![]() |
Kate Dardin, 'On The Wire' |
მაშინ, როდესაც ყოველდღიური გრაფიკი გაჭირვებით გაძლევს იმის საშუალებასაც კი, რომელიმე გალერეას ახალი გამოფენის დასათვალიერებლად ესტუმრო ან თაროზე შემოდებული წიგნიდან რამდენიმე ფურცელი წაიკითხო, ხანდახან ისეც ხდება, რომ ცოტაოდენი დრო მოულოდნელად თავისუფლდება. ის არც ლიტერატურას გაწვდება და ესეცაა, რომ ასეთ მომენტში რაღაც ისეთის გაკეთების სურვილი ჩნდება, რაზეც სულაც არ ფიქრობდი. უფრო სწორად, სადღაც გაიგონე ამის შესახებ და მეხსიერებაში ჩაგრჩა, რომ მსგავსი რამ არასოდეს გამოგიცდია.
ამიტომ იყო, რომ ახლახანს, როცა ამინდი ამისთვის საკმარისად თბილი მომეჩვენა, გადავწყვიტე სულ ცოტა ხნით მოყვარული ორნიტოლოგის ამპლუა მომერგო. Birdwatching-ის ფენომენმა ჩემი ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც გავიგე, რომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული და მოდური გასართობი ყოფილა. იმდენად, რომ ტურისტული ფირმები საგანგებო მარშრუტებს ადგენენ, იშვიათი ჯიშის ჩიტების ნახვის მიზნით. იშვიათზე პრეტენზია არ მქონდა, ამიტომ მეგობარს ძველი ბინოკლი გამოვართვი და უახლოეს პარკში გავეშურე, ჩიტებზე გამოცდილი დამკვირვებლის გამომეტყველებით. ეს უკანასკნელი დროებითი იყო, რადგან გამოცდილების არქონამ თავისი საქმე გააკეთა - ჩიტები თითქმის არ მინახავს, თუ რამდენიმე მობუზულ არსებას არ ჩავთვლით. როგორც ჩანს, თბილი ქვეყნებიდან მოფრენილებმა, ამინდი მაინც არასაკმარისად მზიანად მიიჩნიეს იმისთვის, რომ გამოჩენილიყვნენ.