Monday, November 14, 2011

გოდფრი დინი - საუბრები მოდაზე

Godfrey Deeny in Rustaveli Theatre,
photo: Irakli Bluishvili, Tabula Magazine
ეს ირლანდიელი, მოდის სფეროში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი და მიმომხილველია. მის აზრს მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები უწევენ ანგარიშს. არის CFDA-ის (The Council of Fashion Designers of America) დაჯილდოების ჟიურის წევრი, რაც მოდის სფეროში ერთგვარ ოსკარად ითვლება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდის ჟურნალის Vogue Hommes International-ის მთავარი რედაქტორი იყო. დაინტერესებულია საგანმანათლებლო საქმიანობითაც პარიზის მოდის ინსტიტუტში და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

მიაჩნდა, რომ ჟურნალისტი ან მეომარი უნდა იყოს, ან მონა. თავისთვის, როგორც წესი, პირველ როლს ირჩევდა. მოდის ყველაზე მეამბოხე ჟურნალისტი, არაერთხელ გამხდარა ჩვენებაზე არასასურველი სტუმარი. დოლჩე და გაბანა, ნილ ბარეტი, დანჰილი ეს ის სახლებია, რომლებმაც დინის თავიანთ შოუზე დასწრება აუკრძალეს მკაცრი კრიტიკის გამო, ხოლო მიუჩია პრადამ ერთხელ სილაც კი გააწნა. ვეკითხები, რა უნდა გააკეთო, რომ პრადასგან ეს დაიმსახურო. მპასუხობს, რომ კრიტიკული შენიშვნა ვერ აიტანა სუნამოსთან დაკავშირებით. მოგვიანებით ვიგებ, რომ მიუჩია არ არის ერთადერთი მას დაიან ფონ ფურსტენბერგიც ასე მოექცა. დინის არ მოსწონს, როცა დიზაინერებს კრიტიკის მიღება არ შეუძლიათ დიდ სისუსტედ მიიჩნევს.

საქართველოს მოდის კვირეულს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია და მოდის პიარისა და ჟურნალისტიკის თემაზე რამდენიმესაათიანი ვორქშოფიც გამართა. მასთან გასაუბრება ცოტა მოგვიანებით, მოდის კვირეულის მეორე დღეს მოვახერხე.  ჩვენი საუბარი, ბუნებრივია, გაზაფხული-ზაფხული 2012-ის კოლექციებზე შთაბეჭდილებების გაზიარებით დაიწყო.

გოდფრი დინი: ჯერჯერობით ოთხ შოუს დავესწარი. მომწონს ანუკა ქებურიას სტილი, მისი აქსესუარები. ვფიქრობ, საქართველოში ძალიან კარგ აქსესუარებს აკეთებთ, რადგან ახერხებთ მათში ისტორიული სული აჩვენოთ. გუშინ ვნახე გოგა ნიქაბაძის კოლექცია. არ ვიცი მასში რა პრობლემაა... კოლექციას არა უშავს, მაგრამ მგონი ზამთრის იყო...

არადა, თქვენ, ვფიქრობ, ცხელი ზაფხული უნდა გქონდეთ და გოგოები კი მოკლე ქვედაკაბებს იცვამდნენ... აქ ყველა გოგო მაღალ ქუსლს ატარებს, არა? სხვათა შორის, მომეწონა გოგას კოლექციაში ჩექმები, უბრალოდ, ჩემი აზრით, ისინი სხვა სეზონისთვისაა განკუთვნილი. შემდეგ ვნახე ალექსანდრ არუთინოვის კოლექცია, სადაც იყო color blocking, ფუტურისტული იდეა... პირველი კარგად გამოვიდა, თანაც მუსიკა იყო ფანტასტიკური,  ეს შოუს ხანდახან ძალიან ეხმარება პროფესიონალურს ხდის.
კარგი კოლექციის შესაქმნელად სამი-ოთხი იდეაა საჭირო დღის სამოსი, საღამოს ჩასაცმელი... ქართველ დიზაინერებს ეს ნაკლებად აქვთ.

ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო ქართველ დიზაინერად?

