Thursday, April 14, 2011

ჩანაწერები საქართველოს მოდის კვირეულიდან

დაიან პერნესგან სულ რამდენიმე ნაბიჯი მაშორებს. ეს თალხებით შემოსილი ქალი ყოველთვის იყო ჩემთვის მისაბაძი, როგორც მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბლოგერი და ჟურნალისტი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ამ სფეროს პოპულარიზაციას და განვითარებას მიუძღვნა. მისი ფილმების ფესტივალი ეს-ესაა დამთავრდა, მუსიკა კი ისე ხმამაღლა უკრავს, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მისგან ინტერვიუ ავიღო. საბოლოოდ ყოყმანს ვწყვეტ და თითქმის ყვირილით ვაცნობ საკუთარ თავს.
დაიან პერნე საქართველოს მესამე მოდის კვირეულის (შემოდგომა 2011) საპატიო სტუმარია. ის მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა. კარიერა ნიუ იორკში დაიწყო, როგორც დიზაინერმა და ფოტოგრაფმა, შემდეგ კი პარიზში გადასახლდა, რის შემდეგაც მოდის ჟურნალისტიკით, კრიტიკითა და რეჟისურით იყო დაკავებული. წერდა მოდის ძალიან გავლენიანი ჟურნალებისთვის, დღეისათვის კი საკუთარ ბლოგსა და მოდისა და ფილმების გამოფენების მოწყობაზე ზრუნავს. ვეკითხები, ვინ არის მისი ფავორიტი ქართველი დიზაინერებიდან. "ნინო... სოფია გეტყვის, ვინც არის", - მეუბნება დაიანი და სოფო ჭყონიას მიმართავს იმავე კითხვით. აღმოჩნდა, რომ საუბარია ნინო ჩუბინიშვილზე, რომლის ნამუშევრებმაც პერნეზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე წუთი ვსაუბრობთ. მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან ვიცი, რომ პარიზში ძალიან უყვარს ალექსანდრეს ხიდზე სიარული. ჩვენთან თუ აღმოაჩინეთ ადგილი, რომელიც შეიძლება შთაგონების წყარო გამხდარიყო-მეთქი, ვეკითხები. მპასუხობს, რომ ძალიან მოსწონს ჩვენი აივნები, თუმცა ეს უკვე ვიცოდი მისი ბლოგიდან. პერნე ბლოკნოტში ჩანაწერს მიტოვებს: "გააგრძელე. დაიან პერნე, 2011 წლის 2 აპრილი". მე მოვდივარ და გზაში უკვე ჩემს შთაბეჭდილებებზე ფიქრს ვიწყებ, დეტალებზე, რომლებიც ყველაზე თვალშისაცემი იყო საქართველოს მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციებიდან.

