Sunday, February 17, 2013

ზადიგი, ანუ ბედისწერა


ზადიგს პარიზში შევხვდი. 
ერთი შეხედვით ცხადი იყო, რომ ყველას არ ჰგავდა. მზიან, საკმაოდ თბილ დღეს ტყავის ქურთუკი და პანკური სტილის ფეხსაცმელი ეცვა და რა თქმა უნდა, გრძელი შარფი ჰქონდა შემოხვეული, ისე, როგორც ნამდვილ პარიზელს შეეფერება. სწორედ ეს გამოარჩევდა ყველა იმ ლონდონელი, ამერიკელი თუ სკანდინავიელი ტიპებისგან, ვინც როკენროლს უსმენს და ამ სტილის მიბაძვით იცვამს.
მოგვიანებით გავარკვიე, რომ ზადიგი მისი ნამდვილი სახელი არ იყო. საკუთარ თავს ახლაც Zadig&Voltaire-ს უწოდებს. საინტერესო ჩაცმულობა აქვს, რომელიც ბოჰემის, გრანჟის, ანარქიის ხასიათზე გაყენებს. ისე კი, მის შესახებ წარმოდგენის შექმნა იმ შემთხვევაშიც იოლია, თუ გარეგნულად თვალითაც არასოდეს გინახავს. ამისთვის საკმარისია მის ფლეილისტს გადახედო:
Lilly Wood & The Prick
Poni Hoax
The Dodoz
Yuksek
Acid Washed
Mohini
Ellen Allien
The What's Her Name
Delphine Chaneac
The Ritch Kids
MGMT
Gossip
Mark Ronson
Lissy Trullie
Julian Casablancas

Zadig&Voltaire-ის მუსიკალური გემოვნება მისი განსაკუთრებული ნაწილია. კომპილაციები ბრენდის მაღაზიებში ცალკე იყიდება, მასში შესული მუსიკის შემოქმედებს კი ძირითადად ერთი საერთო თვისება აქვთ - როკენროლის სიყვარული. თუმცა, ზადიგის მუსიკის აღმოჩენისკენ მიმავალ გზაზე ჯერ ერინ უოსონს და პიტერ ლინდსტრომს გადავეყარე. მათი მონაწილეობით გაკეთებულმა ქარიზმატულმა და ძალიან დასამახსოვრებელი კამპანიებმა Zadig&Voltaire-ს კარგი პრეზენტაცია გაუკეთა. დღეს ეს ბრენდი ურბანულ chic-თან ასოცირდება. როგორც თავად მისი შექმნელი ამბობს, ეს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს - რბილი ქიშმირისგან, ბამბისა და აბრეშუმისგან შეკერილი სამოსი, მშვიდი ფერები, უფრო მეტიც, ხელმისაწვდომი ფასები Zadig&Voltaire-ს განუმეორებელს ქმნის.
ზადიგი და ვოლტერი Lacoste-ს თანადამაარსებლის, ანდრე ჟილიეს შვილიშვილმა, ტიერი ჟილიემ 1997 წელს შექმნა, თავის მეუღლესთან, ამელისთან კოლაბორაციის შედეგად. მაშინ ბრენდის სადებიუტო კოლექცია უკვე მეტყველებდა იმაზე, რომ ეს სამოსი ურბანული ფუფუნების შემადგენელი ნაწილი გახდებოდა. როკერული სტილის დენიმი, ბუნებრივი ქსოვილებისგან დამზადებული სვიტრები და ტყავის ჟაკეტები დღემდე ზადიგის საფირმო ნივთებად რჩება.
ბრენდზე მეტად, ზადიგი უკვე ალბათ ზოგიერთისთვის ცხოვრების სტილია. ეს უკანასკნელი ორი უცხო სიტყვით შეიძლება დაახასიათო: casual და luxe. ეს არა მხოლოდ სამოსია, არამედ მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება, სამკაულები, არომატი, ტექნიკაც კი (Samsung-ის ტელეფონი Player One by Zadig & Voltaire ამის ნათელი მაგალითია). ბოლომდე ვერასოდეს მიხვდები, რატომ აირჩია ჟილიემ ბრენდისთვის ეს სახელი - ასოციაცია ბაბილონთან და მეტაფიზიკასთან არ ჩნდება, თუმცა ზადიგის ბიჭი სწორედ ისეთი უნდა წარმოიდგინო, როგორიც ვოლტერის მოთხრობის პერსონაჟი - დადებითი, გულკეთილი, სიმპათიური. ესეც არ იყოს, ზადიგი ოცდამეერთე საუკუნეში უკვე ძალაუნებურად ბედისწერაა, ურბანულ გარემოში საკუთარი მეს შენარჩუნების მცდელობის გამოძახილი.
მოკლე ხანში ზადიგმა მოახერხა, საფრანგეთში და ზოგადად, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალგაზრდული ბრენდი გამხდარიყო. ხარისხის წყალობით, Zadig&Voltaire-ის მოხსენიება თავისუფლად შეიძლება ყველაზე ლუქს კლასის მოდის სახლების გვერდით. პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობა კი ზადიგმა გასულ წელს პირველად მიიღო, როცა მომავალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა. მასში პასტელის ფერები ჭარბობს. პითონის პრინტი, ნატურალური ქსოვილის მაისურები, პიჯაკები მინიმალისტურ სტილში და რა თქმა უნდა, გრძელი შარფი ახალი კოლექციის მთავარი შემადგენელი ნაწილებია. როკენროლის, უდარდელობის, ენერგიულობის მუხტი კვლავ იგრძნობა, თუმცა ჩონჩხის გამოსახულებიან სამოსს და ეკლებს აქ არ ვხვდებით. moodboard-ზე გრაფიზმის, მეტალის, მილიტარიზმის ელემენტების შემცველი ფოტოებია დამაგრებული.

