Monday, December 13, 2010

Le croissant du trottoir

არის ხოლმე მომენტები, როცა თავი აბსოლუტური ბურჟუა მგონია. ობივატელი, რომელიც წვრილმანი, ძალიან პირადი სიამოვნებებით ცხოვრობს და სხვა ყველაფერი სულელურად მიაჩნია. ეს, ალბათ, მეშჩანურ-ჰედონისტური დამოკიდებულებაა. რა ვქნა, ნაკლებად მჯერა ადამიანების, რომლებიც წვრილმანებით მაქსიმალური სიამოვნების მიღებას არ ცდილობენ. მოკლედ, გადავწყვიტე ფილიპ დელერმის ჩემი საყვარელი ობივატელური ჩანახატი მეთარგმნა. ეს ლიტერატურული თარგმანის ჩემი პირველი, უპრეტენზიო მცდელობაა, ამიტომ კრიტიკას ნუ დაიწყებთ, უბრალოდ წაიკითხეთ, თუ იზიარებთ ცხოვრების ჩემეულ ესთეტიკას. კიდევ ერთი, ის თარგმნილია არა მხოლოდ ფრანგულიდან, რუსულიდანაც. ამ ენაზე ისე ბრწყინვალედ ითარგმნა, რომ მომენტებში ორიგინალს ჯობს კიდეც. ჰოდა, ცდუნებას ვერ გავუძელი და ეს მომენტები რუსულიდან მოვიპარე.

კრუასანი ქუჩაში

გაიღვიძო ყველაზე ადრე. უჩუმრად, როგორ ინდიელმა, ჩაიცვა, გახვიდე გარეთ. მესაათის ზუსტი მოძრაობებით გააღო და მიხურო გასასვლელი კარი შენს უკან. არის! ქუჩაში დილაა, ლურჯი, ვარდისფერი არშიით - შეხამება უხამსი იქნებოდა, რომ არა სტერილური სიცივე. ყველა ამოსუნთქვაზე პირიდან ორთქლი ამოდის. თავისუფლად, მსუბუქად გრძნობ თავს ქუჩაში გამთენიისას და კარგიც კია, რომ საცხობამდე ფეხით გავლაა საჭირო. თითოეული ნაბიჯი - დღესასწაულია. მიაბიჯებ, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, კერუაკივით, შენ ყველას და ყველაფერი დაასწარი. საკუთარ თავს იჭერ იმაში, რომ ტროტუარის კიდეზე მიაბიჯებ, როგორც ბავშვობაში, როცა ყველაზე საინტერესო ყოველთვის კიდეზე სიარული იყო. შენ ჩუმად გამოსტაცე დღეს დროის სუფთა პორცია, სანამ ყველას ეძინა.


თითქმის ყველას! აქვე სადღაც უნდა ენთოს და ათბობდეს საცხობის ვიტრინა, მართალია ნეონის შუქით, თუმცა თავად სითბოზე ფიქრი აძლევს მას ქარვის თბილ ფერს. რომ მიუახლოვდები, შუშა დაორთქლილი უნდა იყოს, მცხობელმა კი ის გულღია სალამი შემოგაგებოს, რომელსაც ყველაზე პირველი კლიენტებისთვის ინახავს.


- ხუთი კრუასანი და ბაგეტი, არც ძალიან დამწვარი!


ჯიხურის სიღრმიდან ამოყვინთავს მცხობელი ფქვილით მოსვრილი მაისურით და გიგზავნის მისასალმებელ ჟესტს, როგორც ამხანაგი ბრძოლის წინ. 


და აი, შენ კვლავ ქუჩაში ხარ. გრძნობ, უკანა გზა სულ სხვა საქმე იქნება. ქუჩა ისეთი ცარიელი აღარ არის, ბაგეტით ერთ ხელში და კრუასანების შეკვრით მეორეში წაუბურჟუებ. სამაგიეროდ, კრუასანი მიგაქვს. ის თბილია და რბილი. გამოდის თითქოს ზამთრის დილა იქცა კრუასანის შიგთავსად, შენ კი - ღუმელი ხარ, სახლი, თავშესაფარი. მიდიხარ უფრო ნელა, მიგაქვს შენი სინათლე ამ მონაცრისფრო-ვარდისფერ სილურჯეში. დღე მხოლოდ იწყება, საუკეთესო კი უკვე შენთანაა.



P.S. ჰო, სინამდვილეში ის ობივატელურ-ჰედონისტური ამბები შესავალი იყო.
ამასწინათ ნატალიას საკონდიტროს გახსნის იდეა დაებადა, მე და ქეითმა კი დახმარება შევთავაზეთ. იმედია, ბაბისაც შემოგვიერთდება, ხო იცით რა დესერტებს აკეთებს ხოლმე. ეს პოსტი საკონდიტროს, რომელიც დილით ძალიან ადრე გაიღება ხოლმე, პირველი რეკლამაა, მენიუში კი ნაირნაირი ტკბილეულობა, ფრანგული კრუასანები და იტალიური ნაყინი გელოდებათ. კრუასანებზე კი დელერმის ფანებს პირადად მე, კრუასანების მცხობელი, ფასდაკლებას ვთავაზობ. ეხლა ნატალიას აწეული წარბებიც დავინახე, ამიტომ წინასწარ ვაზუსტებ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ჰონორარიდან გამოიქვითება.
ვიტრინაზე კი კარგად მოაკაკუნეთ.
დილით ძილი ჩემთვის, ბურჟუა ჰედონისტისთვის ყველაზე დიდი ცდუნებაა.

