Saturday, April 30, 2011

ურბანული ველური ველური დასავლეთი

ორიოდე საუკუნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთში. კანზასში. ან არიზონაში. ან დაკოტაში. თავში ოქროს მაძიებლის ფიქრები გიტრიალებთ, თანაც ეს-ესაა ბიზონი მოინადირეთ და თავს ველური დასავლეთის მთავარი გმირივით გრძნობთ. მთავარია, ინდიელებმა არ დაგირღვიოთ იდილია. ან ბანდიტებმა. ან ბოროტმა კოვბოიმ. ყველაფერი მარტივდება, თუ თქვენ თავად ხართ კოვბოი. კარგი, ცუდი თუ ბოროტი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია არ ენდობოდეთ არავის და იარაღიც ყოველთვის შემართული გქონდეთ.
ყველაფერი კიდევ უფრო მარტივდება, როდესაც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, ამერიკის დასავლეთი ნაწილიდან მოშორებით ცხოვრობთ. მოშიშვლებული პეიზაჟი და მზისგან გადამწვარი ტრამალები შორსაა. არც ინდიელების თავდასხმაა მოსალოდნელი. გაცვიათ ისე, როგორც კოვბოის, თავს კი ისე გრძნობთ, როგორც ველური დასავლეთის მთავარი გმირი, მიუხედავად იმისა, აღმოაჩინეთ თუ არა ოქრო ან გზააბნეული ბიზონი.
სიუჟეტის შექმნა უფრო და უფრო მარტივდება, როდესაც წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს ათვალიერებ. ამ სეზონზე დიზაინერებმა ვესტერნის სტილი გააცოცხლეს, თუმცა კოვბოი ნამდვილად დაიჩაგრა, უფრო სწორად, სქესი შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ველური დასავლეთის სტილი დროდადრო აქტუალური ხდება ხოლმე პოდიუმებზე, წელს ის მოულოდნელი მიმართულებით განვითარდა, რადგან აქტუალური ქალი-ზოროს სახე გახდა, მამრობით სქესს კი ბოჰემური, ყვავილებით მოჩითული პერანგები და განებივრებული ბიჭის იმიჯი ერგო. ერთადერთი, რაც ბოლო ხანებში კაცებს შეეძლიოთ მოერგოთ კოვბოის გარდერობიდან, მისი წაგრძელებულ წვერიანი ჩექმა იყო.
Ralph Lauren SS 2011 RTW
სამაგიეროდ, მდედრობით სქესს ფართო არჩევანი გაუჩნდა. თუმცა, სანამ კოლექციების განხილვას დავიწყებდეთ, გავიხსენოთ, რა კომპონენტების გამაერთიანებელია ვესტერნის სტილი მოდაში. ის, პირველ რიგში, მოხერხებულობას გულისხმობს. კაბები თუ ქვედაკაბები აუცილებლად თავისუფალი სტილისაა, რომ მოძრაობას არ შეუშალოს ხელი. ქანთრის ტრადიციული ფერები ყავისფერი, ბაცი მწვანე, მოწითალოა. ხავერდოვანი ტყავი (ზამში), ფოჩებიანი ან მაქმანებიანი ტანსაცმელი თუ აქსესუარები, კუბოკრული ქსოვილი უკვე იწვევს ველური დასავლეთის ასოციაციას. თუ ამას ფოლკლორულ ორნამენტებს დავუმატებთ, ქანთრის აუცილებლად მივიღებთ. ეს სტილი საკმაოდ იოლია აგერიოს ჰიპურ ჩაცმულობაში, თუმცა მათი გარჩევაც არ არის რთული. საქმე ისაა, რომ მიუხედავად თავისუფალი სილუეტებისა, ჰიპი კონცეპტუალურადაც ასეთია. ვგულისხმობ, რომ ის მეტად თავისუფალია, ვიდრე ქანთრი. ეს უკანასკნელი სტილში გარკვეული წესების დაცვას გულისხმობს.