საინტერესოა, რომ ერინ უოსონი არა მხოლოდ ზადიგის კამპანიის სახე, არამედ მისი ერთ-ერთი დიზაინერიც იყო. 2011 წლის ზაფხულში Zadig &Voltaire-მა კოლაბორაციული კოლექცია წარმოადგინა, რომელიც დასამახსოვრებელი ჩონჩხის გამოსახულებიანი მაისურებით გახდა. "მიყვარს ერინი. ის დიდებულია. ყოველთვის, როცა მასთან მივდივარ, რაღაც საინტერესოს ვპოულობ მის გარდერობში და ვამბობ "მოდი, ეს გამოვიყენოთ", მას საუკეთესო სტილი აქვს, ისეთი მშვიდი", - ამბობს ჟილიე ერინ უოსონზე. მოდელთან დაკავშირებული არჩევანი მართლა წარმატებული იყო - უოსონი ნამდვილად ბრენდის საუკეთესო სახედ შეიძლება ჩაითვალოს. ის შესანიშნავად ახერხებს ზადიგის კონცეფციის გადმოცემას. უბრალო და სექსუალური ნივთების ერთმანეთთან შეხამება ისე, რომ როგორც რელაქსაციის, ისე ქარიზმატულობის მუხტიც არ დაიკარგოს, ერინს კარგად გამოსდის. თუმცა, ერინის გარდა, ზადიგთან ასოცირდება ისეთი სახელები, როგორებიცაა ჯეიმი ჰინსი და ელისონ მოსჰარტი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ტიერი ჟილიესა და ბრენდის შემოქმედებითი დიზაინერის, სესილია ბონსტრომის შთაგონების წყაროდ იქცნენ. მათი ვინაობის გამოცნობა კი ადვილია, როდესაც სამოსის სტილს ვაკვირდებით - პატი სმიტი, ვივიენ ვესტვუდი, შონ ლენონი, ჯეიმი ჰინსი, მიკ ჯაგერი. ოღონდ, ზადიგთან ეს ყველაფერი ძალიან ფრანგულ სტილში იქმნება.

2009 წელს ზადიგმა პირველი არომატი გამოუშვა. Tome 1 La Purete ექსკლუზიური პარფიუმერიის ხაზთან Le Labo ერთად შეიქმნა. ჟასმინის, ამბრისა და რძის კოქტეილის ორიგინალური კომპოზიცია მალე გახდა ახალგაზრდებში პოპულარული - საინტერესო შეფუთვის (ის წიგნის ფორმის ყუთში იყიდება) თუ თავად სურნელის წყალობით, ჩემთვის უცნობია, რადგან ზადიგის პარფიუმს ყველგან ვერ შეხვდები. თუმცა, Le Labo-სთან კოლაბორაცია უკვე მიუთითებს იმაზე, რომ Tome 1 La Purete ყველასთვის განკუთვნილი არაა და ორიგინალურობის მოყვარულ მომხმარებელზეა გათვლილი.
მაინც მგონია, რომ დენიმს დამატებული მდიდრული ვერცხლისფერი ქსოვილისგან შეკერილი პიჯაკი, კომფორტისა და უზრუნველობის შეგრძნება, როკენროლისა და პოსტპანკის სურნელით - ეს უკვე არომატია, რომლის აღქმისთვისაც მეორე ტომის წაკითხვა საჭირო არ უნდა იყოს. ზადიგი - ეს უკვე ბედისწერაა.










5 comments:

  1. Good dаy! I knοω thіs is κinԁa οff topic nevertheleѕѕ I'd figured I'ԁ ask.
    Would you be inteгesteԁ in exchanging links or maybe guest wгiting a blog
    artiсle οr vice-versа? My site discusѕes а lot
    οf the same toρics as yours and ӏ believе ωe cοuld gгeatly bеnefit from
    each other. If you might be intегested feel freе to shoot me аn e-mail.
    Ι look foгward to heаring frоm you!
    Aωesome blog by the wаy!

    Visit my blog post: contextual link building packages
    my site - DiamondLinks.net

    ReplyDelete
  2. საინტერესო ბრენდია, არ მსმენოდა არაფერი. თან სუნამოს შეფუთვამაც მომხიბლა – წიგნის ფორმის ყუთი:)

    ReplyDelete
  3. უფ, რა მაგარი კომენტარი მონდოდა დამეწერა ჩემს საფირმო სტილში, მაგრამ

    ზადიგი და ვოლტერი Lacoste-ს თანადამაარსებლის, ანდრე ჟილიეს შვილიშვილმა, ტიერი ჟილიემ 1997 წელს შექმნა

    განმაიარაღა :)

    ამიტომ, გეტყვი, რომ მიხარია რომ დაბრუნდი.

    ReplyDelete
  4. რატომ გაიშვიათდი ბლოგზე? :))

    ReplyDelete