Tuesday, December 7, 2010

ილის, შურიანი ცოლის და ჩვენი ვურდემანის ამბავი

ჯონი კარგი ტიპია. იმიტომ კი არა, რომ ამერიკელია, რომელიც ჩემი ქვეყნის კულტურაზე გაგიჟდა და აქ გადმოსახლდა. არც იმიტომ, რომ ჩემზე მეტად უყვარს ქართული ტრადიციული მუსიკა  და ღვინო და ფიქრობს საქართველოს მომავალზე. აი, უბრალოდ, კარგი ტიპია, რა. როცა არ იცინის, მაშინაც გგონია, რომ იცინის. ოქროსფერი აურა აქვს და ძალიან კეთილი სახე. მეტყვით ეხლა, ღიმილი ამერიკელების სავიზიტო ბარათია და ბევრსაც არაფერს ნიშნავსო. იანკების მეტი რა მინახავს, მათ შორის ისე რა მომღიმარების, „ჰოლივუდურად“ მომღიმარების, უბრალოდ კულტურის გამო პირმოღებულების. ამ ბოლო ორი კატეგორიისგან ისე უბერავს ყინულიანი ჰაერი, კანზე ბუსუსები გაგიჩნდება. მოკლედ, ვიცი მე, რასაც ვამბობ. ჯონი - კარგი ტიპია.

ჩვენიანი რომ იყო, მაშინ მივხვდი, როცა ჩაი ილით შემომთავაზა და არა კარდამონით. ქართულად მაგრად ლაპარაკობს, თანაც პირველი პირის მრავლობით რიცხვში - „ჩვენ ცოცხალი ლეგენდა გვაქვს, ავსტრალიელები კი ჰაერიდან ქმნიან ლეგენდას თავიანთ ღვინოზე“-ო. მარტო მაშინ გაქვს მომავალი, როცა ინარჩუნებ იმას, რაც შენია და უნიკალურიო, მითხრა. თვითონ თავის კომპანიაში ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდებით ამზადებს და ცდილობს, დაიცვას ქვეყნის კულტურა, რომელიც მისი სამშობლო არ ყოფილა. 

ისე, მხატვარია. თორმეტი წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ მომავალ ცხოვრებას ფერწერას მიუძღვნიდა. მერილენდის ხელოვნების სკოლაშიც სწავლობდა, მოსკოვის სურიკოვის ხელოვნების ინსტიტუტშიც. მერე ქართული კულტურით დაინტერესდა, ჩამოვიდა და სიღნაღი ისე მოეწონა, 1998 წლიდან საბოლოოდ ჩვენთან გადმოსახლდა. ამ გაზაფხულზე სიღნაღში ღვინის ბარსაც გახსნის, რომელიც, იმედი მაქვს, მიზეზი იქნება იმისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს ვნახო ეს ყველას მიერ ნაქები ქალაქი.

ახლა ფერწერას და მეღვინეობას ერთნაირ ყურადღებას უთმობს. „ხატვა ჩემი ცოლია და ღვინო გამოვიდა საყვარელი. ცოლს ახლა მაგრად შურს და უნდა მეტი ყურადღება მივაქციო. მე არ შემიძლია ხატვის გარეშე. დაახლოებით იმას ჰგავს, ჟანგბადი რომ გაკლია“, - ამბობს ვურდემანი. რომ მოისმინოთ, როგორ ლაპარაკობს თავის ღვინოებზე, მიხვდებით, მხოლოდ ფერწერას კი არა, ცოლსაც უნდა შურდეს მათი. 2008 წლის რქაწითელზე ისე მიყვებოდა, თვალებანთებული, როგორც შეყვარებულზე, „ისეთი გამოვიდა, თავად მზე იყო. რომ სინჯავ, თითქოს მზის ენერგიას და ვიტამინებს მიირთმევ“-ო. მე არ გამისინჯავს, მაგრად კი მინდა და თუ დრო გამომიჩნდა, ხვალ საღამოს ღვინის კლუბში შევივლი, სადაც ჯონის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება, თავად კი ლექციას წაიკითხავს ქართული ღვინის პერსპექტივებზე დასავლეთში. 