ისე, ამ წესებს თანამედროვე დიზაინერები არცთუ იშვიათად არღვევენ, ამიტომ ზემოთ შედარებისას კონკრეტულად ტრადიციული ქანთრის და ტრადიციული ჰიპის სტილი ვიგულისხმე. ვესტერნმა უკვე დიდი ხანია ურბანული ხასიათი შეიძინა, ამიტომ თანამედროვე მოდაში ქანთრის სტილს, ძირითადად, რომელიმე ერთი დეტალი ქმნის ხოლმე, საკმაოდ განსხვავებულ ნივთებთან სინთეზში.  
ვესტერნის სტილის ავთენტურობის შენარჩუნების მცდელობას შეამჩნევთ Just Cavalli-ის საგაზაფხულო კოლექციაში. ჩვენება მაღალწელიანი ვიწრო ჯინსის შარვლების, კოვბოის ქუდების, თავისუფალი პერანგების და ასეთივე ფორმის ქვედაკაბების დემონსტრირებით გაიხსნა. თუმცა კავალიმ ორიგინალურობის შეტანის მიზნით ჯინსი ათასგვარი დეკორაციებით მორთო. ვესტერნის სტილში არ ჯდებოდა ფეხსაცმელიც, თუმცა მთლიანობაში ჩაცმულობა ქალს კოვბოის იმიჯს უქმნიდა.
Just Cavalli SS 2011
Hermes SS 2011
სამაგიეროდ, Hermes -ის ქალი, ტყავის შავ, ტანზე მომდგარ სამოსში გამოწყობილი და მათრახით ხელში, უფრო მეტია, ვიდრე ამერიკელი cowgirl. ძალაუფლების მოყვარე, ფატალური მხედარი ქალის პოდიუმზე გამოჩენა, მითუმეტეს ზაფხულის კოლექციაში, როდესაც მხიარული ფერები და საფარის თავისუფალი სტილი ყოველთვის დომინანტურია, მოულოდნელი და საინტერესო აღმოჩნდა. სამოსის ფერები საკმაოდ ტრადიციულ ვესტერნის სტილში იყო შერჩეული - ძირითადად ღია ყავისფერი და მუქი ქვიშისფერი დომინირებდა. აღსანიშნავია, რომ მასკულინური საწყისი და დომინანტობისკენ სწრაფვა Hermes -ის სტილში საკმაოდ საგრძნობია. კოლექცია კიდევ იმით არის საინტერესო, რომ სრულიად არ აღიქმება უადგილოდ და მიუღებლად ურბანული გარემოსთვის.
Ralph Lauren SS 2011
ამის მიუხედავად, ურბანული ფუფუნება, პირველ რიგში, Ralph Lauren -ის გაზაფხული - ზაფხულის კოლექციაში იგრძნობა. ბოლო წლების ­განმავლობაში ამ მოდის სახლმა პოდიუმზე ყველაზე დახვეწილი ვესტერნის სტილი აჩვენა. რთულია წარმოსახვაში დახატო ელეგანტური ქანთრი, უფრო მეტიც, ამის კონცეფციის დონეზე წარმოდგენაც არ არის ადვილი საქმე. ამ დროს, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე პოდიუმზე ჩნდებიან Ralph Lauren -ის მოდელები, ვიქტორიანული სტილის პერანგებსა და ფოჩებიან ვესტერნის ქვედაკაბებში, ხავერდოვანი ტყავის შარვლებსა და ამავე ნაჭრის მოკლე პიჯაკებში... განიერი ქამრები და კოვბოის სტილის ჩანთები ველური დასავლეთის სურათს დასრულებულად წარმოგვიდგენს, თუმცა დიზაინერი ამით არ დაკმაყოფილდა - ვესტერნს გლამურის ეფექტიც მიანიჭა. ამიტომ, ეს არა მხოლოდ ურბანული ხასიათის, ძალიან ელეგანტური, ბრწყინვალე კოლექციაა, რომელში წარმოდგენილი სამოსითაც ქალი-კოვბოი ინდიელებთან საბრძოლველად არა, თუმცა გულისსწორთან პაემანზე აუცილებლად წავა. რომანტიკულ განწყობას აქ გრძელი, ჰაეროვანი ღია ფერის კაბები ქმნის, რომელსაც Ralph Lauren-ის ქალი კოვბოურ ქამრებთან ერთად ატარებს.
ქანთრის სტილის სამოსს ამ სეზონზე ასევე ნახავთ აქ: Diesel Black Gold, Ashish, Gucci.
