ვგონივარ. არადა, ძალიან რელიგიური ვარ. უბრალოდ, პერსონიფიცირებული ღვთაებების არ მჯერა. იესო ქრისტე დიდი ფილოსოფოსია, იმაზე უფრო დიდი, ვიდრე სოკრატე და კიდევ უფრო მაგარი, ვიდრე შოპენჰაუერი (იმიტომ, რომ ქრისტეს ფილოსოფიის გასაგებად არ გჭირდება არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა). კოსმიური გონი კი, აბსოლუტი, „ის", სხვა რამეა, იმას არც შარავანდედი ჭირდება და არც წვერები. უბრალოდ, ადამიანებს არ შეუძლიათ სჯეროდეთ რაღაცის ვიზუალური გამოსახულების გარეშე.

ამ ბიჭს, თავში რომ ვახსენე, კარგი ბლოგი ჰქონია. ერთ, როგორც თვითონ წერს, ძალიან სასაცილო პოსტში (მე კიდევ ვფიქრობ, ძალიან ალკოჰოლურ პოსტში) უწერია: „მე არ ვაღიარებ წამიერ შეგრძნებებს. ის, რაც მხოლოდ აწმყოშია და არ აქვს სხვა დროის შეგრძნება, მკვდარია“. რა უნდა ამ ფრაზასთან გოგოს, რომელიც წამიერი შეგრძნებების მონაა? ალბათ, ის, რომ უნდა გაიხსენოს რაღაც ისეთი, რაც მისთვის ყველა დროში არსებობს, პლუსპერფექტის გარდა.

მაშინ პირველად მივხვდი, რომ შეიძლება რაღაცის თაყვანისცემა მისი ნახვის გარეშე. ეს დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ იყო - ძალიან სულელურ ფილმს ვუყურე შერონ სტოუნის და უილიამ ბოლდუინის მონაწილეობით. ფილმის საუნდტრეკი იყო გრანტ მარშალის, რობერტ დელ ნაჯას, ენდრიუ ვაულზის მუსიკა შარა ნელსონის ვოკალით. მეორედ ამ მუსიკას რადიოში მოვუსმინე ერთი წლის შემდეგ და მაშინვე ვიცანი. ყველაზე მაგარი იყო. თან, მაშინ სულაც არ ვიცოდი, რომ მარშალი ყველაზე სექსუალური შავკანიანი იყო პლანეტაზე, დელ ნაჯა კი... სექსი საერთოდ აღარაა საჭირო, როცა მის ხმას უსმენ. იმიტომ, რომ ამ მუსიკასთან ურთიერთობა უკვე კულმინაციაა, სენსუალური, სექსუალური, მენტალური, ფიზიკური კონტაქტის. 

ერთხელ ერთმა ბიჭმა მითხრა, ეს არ არის ფასეული არტი, რომელიც დროს გაუძლებსო. ასეთებისთვის დროს ალბათ მარტო ბითლზი და პროკოფიევი უძლებენ. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ბრისტოლის ყველაზე ბოჰემური, ყველაზე ხარისხიანი ჰეროინი სისხლში შეუშვი და მაშინვე არ მოგკლა, აბსტინენტურ სინდრომს ვეღარ გაექცევი. 

სადღაც ერთი თვის წინ Gotan Project-ის წევრები გავიცანი, ფილიპ კოენ სოლალი და კრისტოფ მიულერი. რედისონში ვიყავით, ძალიან მზიანი დღე იყო, ორივე გამოუძინებელი ჩანდა, თუმცა წინა დღით ჩატარებული კონცერტით ძალიან კმაყოფილები და ხალისიანები იყვნენ. უფრო სწორად, ფილიპი ხალისიანი იყო, კრისტოფი კიდევ ისეთია, რაღაცნაირი, ბრისტოლური, gloomy. მე ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ ამეღო კარგი ინტერვიუ ისე, რომ მიულერისთვის ყურადღება არ მიმექცია. ისეთია, ბრისტოლური, ძალიან სექსუალური ქარიზმა აქვს და თვალს ერთი წამით არ გაშორებს, მაშინაც, როცა მას არ ესაუბრები. მოულოდნელად, სანამ ვკითხავდი, როგორ მუსიკას უსმენთ მეთქი, თვითონ თქვეს, იცი, Massive Attack ჩვენი საყვარელი ჯგუფიაო. მაშინ იყო, ორივე რომ შემიყვარდა, ოთახი განათდა და ყურებამდე გავუღიმე - ჩვენ, სამივენი, ერთი რელიგიის მიმდევრები ვიყავით. (ინტერვიუ შეგიძლიათ ნახოთ აქ).

ეს რელიგია კი ასეთია - ყველაფრისმომცველი - ელექტრონული მუსიკის, როკის, ფსიქოდელიის, ჯაზის, ჰიპჰოპის, რეგგის, ტრანსის, სოულის, ემბიენტის... ღმერთი ისეთი უნდა იყოს, როგორიც კოსმიური, უნივერსალური სიკეთე, კულტურული, მენტალური და ა.შ. ჩარჩოების გარეშე. ისეთი, როგორიც Massive Attack. 



ანგელოზებს, მლოცველებს და დემონებს ამ რელიგიაშიც ბევრს ნახავთ  :)





11 comments:

  1. შენ შემაყვარე ეს ჯგუფი. :)

    ReplyDelete
  2. მე დედაჩემსაც ათეისტი ვგონივარ :)) ძალიან რელიგიური არ ვარ, მაგრამ ათეისტი ნამდვილად არა..
    აი აქ წარმოდგენილ სხვა რელიგიურ "რიტუალში" სიამოვნებით შემოგიერთდებოდი, მაგრამ სამსახურის კომპიდან ვერ ვახერხებ. შინ ვნახავ, რომელი სიმღერები გაგვიზიარე...

    ReplyDelete
  3. ძალიან მომწონს შჱნი პოსტები და შენი ბლოგი. . . )

    ReplyDelete
  4. თუკი მასივ ეთექი არ დარჩება, მე ხომ მაინც მოვუსმენ [და კიდევ რამდენიმეები] და ე.ი. დარჩება. :)

    ReplyDelete
  5. ჯორჯ, რა მაგარია ^^

    ქეთი, ეგეთი სამსახურები რატომ არსებობს, მუსიკას რომ არ ასმენინებენ :|||||

    Kiwi, <3

    ReplyDelete
  6. როდე,
    აბსოლუტური ჭეშმარიტებაა :დ

    ReplyDelete
  7. რა სასიამოვნოა, როცა გამოყრუებულ სამსახურში ზიხარ, თავი ამაო საქმის შემსრულებელი გგონია, არც მუსიკა გაქვს ყურებში, მერე შემოდიხარ და ნინას ახალი პოსტი გხვდება, კითხულობ და ფიქრობ, ნეტა, ცოტა გრძლად წერდეს, კიდევ ბევრი მქონდეს წასაკითხიო:*

    ReplyDelete
  8. ვეთანხმები იმ ბიჭს ოდნავ, თუმცა ის სულელური ფილმი, შენ რომ ნახე და მუსიკა დაგამახსოვრდა, უფრო მეტი ყოფილა, ვიდრე რამდენიმე წამი.
    გოტან პროჯექტი? ახლავე გადავდივარ ინტერვიუზე.

    ReplyDelete
  9. ნინო ^^^^^^

    სოფი, მეტი არა, გაცილებით მეტი :))))

    ReplyDelete
  10. შენი რელიგიის მიმდევარი გამოვდივარ მეც <3

    ReplyDelete