16 comments:

  1. მამან, ბიზნესს იწყებ?
    მე დღემდე იტალიიდან ყველაზე მეტად დილის საუზმე მენატრება, იტალიურ ბარში კრემიანი კრუასანითა და კაპუჩინოთი.
    თუმცა, პარიზულიც ჯანდაბას, არც მაგაზე ვიტყოდი უარს :))

    ReplyDelete
  2. რა კარგია, რომ თარგმნე!
    მეც მინდა ასეთი დილა, კრუასანებიანი :) მაგრამ ვცდილობ, ჩემი დილების წვრილმანებით ვისიამოვნო, ხანდახან მაინც :)

    ნატალიას საკონდიტროს ამბები წავიკითხე და წარმოვიდგინე, როგორი აურა დამხვდებოდა იქ, თქვენ გამო :)

    ReplyDelete
  3. pinkibu
    ჩემი კრუასანიც კრემიანი იქნება, ანტრეს ცარიელი ცომი არ მიყვარს :/

    Keti
    საკონდიტროს კედლების გაფორმება შენზეა :)))

    ReplyDelete
  4. სიამოვნებით :))

    ReplyDelete
  5. mshierze tbili, rbili kruasanebis warmodgena, arctu iolia :))
    targmani mshvenieria :)

    ReplyDelete
  6. მე ორივე როლში მომინდა ყოფნა - კრუასანების საყიდლად რომ მივდიოდე დილით, ან პირველ სტუმარს ველოდებოდე ['კლიენტს' არ ვეძახი, ძალიან მარკეტინგულად ჟღერს :D].

    რა კარგი იყო ნინა, უკვე წარმოვიდგინე ჩვენი საკონდიტრო, სისხამ დილით რომ გაიღებოდა. ფასდაკლებებზე წარბებს არ ავწევ, ყოველთვის გვექნება, სხვადასხვა ტკბილეულზე :))

    პ.ს წვრილმანებით სიამოვნების მიღება უფრო მეტად მახასიათებს მგონი, ვიდრე რამე გლობალურით :))

    ReplyDelete
  7. ნინო,

    დიდი მადლობა :))

    ნატალია,

    შენ როგორც საკონდიტროს მეპატრონე, შეგიძლია ცოტა გვიან მოხვიდე, პირველი კლიენტი იყო და მერე ერთად დაველოდოთ მეორეს : )))

    ReplyDelete
  8. აბა, აბა.... ანტრესგან ხელები შორს.
    ნამდვილი, პარიზული ნამცხვრები აქვთ, აი გვერდიგვერდ რომ დადო ვერ გაარჩევ.

    მე შოკოლადიანი ნამცხვრები მიყვარს.

    ReplyDelete
  9. ნამცხვრები ნამდვილად კარგია :)
    კრუასანს კი ვერ ვჭამ, პენ ო შოკოლიას მარტო

    ეგეცაა, კონკურენტის ჩაძირვა მინდოდა :D

    ReplyDelete
  10. მეც ორივე პოზიციაზე მინდა ვიყო.
    ცარიელ ქუჩაში მივაბიჯებდე და საკონდიტროს მიმართულებით მიცემდეს გული.
    ამასთანავე სულ ამ წუთას ღუმელიდან გამოღებულ კრუასანებს ფქვილიანი ხელიდან ვაწვდიდე გაყინულ ხელს.
    და მესამე - საყვარელ ადამიანს მოჰქონდეს ჩემთვის ამ საკონდიტროდან კრუსანებიც, ცხელი რძე, ფუნთუშები, ბანანი, ფორთოხლისა და ალუბლის წვენი..... მმმ... რამე გამომრჩა???
    და ცხელ ლოგინში მორთმეული საუზმე რა ნეტარებაა... :love:

    ReplyDelete
  11. ააჰ :)) ცხელ ლოგინში მორთმეული საუზმე : ))))))

    ჩვენი საკონდიტროს შემდეგ რეკლამას ერთობ პიკანტური ელფერი დაკრავს, როგორც ვატყობ :D

    ReplyDelete
  12. ნუ ახლა, ღმერთო ჩემო :ბოლი:



    :ppppppppp

    ReplyDelete
  13. ჰმ, ანუ შენ იმ გოგოებს მიეკუთვნები ანაკრეონტის ლირიკა და ეპიკურეს მოძღვრება რომ იციან?

    უნდა მეკითხა რას ნიშნავს ჰედონიზმი (დიდება გუგლს) :)

    კრუასანი მომეწონა.

    ReplyDelete
  14. ეპიკურეს მოძღვრება ვიცი, თუმცა არ მომწონს)) ანაკრეონტის ლირიკის აზრზე არ ვარ ))
    მადლობა, მიხარია :)

    ReplyDelete
  15. უკაცრავად , ეგ ქუჩა რიშელიეს სახელობის ხომ არაა?
    ფიშტი ოცნებაში, როგორც შავ ზღვაზე არ გაკეთდება კარგი ხინკალი, ისე თბილისში კრუასანიო, ნათქვამია.

    ReplyDelete
  16. cartwheel

    სამწუხაროდ არ ვიცი რა ქვია ქუჩას )
    ჯერ ჩვენი კრუასანები არ გაგისინჯავთ :)))

    ReplyDelete