სანამ ამ დეტალებზე ვისაუბრებდე, ამბის მოყოლას ოდნავ შორიდან დავიწყებ. უფრო კონკრეტულად კი, 31 მარტის საღამოდან, როდესაც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საქართველოს მოდის კვირეული შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის დაიწყო. ის ცნობილი ფრანგი კოლექციონერის, ბასტიან დე ალმეიდას ჩვენებამ გახსნა თავისი ვინტაჟ კოლექციით ძველი, გლამურული ჰოლივუდის სტილში.
მოდის კვირეულს საკმაოდ დატვირთული განრიგი ჰქონდა და საინტერესოდ წარიმართა. მასში თოთხმეტმა ქართველმა და სამმა უცხოელმა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენებების გამართვის გარდა, იყო კიდევ რამდენიმე ღირსშესანიშნავი მოვლენაც, მაგალითად დაიან პერნეს ფილმების ფესტივალი, ასევე სოფი ტრემის მასტერკლასი, რომელიც მან მოდის ბიზნესის საფუძვლების თემაზე სპეციალურად დიზაინერებისთვის ჩაატარა. საერთოდ, როდესაც ამ პროექტზე საუბრობ, მთავარი, რაც უნდა აღინიშნოს იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც დიდ მოწონებას იმსახურებს, მისი ორგანიზატორული მხარეა. ეს არის ძალიან სწორად დაგეგმილი პროექტი, რომელიც უდავოდ შეუწყობს ხელს მოდის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.
ამაში, უმთავრესად, პროექტში ცნობილი უცხოელი ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების, მოდის ექსპერტების მონაწილეობას ვგულისხმობ. ცხადია, რომ სოფო ჭყონია ძალიან ეფექტიანად ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობებს. ნუნცია გაროფოლოს, დაიან პერნესა და მოდის სფეროს სხვა ასეთი ავტორიტეტული ადამიანების დასწრება ამგვარ ღონისძიებებზე დიდი სტიმულია ქართველი დიზაინერებისთვის, თუმცა ეს დადებითად იმოქმედებს არა მხოლოდ ქართული მოდის, არამედ საქართველოში ტურიზმის განვითარებაზეც. თუ შეიხედავთ პერნეს ბლოგზე (www.ashadedviewonfashion.com) და თვალყურს მიადევნებთ მის შთაბეჭდილებებს, იმას, როგორაა მოხიბლული ქართული არქიტექტურით, აქაური მასპინძლობით და ა.შ. მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ (მის ბლოგს ყოველდღიურად მინიმუმ 6000 მნახველი ჰყავს).
ზოგიერთი ქართველი დიზაინერების ნამუშევრებმა საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინეს უცხოელ სტუმრებზე. ექსპერტებმა ფავორიტებად ბათუმელი დიზაინერი, გოგა ნიქაბაძე და ლელა ქულიანი დაასახელეს, ასევე მოწონება გამოთქვეს ანუკა ქებურიას აქსესუარების მიმართ. სოფი ტრემმა, რომელიც ცნობილი შოურუმის TRANOI-ს წარმომადგენელი გახლავთ, აღნიშნა, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებს ქეთი ჩხიკვაძესთან, რადგან ის მაქსიმალურად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. გამოითქვა სინანულიც იმის გამო, რომ ქართველი დიზაინერები ნაკლებად ქმნიან მოდას კაცებისთვის, არადა ძალიან საინტერესო შედეგის მიღება იქნებოდა შესაძლებელი ჩოხის მოდერნიზებით.
უნდა აღინიშნოს, რომ კოლექციებში წარმოდგენილი ნივთების საშუალო ფასები საკმაოდ მისაღებია. იმავე ფასად, როგორადაც შეიძენთ ტოპშოპის რომელიმე უბრალო მაისურს, შეგიძლიათ აკა ნანიტაშვილის ტანსაცმლის ყიდვაც. ძალიან მომეწონა მისი მაისური, რომელზე გამოსახული რეტრო სტილის სურათი თეთრი თვლების ჩარჩოში იყო ჩასმული და ას ოცი ლარი ღირდა. შესაძლოა, ზოგიერთისთვის ეს ფასი არც ისე ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ მსგავსი მაისურის საკუთარი ხელით შექმნას წინ არაფერი უდგას. მთავარი ხომ სტილია და ამ სტილის მიმბაძველები, რომლებიც დიზაინერის ცნობადობას და აღიარებას განაპირობებენ, მიუხედავად იმისა, ატარებენ თუ არა მისი ხელით შეკერილ სამოსს.