ჯერჯერობით ავთანდილის კოლექცია საუკეთესო იყო. მომეწონა მთლიანი კონცეფცია, აფრიკის თემა და ფოტოები. ის ნიჭიერია კოლექციაში იყო სპორტული სტილიც, კოქტეილისა და წვეულებისთვის შესაფერისი სამოსიც. მომწონს ქეთი ჩხიკვაძეც. ამ დიზაინერმა გასულ წელს ძალიან კარგი ფეხსაცმელი წარმოადგინა.

კოლექციის შეფასების საკუთარი კრიტერიუმები აქვს. როდესაც ჩვენებას უყურებს,  წარმოიდგენს, თუ ექნებოდა სადმე წასვლის სურვილი ამგვარად ჩაცმულ ქალთან. „ავთანდილის შოუზე კარგი კასტინგი იყო, მომეწონა გოგოების მაკიაჟიც, მათ  ხელოვნების მუზეუმის გახსნაზე, ხელოვნების გალერეაში წავიყვანდი“.

რას იტყვით მოდის კვირეულის ტექნიკურ მხარეზე?

ვფიქრობ, კარგია, რომ ის ქალაქის ცენტრში ტარდება, ადვილად მიაგნებ. ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, გამოსასწორებელია პრეზენტაციის ნიუანსები, უკეთესი განათებაა დასაყენებელი. ამასთან, საჭიროა პროდიუსერი, რომელიც ჩვენების დროს უკეთესი ატმოსფეროს შექმნასა და უკეთეს მოსაწვევებზე იზრუნებს. ისე, რამდენიმე სეზონის გასვლის ფონზე საკმაოდ კარგი შედეგია.

მოსაწვევები გოდფრი დინის, შეიძლება ითქვას, სუსტი წერტილია. მათ, როგორც ხელოვნების ნიმუშებს, ისე უყურებს. ვორქშოფზე წარმატებული მოსაწვევის რამდენიმე მაგალითი გვაჩვენა. მისი აზრით, გალიანო ყოველთვის საუკეთესო მოსაწვევებს აგზავნიდა, ახლა იგივე შეიძლება ითქვას ჟივანშის სახლზე. ვორქშოფიდან განსაკუთრებით პრადას და რიკ ოუენსის მოსაწვევები დამამახსოვრდა. საქართველოს მოდის კვირეულზე ბარათი, რომელიც მასზე შთაბეჭდილებას მოახდენდა, დინის არ მიუღია.

ვეუბნები, უცნაურად მეჩვენება, დღეს წითელი შარვალი რომ არ გაცვიათ-მეთქი. ჩვეულებრივ, გოდფრი დინის ნახვას წითელ ვიწრო ჯინსში ელოდები. აღმოჩნდა, რომ დინის მასთან განსაკუთრებული ისტორია არ აკავშირებს, უბრალოდ ყოველთვის მოსწონდა ეს სამოსი, როკ-ვარსკვლავთან აღძრავდა ასოციაციას. აი, კიდევ ერთი საინტერესო თემა. თუმცა, არა, თავად როკის ვარსკვლავობა არ უნდა.

გიფიქრიათ საკუთარი ბლოგის შექმნაზე?

ძალიან ბევრს ვწერ და იმდენი რაღაც დამიგროვდა, მართლა მჭირდება ადგილი ამ ყველაფრისთვის. თუმცა მე მაინც პროფესიონალი ჟურნალისტი ვარ. ბლოგერები  მნიშვნელოვანი ადამიანები გახდნენ, მაგრამ ისინი არ აკრიტიკებენ მოდას. არის ტავი, არის ბრაიან ბოი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის კრიტიკოსი.

კრიტიკა კი ხშირად სასარგებლოა, განსაკუთრებით ავტორისთვის. ერთხელ ზაკ პოზენის კოლექციას არცთუ კარგი შეფასება მისცა. მომავალ წელს პოზენმა დინი წინა რიგში, უმა თურმანის გვერდით დასვა. მე ყოყმანს ვიწყებ. მომავალ წელს  საქართველოს მოდის კვირეულზე უმა თურმანს ან ეტან ჰოუკს არავინ დაპატიჟებს, ამიტომ აქვს კი აზრი დავწერო იმაზე, რაც არ მომეწონა? ამაზე გოდფრის დადებითი პასუხი აქვს, თუმცა თავად ახალგაზრდა დიზაინერების კოლექციებს ნაკლებად მიმოიხილავს. განსაკუთრებულ რჩევასაც მაძლევს არ შეიძლება დიზაინერს უთხრა, რომ ეს ასე კი არა, სხვანაირად უნდა გაგეკეთებინა.

