ორიოდე საუკუნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთში. კანზასში. ან არიზონაში. ან დაკოტაში. თავში ოქროს მაძიებლის ფიქრები გიტრიალებთ, თანაც ეს-ესაა ბიზონი მოინადირეთ და თავს ველური დასავლეთის მთავარი გმირივით გრძნობთ. მთავარია, ინდიელებმა არ დაგირღვიოთ იდილია. ან ბანდიტებმა. ან ბოროტმა კოვბოიმ. ყველაფერი მარტივდება, თუ თქვენ თავად ხართ კოვბოი. კარგი, ცუდი თუ ბოროტი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია არ ენდობოდეთ არავის და იარაღიც ყოველთვის შემართული გქონდეთ.
ყველაფერი კიდევ უფრო მარტივდება, როდესაც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, ამერიკის დასავლეთი ნაწილიდან მოშორებით ცხოვრობთ. მოშიშვლებული პეიზაჟი და მზისგან გადამწვარი ტრამალები შორსაა. არც ინდიელების თავდასხმაა მოსალოდნელი. გაცვიათ ისე, როგორც კოვბოის, თავს კი ისე გრძნობთ, როგორც ველური დასავლეთის მთავარი გმირი, მიუხედავად იმისა, აღმოაჩინეთ თუ არა ოქრო ან გზააბნეული ბიზონი.
სიუჟეტის შექმნა უფრო და უფრო მარტივდება, როდესაც წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს ათვალიერებ. ამ სეზონზე დიზაინერებმა ვესტერნის სტილი გააცოცხლეს, თუმცა კოვბოი ნამდვილად დაიჩაგრა, უფრო სწორად, სქესი შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ველური დასავლეთის სტილი დროდადრო აქტუალური ხდება ხოლმე პოდიუმებზე, წელს ის მოულოდნელი მიმართულებით განვითარდა, რადგან აქტუალური ქალი-ზოროს სახე გახდა, მამრობით სქესს კი ბოჰემური, ყვავილებით მოჩითული პერანგები და განებივრებული ბიჭის იმიჯი ერგო. ერთადერთი, რაც ბოლო ხანებში კაცებს შეეძლიოთ მოერგოთ კოვბოის გარდერობიდან, მისი წაგრძელებულ წვერიანი ჩექმა იყო.
![]() |
Ralph Lauren SS 2011 RTW |
სამაგიეროდ, მდედრობით სქესს ფართო არჩევანი გაუჩნდა. თუმცა, სანამ კოლექციების განხილვას დავიწყებდეთ, გავიხსენოთ, რა კომპონენტების გამაერთიანებელია ვესტერნის სტილი მოდაში. ის, პირველ რიგში, მოხერხებულობას გულისხმობს. კაბები თუ ქვედაკაბები აუცილებლად თავისუფალი სტილისაა, რომ მოძრაობას არ შეუშალოს ხელი. ქანთრის ტრადიციული ფერები ყავისფერი, ბაცი მწვანე, მოწითალოა. ხავერდოვანი ტყავი (ზამში), ფოჩებიანი ან მაქმანებიანი ტანსაცმელი თუ აქსესუარები, კუბოკრული ქსოვილი უკვე იწვევს ველური დასავლეთის ასოციაციას. თუ ამას ფოლკლორულ ორნამენტებს დავუმატებთ, ქანთრის აუცილებლად მივიღებთ. ეს სტილი საკმაოდ იოლია აგერიოს ჰიპურ ჩაცმულობაში, თუმცა მათი გარჩევაც არ არის რთული. საქმე ისაა, რომ მიუხედავად თავისუფალი სილუეტებისა, ჰიპი კონცეპტუალურადაც ასეთია. ვგულისხმობ, რომ ის მეტად თავისუფალია, ვიდრე ქანთრი. ეს უკანასკნელი სტილში გარკვეული წესების დაცვას გულისხმობს.