როდესაც ფიქრობ, თუ რა შეიძლება პოდიუმზე ასეთ სტილს მუსიკალურ ფონად შეურჩიო, თავში მოგდის, რომ გადახედო ბოლო პერიოდში გამოსულ მუსიკალურ ალბომებს ქანთრის სტილში. დაიწყეთ Drive-By Truckers-ის ახალი, 2011 წლის ალბომით Go-Go Boots. არ მგონია ეს ჯგუფის შემოქმედების მწვერვალი იყოს, მათი წინა ალბომიც ჯობია ახალ ნამუშევარს, მაგრამ არის რაღაც, რაც ამ ალბომს სხვებისგან გამოარჩევს. ეს არის კეთილი, მშვიდი (ალტერნატიული) ქანთრის მუსიკა, სამხრეთული სოული, რომელიც მსმენელში მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს აღძრავს. ეს განსაკუთრებით უცნაურია, თუ ალბომის თემატიკას დაუკვირდებით (მკვლელობაზეა საუბარი). მისი მოსმენისას ხვდები, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ მელოდიაა მნიშვნელოვანი, მშვიდი, მსუბუქი, გაწონასწორებული ქოვბოის მუსიკა.
შესაძლოა, უფრო მოგეწონოთ Abigail Washburn-ის ახალი ალბომი, City of Refuge. მომღერალი არ ქმნის ტიპურ ქანთრის მუსიკას. ეს უკანასკნელი, უმეტეს შემთხვევაში, ინდი-როკის, ბლუგრასის, ალტერნატიული ქანთრის სინთეზია, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს ინსტრუმენტალი ანიჭებს. ბანჯოს ხმა აბიგაილის შესანიშნავ ვოკალთან და ფოლკლორის მოტივებთან არაჩვეულებრივ აკომპანიმენტს ქმნის. შედარებისთვის, Drive-By Truckers-ის ახალი მუსიკა ნაკლებად ემოციურია, თუნდაც აბიგაილის ვოკალის არარსებობის გამო. ისე კი, Go-Go Boots არ არის ალბომი, რომელსაც ქალის რომანტიკული ხმა მოუხდებოდა - ეს თანამედროვე, ურბანული კოვბოის მუსიკაა.
მართლა, გახსენებაზე. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი კოვბოის კუთვნილ სტატუსს მომავალ შემოდგომაზე დაიბრუნებენ. DSquared2-მ ჯინსის, ტყავის, შავი ფერისა და კოვბოის ქუდების სინთეზით ძალიან მამაკაცური კოლექცია შექმნა. ეს არ არის სტანდარტული კოვბოის სახე, თუმცა სუფთა ვესტერნის სტილი, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, იშვიათად არის ხოლმე აქტუალური. კოვბოის ქუდი, როგორც დეტალი, საკმაოდ საინტერესო ხასიათს ანიჭებს ამ კოლექციას. თუმცა, ეს სულ სხვა სეზონის ამბავი და სხვა ისტორიაა.

9 comments:

  1. იოო კოვბოი ქალები მოდიან წეელს? ;დ
    გზა დაგვითმია!
    ეხა ბიონსეს ახალი კლიპიც კოვბოური იქნება, ცხენზე ამხედრებული და რამე და ვსოო ეგაა მოდა :)

    ReplyDelete
  2. ბიონსე არაა ქანთრი და რაზეც უნდა ამხედრდეს, ამ ფრონტზე მაინც drive-by აჯობებს :))))

    ReplyDelete
  3. ეგეც მართალია ;დ, კიბატობო და კიდევ ის: "ლედი ათენბული" :)

    ReplyDelete
  4. washburn არის ათენბული? :დდ

    ReplyDelete
  5. Zalian sexualuria

    magram meechveba me movirgo
    unda vcado

    dges modixar?

    ReplyDelete
  6. თაა მთლიანი ლუქი რა საჭიროა, განწყობისთვის მათრახიც საკმარისი იქნება :)))
    კი მოვდივარ, შეგეხმიანები

    ReplyDelete
  7. მე მომწონს ქანთრი
    ფერები, სილუეტი, განწყობა :)

    ReplyDelete