გოდფრი დინის უყვარს მოდა, მოდის კრიტიკა და მოდის კვირეულები. ამბობს, რომ ამ დროს ხალხი ყოველთვის განსაკუთრებულად იცვამს და ხვდები, თუ როგორი სამოსია ადგილობრივი ქალებისთვის თუ კაცებისთვის მოსაწონი. ამავე დროს, საშუალება გეძლევა გაეცნო ქვეყნის ისტორიას, მუზეუმებს, სამზარეულოს. საქართველოში ბევრმა რაღაცამ დააინტერესა კულტურამ, მუზეუმებმა. წინა ღამის ამბებიც ინტერესით გაიხსენა. „ღამის კლუბში ვიყავი, ვცეკვავდით და უცებ სააკაშვილი მოვიდა. ასეთი რაღაც, ვთქვათ, ნიუ იორკში არ ხდება“...

10 comments:

  1. სად მივიდა სააკაშვილი? რომელ კლუბში არ კითხეე

    ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა :)

    ჩვენთან კრიტიკა მართლა არ იციან, ან მოსწონთ ან ლანძღავენ
    კრიტიკას აქ ლანძღვას ეძახიან

    ReplyDelete
  2. კარგი პოსტია
    პოსტი კიარა სტატია/ინტერვიუ -აგებულია მშვენიევრად
    დასასრული მომეწონა, თვითონ ამბავი კი ძალიან სასაცილოა- გამახსენდა შარშან ზაფხულს როგორ მივიდა ბათუმში, სვიჩში მიშა დაცვითურთ დისკოთეკაზე და რა ამბები იყო ირგვლივ აჰჰ :)))ქართული რეალობები

    ReplyDelete
  3. ძალიან კარგია, ნინა!
    "ჟურნალისტი ან მეომარი უნდა იყოს, ან მონა" – როგორ მომეწონა ეს აზრი. ჩვენთან ძირითადად მეორეს ირჩევენ :(

    ჰოდა კიდევ, ბლოგერ კრიტიკოსებზე... აი შენ რომ წერო კრიტიკა ქართულ მოდაზე, კარგი იქნება. მერე რა, რომ უმას არ დაპატიჟებენ... :)

    ReplyDelete
  4. თაა,
    მგონი ნაით ოფისში. აღარ მახსოვს :))
    მართალი ხარ :) არგუმენტის გარეშე კრიტიკა სასაცილოა :)

    ნინ
    მადლობა :) გოდფრი ისეთი ადამიანია, ყველაფერი გამხიარულებს, რაც უნდა გითხრას :))))

    ქეთი,
    უმა არ მინდა :)))) მე ვაკეთებ ხოლმე მოდის კვირეულის შემაჯამებელ მიმოხილვას ტაბულაში, სადაც რა თქმა უნდა კრიტიკაც არის :) რატომ არ გადმომაქვს ბლოგზე ახლა დავფიქრდი :)))

    ReplyDelete
  5. :)))
    რა კარგია.. გადმოიტანე ხოლმე :) მე მაგალითად ნაკლებად ვკითხულობ ჟურნალებს, უფრო ნეტში რაც მოიპოვება – იმას და ალბათ მარტო მე არ ვარ ასე :)

    ReplyDelete
  6. აუ ბლოგერებს რა მიაკუკა :)
    თუ მოგვაკუკა...
    რავი.

    ReplyDelete
  7. მე არ ვიღებ ჩემს თავზე. დინიმ ფეშენისტა ბლოგერები იგულისხმა, ჩვენ კიდევ ვწერთ, მარტო 'აი მე რა მაცვიას' ხო არ ვაშეარებთ ))

    ReplyDelete
  8. Like it :)) ძალიან კარგი ინტერვიუა

    ReplyDelete
  9. thanks ) ეს ის ტიპია, რამდენიმე დღის წინ რომ გიყვებოდი :)

    ReplyDelete