Thursday, December 2, 2010

Lanvin for H&M

წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში სეირნობის დროს სასახლესთან აღმოჩნდით. მასში თქვენთვის ყველაფერი მიუწვდომელია, რადგან მეტისმეტად მდიდრულად გამოიყურება. ამ დროს სასახლის კარი იღება და მასპინძელი შიგნით მასთან ერთად ჩაის დასალევად გეპატიჟებათ. სწორედ ასე აღწერს ალბერ ელბაზი, ლანვინის კრეატიული დირექტორი H&M-თან თანამშრომლობის ფაქტს. მისი თქმით, ქალების 95 პროცენტს არ შეუძლია თავს ლანვინის შეძენის უფლება მისცეს, ამიტომ მისი დროებითი ალიანსი H&M-თან ამ პრობლემას გადაჭრის და ფუფუნებას გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის.
"ლუქს" კატეგორიის და დემოკრატიული ბრენდების თანამშრომლობის ძირითადი მიზეზი სწორედ ასეთი გახლავთ. რასაკვირველია, ხელმოკლე ადამიანებზე ზრუნვა და ალტრუიზმი აქ არაფერ შუაშია - ეს არაჩვეულებრივი მარკეტინგული სვლაა, რომელიც დიდ მოგებას იძლევა. გავიხსენოთ თუნდაც ქეით მოსის თანამშრომლობა ტოპშოპთან. კოლექცია ჯერ გაყიდვაში არ იყო გასული, როცა მაღაზიებთან უზარმაზარი რიგები ჩნდებოდა და ტანსაცმელი თუ აქსესუარებიც ერთი თვალის დახამხამებაში იყიდებოდა. ამ შემთხვევაში "ლუქსს" ცნობილი მოდელი წარმოადგენდა, რომლის სტილში ჩაცმაც ტოპშოპმა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.
მოდის ინდუსტრიას ბევრი ასეთი თანამშრომლობის ისტორია ახსოვს. ზოგიერთი მათგანი ძალიან წარმატებული გახლდათ, ზოგი - პირიქით. მაგალითად, იგივე 2009 წლის "ქეით მოსი ტოპშოპისთვის" საზაფხულო კოლექცია ძალიან კარგი იყო, რასაც ვერ ვიტყვით ამ წლის იმავე სეზონის და იმავე ხაზის ტანსაცმელზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აქ მხოლოდ სამოსი კი არ იყიდება, არამედ ქეით მოსის სტილიც, რაც ზედმეტ ქულებს წერს დიზაინერის სახლის სასარგებლოდ. 2009 წლის მსგავსი ტიპის ალიანსიდან ასევე მინდა გავიხსენო Comme de Garcons PLAY for Converse, რომლის კედებიც ჩემთვის ყოველთვის იდეალად დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მამაკაცებისთვის შეიქმნა.
წითელი ფეხსაცმელი, 99$
რაც შეეხება H&M-ს, მისთვის ტანსაცმელი უკვე შექმნეს ისეთმა ცნობილმა და ძვირადღირებულმა ბრენდებმა, როგორებიც არიან ჯიმი ჩუ, მეთიუ უილიამსონი, სონია რიკელი. როგორც ჩანს, ახლა ლანვინის დრო მოვიდა. "H&M-მა შემოგვთავაზა გვეთანამშრომლა მათთან და გვეცადა გვეთარგმნა ლანვინში შექმნილი ოცნება უმრავლესობის ენაზე," - ამბობს ელბაზი. ის ამავე დროს ხაზს უსვამს იმას, რომ ლანვინი კი არ ხდება მეინსტრიმი, არამედ H&M ადის "ლუქსის" კატეგორიამდე. ეს იყო მთავარი გამოწვევა, რომელმაც დააინტრიგა ელბაზი. არადა, უწინ ამბობდა, რომ არასოდეს შექმნიდა კოლექციას მას-მარკეტისთვის.