დრაპირება, ასიმეტრიული ფორმები, ჰაეროვანი კაბები ბოლო ხანებში პოპულარული იყო და ამან ქართველი დიზაინერების ნამუშევრებზეც მოახდინა გავლენა. სამწუხაროდ იმაზე დიდი, ვიდრე ეს სასურველი იქნებოდა, რადგან კოლექციებში ნაკლებად იგრძნობოდა თვითმყოფადობა, სტილის ავთენტურობა. მოდის კვირეულზე დომინირებდა შავი, მკვეთრი წითელი, ძალიან მუქი ვარდისფერი ფერები. არაორდინარული და ძალიან კარგი იყო გოლას და ატელიე ინფორმალის გადაწყვეტილება, საშემოდგომო კოლექციებში ხალისიანი მომწვანო-მოცისფრო ფერები შეეტანათ. კარგი შთაბეჭდილება დატოვა დავით სულიკაშვილის ჰაეროვანმა და მინიმალისტურმა კოლექციამ, ასევე ზენკა და მარის ყავისფერსა და ნარინჯისფერ, შემოდგომის ფერებში შექმნილი ბოჰემური სტილის სამოსმა. ლამაზი და ორიგინალური იყო გოგა ნიქაბაძის ზურგამოჭრილი პიჯაკი. ყველაზე დიდი აღტაცება ჩემში მაინც გიორგი ამირეჯიბის საკმაოდ შავმა კოლექციამ გამოიწვია. არ იფიქროთ, თბილისელის გემოვნება მალაპარაკებდეს. ჩვენების ბოლოს დარბაზი ტაშით ინგრეოდა არა იმიტომ, რომ დამსწრეთა უმეტესობას შავ ფერზე შეყვარებული ქართველები შეადგენდნენ. უბრალოდ, ისეთი დახვეწილი ფორმების პოვნა, იდეის ექსპრესიის უნარი, როგორიც ამირეჯიბს აქვს, ბევრ წარმატებულ კოლექციაში გაგიჭირდებათ.
მიუხედავად პოზიტიური შთაბეჭდილებებისა, მაქვს უკმარისობის გრძნობაც, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ კოლექციები იყო საკმაოდ კონსერვატორული იმის ფონზე, რომ მოდის კვირეულში ძირითადად ახალგაზრდა დიზაინერები იღებდნენ მონაწილეობას. ვფიქრობ, მეტი ექსპერიმენტულობა, ანარქია, არაორდინარულობა მათგან უფრო მისაღები იქნებოდა. ამასთან, როგორც აღვნიშნე, შეიმჩნეოდა ცნობილი უცხოელი დიზაინერების შექმნილი კოლექციების გავლენაც. შესაძლოა, მოთხოვნა რევოლუციურ ნამუშევრებზე არაადეკვატურად ჟღერდეს, როცა მოდის კვირეული ჩვენში ჯერ მხოლოდ მესამედ გაიმართა, მაგრამ მე მაინც არ მგონია, რომ ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს დიზაინერის ფანტაზიასთან. სამყაროში უამრავი იდეა არსებობს იმისათვის, რომ უკვე მრავალჯერ განხორციელებული არ გაიხადო შთაგონების წყაროდ. უცხოელმა ექსპერტებმა ჩემთან პირად საუბარში აღნიშნეს ისიც, რომ პოდიუმზე ხედავენ ბევრ იდეას, რომლებსაც უფრო დასრულებული სახის მიცემა ესაჭიროება. აქ კი უკვე მართლა დრო თამაშობს გადამწყვეტ როლს, რომლის გასვლასთან ერთად, იმედი მაქვს, ჩვენი მოდის ინდუსტრია უფრო დაიხვეწება მის შემქმნელებთან ერთად და ცნობადი გახდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ისე კი, როდესაც ქართული მოდის კვირეულს ესწრები, ყველაზე დიდი უკმარისობის განცდას მაინც წინა რიგებში მოდის კრიტიკოსების ნაკლებობა ქმნის. ცხადია, აქ ქართველ კრიტიკოსებსა და ჟურნალისტებს ვგულისხმობ, რომელთა არსებობაც ძალიან მნიშვნელოვანია მოდის ადგილობრივი ინდუსტრიის შემდეგი განვითარებისთვის. ამ თემაზე MODEMONLINE-ის წარმომადგენელს, ელენა ფილიპოვას ვესაუბრე. მისი აზრით, მოდის ჟურნალისტიკა თანდათან ჩვენშიც გახდება პოპულარული, მოდის კვირეულების რიცხვის ზრდასთან ერთად. ერთი ეგაა, რომ ამ უკანასკნელთა რიცხვი არც ისე მნიშვნელოვანია, გადამწყვეტ როლს ხომ წარმოდგენილი კოლექციების ხარისხი თამაშობს. მათი გაუმჯობესება კი, ვფიქრობ, არც ისე სწრაფად მოხდება პროფესიონალური კრიტიკის ნაკლებობის გათვალისწინებით.