ჯონის უკეთ გაცნობა თუ მოგინდათ, გადადით აქ, თორემ ცოლი ნინაზეც იეჭვიანებს... ვფიქრობ, ღვინო - ეს უკვე არც ისე ცოტაა.

10 comments:

  1. ეე, ვიზეც ვიფიქრე, ის ყოფილა :)) ანუ, თანმიმდევრულად რომ ვთქვა, ოქროსფერი აურა აქვსო რომ თქვი, ვიფიქრე, ის იქნება, ადრე გაზეთში რომ წამიკითხავს-მეთქი. ეს ოდესღაც იყო და აი, ახლა უკვე ნინას ბლოგზე წავაწყდი ამ ადამიანს [მაშინ მახსოვს წერდნენ, ბრედ პიტს ჰგავსო]

    რაღაცნაირად მცხვენია, უცხოელს რომ ასე უყვარს საქართველო [აი ისე, როგორც ქართველების უმეტესობას არ უყვარს], მე კიდევ ვერ ვაფასებ ჩემი ქვეყნის სხვადასხვა სიმდიდრეებს, მაგალითად ღვინოს. დაფასებაში, ძირითადად გარკვეულ ცოდნას ვგულისხმობ. ჩემთვის კიდევ ეს ცოდნა მარტო თეთრი და შავი ყურძნის დონეზე შემოიფარგლება, მეტს ვერ ვარჩევ.

    პ.ს აქ ცოტა არათემატურია, მაგრამ 'Good Year' ვნახე და ისე მომეწონა <3 მახსოვს, ადრე წერდი ამ ფილმზე :)

    ReplyDelete
  2. ეე მეგონა პირველად მე გავაკეთე ჯონის პორტრეტი მეთქი :))))

    ბრედ პიტს არ ჰგავს მგონი. რა ვიცი, მე არ შემიმჩნევია :))) თუმცა სტატიაზე რა ფოტოც დავდეთ, იმაზე გაცილებით სიმპატიური კი არის იმჰო. ფოტოგენური არ არის

    ნატალია, ძალიანაც თემატურია ეს ფილმი აქ. ჯონიც სხვა სფეროდან, სხვა ქვეყნიდან მოვიდა აქ და ღვინო შეუყვარდა :)))

    ReplyDelete
  3. ვიდრე ვკითხულობდი, თვალწინ სულ ერთი სახე მედგა – მასზე დიდი ხნის წინ სიუჟეტი ვნახე – ახალი ჩამოსული იყო, მხატვარი, რომელმაც სიღნაღში სახლი იყიდა და ქართველი ცოლი ჰყავს.
    ჰოდა კითხვა რომ დავამთავრე და ბმულზე გადავედი – ის ყოფილა :) შეუძლებელი იყო ღვინის დაყენებით არ დაინტერესებულიყო..
    კარგი ადამიანი ჩანს, წარმატებებს ვუსურვებ :)

    ReplyDelete
  4. რახან ამერიკელ ჯონის საქართველო უყვარს, უნდა დავაბალანსო და დავწერო რომ მიყვარს მერილენდი.
    ოღონდ - მართლა.

    ReplyDelete
  5. კურიერში მყავს ნანახი ეს ტიპი ოდესღაც ღვინოებზე ლაპარაკობდა ქართულად, ძალიან გამართულად და კარგად.

    ReplyDelete
  6. კი, მიშა, მაგრად ლაპარაკობს, მარტო ყ, წ-ს ვერ გამოთქვამს :)))

    ReplyDelete
  7. დალევდა ჯონისთან ერთად კაცი : ) მიხარია ესეთი ადამიანების დანახვა. მეც მყავს მსგავსი მეგობარი, ინგლისელი ოღონდ.

    ReplyDelete
  8. <3 ზუსტად თქვი- ოქროსფერი აურა აქვს

    ReplyDelete