კოლექციის მიმართ საკმაოდ ამბივალენტური გრძნობები გამიჩნდა. ლანვინზე დიდი ხანია შეყვარებული ვარ, H&M-ზე იმავეს ვერ ვიტყვი, თუმცა ყოველთვის მხიბლავდა მათი კონცეფციაც და უბრალო სტილიც. ამ ერთობლივი კოლექციის იდეა კი ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ აღმოჩნდა. გასაგებია ის, რომ ეს არის ლანვინი H&M-ის ხელმისაწვდომ ფასებში, თუმცა გაუგებარია, სად გაქრა ორივესთვის დამახასიათებელი ხასიათი. ჰო, ხასიათზე მოგახსენებთ და არა სტილზე. ეს უკანასკნელი, ნამდვილად, ლანვინისაა, თუმცა დიზაინერულ ნივთებში ისიც არანაკლებ გიზიდავს, თუ ვისთვის იქმნება ისინი. ე.წ. ლუქბუქიდან ძველმოდური (და არა რეტრო) ხასიათის, მოსაწყენი თუ მოწყენილი, გაცრეცილი მანეკენები (და არა მოდელები) გვიმზერენ. უყურებ და ფიქრობ, მინდა ვგავდე ნებისმიერს, ოღონდ არა მას. ეს აზრი მაშინვე შევიცვალე, როდესაც სარეკლამო ვიდეო ვნახე. აქ იყვნენ ქალები, რომლებმაც იცოდნენ, როგორ ეტარებინათ ლანვინი H&M-ის უშუალობის შეგრძნებით. ასე რომ, თუ ფოტოგადაღებებს ყურადღებას არ მივაქცევთ, კოლექცია ნამდვილად არ არის ურიგო.
აქ არ არის ისეთი ლამაზი და დახვეწილი ფეხსაცმელი, როგორიც ჯიმი ჩუმ შექმნა H&M-ისთვის, არც სონია რიკელის უბრალოება, რომელმაც დემოკრატიული ბრენდის სტილიც გაითვალისწინა და გარკვეული ჰიბრიდი გამოუვიდა. ლანვინის კოლექცია თავისია, სადღესასწაულო, ოდნავ ზედმეტად გამოსასვლელი კოქტეილისთვისაც კი. ამიტომ, ვფიქრობ შობა-ახალი წლის დღესასწაულისთვის ეს კაბები შესაფერისი და რაც მნიშვნელოვანია, საკმაოდ ადვილად ხელმისაწვდომი იქნება. ამაში ფასს ვგულისხმობ, რადგან თბილისში როდის აღმოჩნდება სამოსი ამ კოლექციიდან, უცნობია, მსოფლიოს მასშტაბით კი ოფიციალურად 20 ნოემბრიდან გავიდა გაყიდვაში.
დიზაინერები თავიდანვე მყიდველთა დიდ ნაკადს ელოდებოდნენ. H&M-ის საიტზე მიმართვაც კი დაიდო, რომელიც მომხმარებელს ინსტრუქციებს აძლევდა, როგორ უნდა ჩამდგარიყვნენ რიგში და რანაირად მოქცეულიყვნენ, თუ პირველ 320 ადამიანში არ მოხვდებოდნენ. ამ ხალხს კი გადაეცემოდა სამაჯურები, რომლებზეც მითითებული იქნებოდა შოპინგისთვის გამოყოფილი დრო. მოკლედ, მაღაზიები ნამდვილმა სიგიჟემ მოიცვა, მანამდე კი ამ კოლექციაზე ყველა მოდის ვებსაიტმა თუ ბლოგერმა დაწერა, ვისაც წერა შეეძლო.
ვფიქრობ, ასეთი მოლოდინი გამართლებული იყო. უკვე აღვნიშნე, რომ კოლექციის მიმართ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები გამიჩნდა, თუმცა ეს ნივთებს არ ეხება, თუ არ ჩავთვლით ჭრელ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მოცისფრო ბაფთით, რომელსაც ჩემს გარდერობში არ ვისურვებდი. სამაგიეროდ, კაბები ძალიან, ძალიან ლამაზია. განსაკუთრებით წითელი, მრავალფენიანი, და ასევე ოდნავ უფრო ღია ფერის კაბა, რომლითაც სარეკლამო რგოლში მოდელი შხაპს იღებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ასევე H&M-იცაა, ფასები ცოტა მაღალი მეჩვენა (კაბები 200 დოლარი ღირს). სამაგიეროდ, ნახატიანი უბრალო მაისურის ფასი, რომელიც ვიდეოში ნატაშა პოლის ძალიან უხდება, მხოლოდ (?!) 40 დოლარია.
79,95$
მამაკაცის კოლექცია ძალიან ელეგანტური გამოვიდა. მასში არის კლასიკური სტილის პიჯაკები, რომლებიც ნახატებიან მხიარულ მაისურს უნდა შეუხამოთ, თუმცა არის სპორტული სტილის ჟაკეტებიც. კოლექციიდან ყველაზე მეტად ლურჯი პალტო და ნაცრისფერი ბალადა მომეწონა. იმავეს თქმა შემიძლია კაშკაშა ფერის ფეხსაცმელსა და სმოკინგებზეც, თუმცა ისინი ყოველდღიურობისთვის არაპრაქტიკული ნივთებია და მართლაც დღესასწაულებზე თუ გამოდგება. სამაგიეროდ, ვარდისფერი პრიალა ფეხსაცმლის შეძენა სულ რაღაც 79 დოლარი და 95 ცენტი დაგიჯდებათ, ეს კი ხუმრობა საქმე არ არის, ის ხომ ლანვინია!­


