Saturday, September 29, 2012

prêt-à-porter-ს სათავეებთან


დღეს, პარიზში Palais de Tokyo-ს საგამოფენო სივრცეში Chloe Attitudes გაიხსნება. ლაგერფელდის შექმნილი ვიოლინოს ფორმის კაბა, სტელა მაკარტნის ცნობილი მაისური ანანასის გამოსახულებით - მთლიანობაში 70 ექსპონატი, Chloé -ს ესთეტიკას გადმოგვცემს, დაწყებული გაბი აგიონიდან, დამთავრებული ბოლო დიზაინერით, უეიტ კელერით. ესთეტიკას, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენდა მოდის სამყაროზე ექვსი ათწლეულის განმავლობაში. Chloé სამოცი წლის გახდა.
დღეს ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა მოდის ინდუსტრია Chloé -ს და გაბი აგიონის გარეშე. ამ უკანასკნელის სახელი, შესაძლოა, ბევრს არც სმენოდეს, სამაგიეროდ ყველამ ვიცით, რა არის Chloé . მხოლოდ აქ შეუძლიათ შექმნან ასეთი არააგრესიული, ფრანგული სულის და თან სპორტული სტილის სამოსი, რომელიც ერთდროულად რომანტიკული და ძალიან ქალურიც იქნება. Chloé კი, ბრენდს, ისე, "შემთხვევით" დაერქვა - გაბი აგიონს მიაჩნდა, რომ საკუთარი სახელი მკითხავის სახელს უფრო ჰგავდა და სრულიად არ იყო შესაფერისი მოდის სახლისთვის. სახელი ქლოე კი ქალურობის, სითბოს ასოციაციას იწვევდა და თანაც, აგიონის საუკეთესო მეგობარს ერქვა.
Spring 2010 rtw
Spring 2012 ready to wear
Pre-fall 2012
Resort 2013
ეგვიპტური წარმოშობის ფრანგი გაბი აგიონი პარიზში 1945 წელს მოხვდა. მაშინ საფრანგეთის დედაქალაქში მაღალი მოდა პოპულარობის ზენიტში იყო, თუმცა აგიონს საკმაოდ ავანტიურისტული ზრახვები ჰქონდა. მან გადაწყვიტა ოტ კუტიურის სიმდიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეეტანა და 1952 წელს Chloé-ს სახლი დააარსა. უცნაურია, მაგრამ იმ დროს luxe კლასის სამოსი მხოლოდ შეკვეთით იკერებოდა, გაბიმ კი "პატარა" რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტა - ხმარებაში შემოიტანა მზა სამოსის, pret-a-porte-ს ცნება. დღეს ის, რომ მაღალი მოდის სამოსს გაცილებით ჭარბობს პრეტ-ა-პორტე კოლექციები, ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს სწორედ გაბი აგიონის დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ. ყველაფერი კი საკმაოდ მარტივად დაიწყო - აგიონი თავად იგონებდა სამოსის დიზაინს და საკუთარ ბინაში ასისტენტების დახმარებით კერავდა, შემდეგ კი კაბებს ადგილობრივ ბუტიკებში ჰყიდდა.
Chloé-ს დაარსების შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერი თანდათანობით შეიცვალა. ჟაკ ლენუართან ერთად, აგიონმა თანდათან დაიწყო ლუქს კლასის პრეტ-ა-პორტეს სამოსის კონცეფციის დახვეწა. 1956 წელს პარიზის ცნობილ არტ კაფეში Cafe de Flore, Chloé-ს პირველი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ეს ბრენდისთვის კარგი რეკლამა აღმოჩნდა, რადგან კაფე ძალიან პოპულარული იყო ხელოვან და ცნობილ ადამიანებს შორის. მსუბუქი, ბამბის კაბები და არაფორმალური სტილი რომანტიზმს მონატრებულ პარიზულ საზოგადოებას მაშინვე მოეწონა. მართალია, დასაწყისში მოდის სამყარომ აგიონის იდეები კრიტიკულად შეაფასა, თუმცა დიზაინერების უმეტესობამ მას მოკლე ხანში მაინც მიბაძა და ოტ კუტიურის კოლექციებთან ერთად, პრეტ-ა-პორტეც პოპოლარული გახდა.