13 comments:

  1. ნინა აი იმ ღონისძიებაზე არაერთხელ ახსნენეს ბლოგი, როგორ თავისუფალი სივრცე. შენ მახსენდებოდი და აგერ დაიანის მაგალითიც ბრწყინვალეა.
    ერთადერთი პრობლემა ამშემთხვევაში არის ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინტერნეტი და ვისაც აქვს, არიქა ბლოგის მკითხველები არ არიან.

    ჩემი აზრით, გამორჩეული "ეფ"კრიტიკოსი ხარ და შენც უწყობ ხელს განვითარებას მსგავსი ღონისძიებების გაშუქებითა და განხილვით. სამომავლოდ ეს ყველაფერი შედეგს მოგვცემს და ამაში შენი წვლილიც იქნება ;)

    ReplyDelete
  2. ვაი დიდი მადლობა. ეს „ეფ“ რა არის? :დ

    ReplyDelete
  3. ანუ ფეშენ :დ

    ხო მართლა, აფრიკულ ჩაი ვსვამ 1 თვეა უკვე [ოჯახის წევრებს არ ვასმევ ;დ] და ძალიან მომწონს ;)

    ReplyDelete
  4. :)) მე განწყობებზე ვწერ, მოდის სფეროს ის უსახური ნაწილი, რომელიც არ მომწონს, იშვიათად არის ჩემი ინტერესის/წერილების საგანი )

    აფრიკული როიბოსის ბუჩქის ჩაიზე ვგიჟდები <3 ციტრუსის ტონები რომ აქვს <3

    ReplyDelete
  5. რამდენჯერაც აქ შემოვდვალ ბევრი საინტერესო და წაუკითხავი პოსტი მხვდება. საფიქრალში ვვარდები ხოლმე, არ ვიცი რომელი წავიკითხო პირველი :)

    ReplyDelete
  6. @Dreamar
    დახურე და მორჩა.

    ReplyDelete
  7. როდეს დაუწერია, რისი თქმაც მომინდა :)
    მე სხვა არავინ ვიცი, ვინც მოდაზე და ზოგადად სტილზე შენნაირად წერს. ძალიან კარგი მიმოხილვები გაქვს. აი, ფეშენ ვიკს არ დავსწრებივარ, მაგრამ სისავსის შეგრძნება დამრჩა – ბევრი რამ გავიგე შენი დახმარებით.


    ამირეჯიბის ჩვენება ვნახე და მომეწონა.
    მოდელები – არა :)

    ReplyDelete
  8. მოდელი გოგონები :)

    ReplyDelete
  9. Keti, thanks :))

    ჰო, პერნე კი ამბობს, ძალიან ლამაზი მოდელები გყავთო, მაგრამ...

    ReplyDelete
  10. ბავშვობაში ვგიჟდებოდი იმათზე, მოდაზე ვინც წერდა და საერთოდ, ასეთ გლამურულ/პრიალა ჟურნალებში წერდა, ან ჩვენებებზე წინა რიგებში იჯდა მკაცრი სახით (რუსთავი 2–ზე მთელი 4 საათი რომ ფეშენ ტივის "ამღერებდნენ", ამის გავლენაა აშკარად), ახლა ნაკლებად მაინტერესებს, შენც იცი, მაგრამ წარმოვიდგინე, რა სასიამოვნო იქნებოდა, დაიან პერნთან შეხვედრა, გასაუბრება და მისგან ჩანაწერიც ბლოკნოტში.

    Keep up, Nina! :)

    ReplyDelete
  11. P.S. გადავხედე ჩემს კომენტარს – სინტაქსურად გაუმართავს, ტავტოლოგიებით სავსეს, ო მაინ გოთ!!!
    თან დაიანი პერნი კი არა, პერნე ყოფილა თურმე :/ :დ

    ReplyDelete
  12. სოფი :)) მე 24-ში და ტაბულაში ვწერ და „გლამურული“ არცერთი არაა ) წინა რიგებს რაც შეეხება, ჩვენთან ისინი კრიტიკოსებისთვის არაა განკუთვნილი )) ჟურნალისტებისთვის ადგილები საერთოდ არაა გამოყოფილი, რაზეც ერთხელაც იქნება აუცილებლად დავწერ ))

    პერნეს კინოფესტივალი (არა მარტო მასთან შეხვედრა) ყველაზე საინტერესო იყო რაც კვირეულზე მოხდა. სასიამოვნოა, რომ გაიცნობ ვიღაცას ვინც მოდას, როგორც ხელოვნებას ისე უყურებს და არა გასაყიდი ნაჭრების გროვას )

    სინტაქსებზე და ტავტოლოგიებზე არ იფიქრო ხოლმე რა :)

    ReplyDelete