კაბა, 199$

             
კოსტიუმი 299$

პალტო, 249$, კაშნე 49.95$
ფეხსაცმელი, რომელშიც 9$ არ გადავიხდიდი, 99$ 
   
პალტო, 199$, მაისური 49.95$
კაბები 199$ <3


18 comments:

  1. წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში სკამზე ჩამოჯექით, ერთ ხელში პლასტმასის ერთჯერადი ჭიქით "გაზიროვკა" გიჭირავთ და მეორეში კი "სლაიონი" ხაჭაპური, ზეომოთ კი სახლის აივანზე ვიღაც ტიპი "დომ პერინიონებით" ქეიფობს, ჰოდა ხსნის ბოთლს და შამპანურის შხეფები დაბლა ისხმება და თქვენს პლასტმასის ჭიქაში ეწვეთება - აი ესაა ამგვარი თანმშრომლობა მეტი არაფერი. ;)

    და რატომ უნდა ვიყიდო 80 დოლარად H&M ფეხსაცმელი, როცა შემიძლია 20 დოლარიც დავამატო და Kenneth Cole ვიყიდო?

    ReplyDelete
  2. ფეხსაცმელზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ 200 დოლარს რომ 20-ს ვერ დაამატებ და ლანვინს ვერ იყიდი ხო იცი? ლანვინის კაბები სამი ათას ფუნტზე მეტიც ღირს :/

    ჩემი აზრით საშუალო კლასისთვის მშვენიერი კოლექციაა. წერენ, რომ ხარისხი კარგია და თან ეს ხო არაა just H&M, ხელწერა ელბაზისაა აღიარე : ))) H&M დაგვიხატავს ასეთ შიკარნი რამეებს :D

    ფეხსაცმელს რომ დავუბრუნდეთ, ამაზე ჩემი აზრი უკვე ვთქვი. 99 დოლარი კი არა... მაგრამ კაბები <3

    ReplyDelete
  3. ჯერ ერთი სულაც არ ვფიქრობ რომ ქოლი ცუდი დიზაინერია, მით უფრო რაც შეეხება ფეხსაცმელებს. :)
    აი, მალე დავწერ ფეხსაცმელზე, რომელიც მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხსაცმელი. ;)

    მერე კი ჩემი აზრი შენ იცი (და ჩემი პოსტიც წაკითხული გაქვს H&M-ზე) ეგეთ რამეებზე. მე მიყვარს ლეგენდები და ისტორიები რაც ბრენდებს სდევს და ეგ ასეთი მარტივი სფილოვერით ვერ გადავა სხვა ბრენდზე, მაგრამ ბრენდის ქვედა ხაზებზე გადადის.

    არმანი ბლექ ლეიბლ/პრივე ჩემთვის რომ ძალიან-ძალიან ძვირია, ამიტომ ვყიდულობ იქსჩეინჯს. :) ეს ჯობია.

    ReplyDelete
  4. არც მე ვფიქრობ რომ ქოლი ცუდი დიზაინერია

    სხვა ბრენდზე რომ გადავა არც მე მგონია და არც ვფიქრობ რომ მაგაზე ფიქრობდნენ საერთოდ :) ხო იცი არა, H&M-ს უყვარს ასეთ პროექტები. ზოგი გამოდის, ზოგი - არა. ამ კოლექციაში იყო ძალიან კარგი რამეებიც და წყალში გადასაყრელიც, პრინციპში ტონკი კრიტიკა იყო წერილში და შეამჩნევდი ალბათ :)

    ზოგადად ასეთი ერთობლივი პროექტები კი ცნობისმოყვარეობას უფრო იწვევს ჩემში, ვიდრე ისეთ ისტერიკას ახლა H&M-ის მაღაზიებში რომ არის ))

    ReplyDelete
  5. ქოლი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდია ზოგადად. კარგი დიზაინერია, საინტერესო ადამიანი, კარგი სეილსმენი და ნორმალური ფასები აქვს. :)

    ისე, მეც მაქვს ერთი-ორი ეგეთი რამე... ორი. H&M არა, მაგრამ სერიიდან John Bartlett for Liz Claiborne. :)

    ისე, Lanvin თუ აქვს ქვე-ბრენდი არ ვიცი. მგონი არ აქვს.