50-იანების დასასრულს, Chloé -ში ახალი ტრადიცია გაჩნდა - აგიონმა და ლენუარმა გადაწყვიტეს, რომ სამუშაოდ ახალგაზდა და ნიჭიერი დიზაინერები მოეწვიათ. ამ პერიოდში ბრენდის კოლექციებზე მუშაობდა Le Style-ის ბევრი დიზაინერი, მათ შორის მიშელ როსიე, გრაციელა ფონტანა, კარლოს როდრიგესი... 1966 წელს ახალგაზრდა კარლ ლაგერფელდი ბრენდის მთავარი დიზაინერი გახდა. სწორედ მის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ Chloé 70-იანებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მოდურ ბრენდად გადაიქცა. 1971 წელს პარიზის ცენტრში, Rue Gribeauval-ზე ბრენდის პირველი ბუტიკიც გაიხსნა. Chloé -ს სამოსის ტარება დაიწყეს იმ დროის გამოჩენილმა ადამიანებმა - ბრიჯიტ ბარდომ, ჯეკი კენედიმ, გრეის კელიმ, მარია კალასმა. ბრენდის პოპულარობაზე უკვე ლეგენდები დადიოდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ბერძენმა მილიარდერმა, კოლექციით მოხიბლულმა ქრისტინა ონასისმა Chloé-ს მაღაზიაში ერთბაშად ოცდათექვსმეტი ბლუზონი შეიძინა...
1985 წელს ლაგერფელდმა Chloé-ს სახლი დატოვა და შანელის მთავარი დიზაინერი გახდა. ბრენდის სამოსის პოპულარობამ დროებით იკლო და ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, 1997 წლამდე, სანამ სახლს ახალგაზრდა და ენერგიული ბრიტანელი, სტელა მაკარტნი არ ჩაუდგა სათავეში. მაკარტნიმ მოახერხა ის, რაც თავის დროზე ლაგერფელდმა - Chloé კვლავ მოდის კანონმდებელი გახდა. 2002 წელს სტელა ამერიკელმა ფიბი ფილომ შეცვალა, რომელსაც ასევე კარგად ესმოდა, რაში მდგომარეობდა ბრენდის "გენეტიკური კოდი". Chloé-ს მომხმარებელთა რიგებს შეემატნენ კირსტენ დანსტი, მადონა, ქეით მოსი, კამერონ დიასი, ნატალი პორტმანი. ფილომ 2006 წელს Chloé-ს ახალი ხაზიც შექმნა, See by Chloé, რომელიც უფრო ახალგაზრდა მომხმარებელზეა გათვლილი.
ის, რაც Chloé-ს ხსენებაზე ზე აუცილებლად გაგახსენდებათ, ეს რბილი, პასტელის ფერები და ჰაეროვანი კაბებია. დღეს კლერ უეიტ კელერი ტრადიციას წარმატებით აგრძელებს - საშემოდგომო კოლექცია ბრენდის ავთენტურ ხასიათს კარგად წარმოაჩენს. უეიტ კელერი შეეცადა ინგლისური სპორტული სტილი ფრანგულ ელეგანტურობასა და სენსუალურობასთან დაეკავშირებინა და მან ეს ძალიან კარგად მოახერხა. Chloé-ს ატმისფერი დაფლკოტი ერთდროულად სპორტულ განწყობასაც ქმნის და სინაზესთანაც ასოცირდება. კოლექციაში დომინირებდა რბილი ფერები, საშემოდგომო ტონალობები, კაბები დავარდნილი წელით, შეგვხვდა კუბოკრული ქსოვილისგან შეკერილი პალტოც, რომლის გარეშეც პარიზში მოხვედრილი ბრიტანელის რომანტიკული თავგადასავალი, უბრალოდ, არასრული იქნებოდა...
from Fall 2012 RTW collection









and backstage:

 


source: style.com

და არ დაგავიწყდეთ: დღეს. Palais de Tokyo-ში.

10 comments:

  1. ყოველთვის მომწონდა ეს ბრენდი!
    გამიხარდა შენი ახალი პოსტი რომ ვნახე :)

    ReplyDelete
    Replies
    1. რა მელანქოლიაა შენს ბლოგზე?
      დეპრესიას მიახლოებული. :(

      Delete
  2. მეც გამიხარდა რომ დავწერე :))) ძალიან მომენატრა ბლოგოსფერო :)

    ReplyDelete
  3. აქ რაღაც ჭკვიანური უნდა დამეწერა

    ReplyDelete
  4. დიდად არასოდეს ვგიჟდებოდი ამ ბრენდზე, მაგრამ ამ პოსტმა შემაცვლევინა აზრი. რა მაგარი რაღაცეებია. ის სტაფილოსფერი კაბა ხომ საერთოდ. <3

    ReplyDelete
  5. ტელეეკრანზე გაიჩითები? :)
    რამე მოდნი პრიგოვორის გადაცემის პონტში

    ReplyDelete
  6. ვააა საინტერესო იქნება.

    ReplyDelete