    ReplyDelete
  6. არა, ეგეთი არაფერი გამიგია :)
    ქვებრენდებიდან DKNY მაქვს და ერთობლივებიდან მგონი არაფერი )) ლანვინზე ხო არ მეფიქრა, ვარდისფერ ტუფლებზე? :))))

    ReplyDelete
  7. DKNY მაგარი რაამეა.
    საერთოდ, დონა ის მიყვარს, ხანდახან ლამაზი მგონია. :)

    ქვე-ბრენდები ბევრი მაქვს. DKNY, CK, Armani Exchange, Lauren... მადლობა უსა2ჯორჯიას ;)

    წითელზე. 99$.

    ReplyDelete
  8. არა მე კაცის ვარდისფერებზე გეუბნები :))) ქალის საერთოდ არ მომეწონა)
    ოო დონა მე ეგრე არ მიყვარს, ლამაზი რომ მეგონოს : )))

    ReplyDelete
  9. ეგ ალბათ უფრო ღია ბორდოსფერია (burgundy რომ უძახიან) და სურათზე ჩანს ცუდად. ძალიან პოპულარული ფერია მამაკაცის ფეხსაცმელში ყველა გამით. ეგ ლაკირებულია აშკარად და ალბათ ამიტომ მოვარდისფროდ ჩანს.

    ის სურათი ნახე ფბ-ზე კარლა ბრუნი უკნიდან? კაი ფეხსაცმელი აცვია.

    ReplyDelete
  10. es burgundy ar mgonia :D http://www.goodtastefactory.com/wp-content/uploads/2010/11/lanvin-hm-fashion-men-purple-shiny-derby-laceup-shoes.jpeg

    კარლას ლინკი, ფლიიზ :)

    ReplyDelete
  11. მართლა ვარდისფერი ყოფილა :)
    არა საჩემო არაა. :)
    თუმცა, მეც მაქვს ტრადიციული შავ და ყავისფერი ფეხსაცმლის გარდა სხვადასხვა - ბორდოსფერიც, ლურჯიც, მწვანეც :)
    Make it in colors!

    ReplyDelete
  12. მიყვარს ფერადი აქსესუარები :)) მწვანე მეც ძალიან მინდა, მაგრამ ძალიან იშვიათად ვნახულობ და ხან ფორმა არ მომწონს და ხან რა :/

    ReplyDelete
  13. მე ვარ საშუალო კლასი და მიმიშვით :D :D

    ძალიან მაგარი რაღაცეებია, ძალიან მომეწონა.
    ახლა უცებ წარმოვიდგინე საკუთარ ქორწილში მე ეგ კაბა რომ მეცვას და ნეფეს - ეგ "ბუტილკა" შარვალ. ანუ როგორებიც სურათებზე არიან. რა კულტურული შოკი იქნებოდა, წარმომიდგენია :D ძირს ქალის შაბლონური თეთრი კაბა და მამაკაცის შაბლონური ერთი სტილის შარვლები და პიჯაკები.

    ReplyDelete
  14. მიყვარს H&M.. ნინა მე მწვანე ჩექმები მააქვს <3 :)

    ReplyDelete
  15. kate,
    ჰო, ქორწილის ტრადიციული ჩაცმულობა არც მე მაგიჟებს მაინცდამაინც :)))

    liksi,
    ვიცი
    და არ დამვიწყებია მაღაზიის გახსნას რომ აპირებდი თბილისელებისთვის :)))
    მწვანე ჩექმები შემშურდა :D

    ReplyDelete
  16. მოდის ინდუსტრიას ბევრი ასეთი თანამშრომლობის ისტორია ახსოვს.

    მაგალითად :
    ვიქტორ & როლფ H&M–სთვის და კიდევ ბევრი სხვა

    http://taa.ge/2009/11/why-wearing-hm-is-prestigious/
    http://taa.ge/2009/11/why-wearing-hm-is-prestigious-part2/

    ReplyDelete
  17. განსაკუთრებით წითელი, მრავალფენიანი,

    კრასატააააააააააააა
    ვისურვებდი

    ReplyDelete
  18. ლანვინ–ნელანვინ, მაინც ნაგავია ეს ეიჩ&ემი :/ ვთქვი ეს და ტანზე დავიხედე, რაც მაცვია, ჟაკეტი და ე.წ. "საროჩკა", იქ მაქვს ნაყიდი :დ რას ვიზამ, სანამ შანელს შევწვდები, ჰენესს და მორიტცს ვეთამაშები :|
    ბერლინის ეიჩ&ემში ახლა სასწაულად შემაწუხებელი წითელი ფერი მეფობს (შობის გამო, სავარაუდოდ). მაგრამ ლურჯი ქუდები და შარფები მომწონს.

    პ.ს. ვადერის პირველი კომენტარი მომეწონა :ლოლ: მეც ზუსტად ეგ ვიფიქრე, ოღონდ ასე მხატვრულად არა :)))

    ReplyDelete