Wednesday, April 6, 2011

პირველი აპრილის სინდრომი


საშინელი მატყუარა ვარ. საშინელი იმ გაგებით, რომ ძალიან უნიჭო ვარ ტყუილების მოფიქრებაში. ამაში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როდესაც საპირველაპრილო სტატიის დასაწერად პროგრამა გავხსენი და კლავიატურაზე თითები გამიშეშდა. მთავარი, რაც მინდოდა, იყო ის, რომ თქვენ, ანუ ჩემი მკითხველი გამეცურებინეთ. თავში მართლა საოცარი და ამასთან, გულუბრყვილო იდეები მომივიდა. მაგალითად, ვიფიქრე დამეწერა ანიმალისტური ტენდენციების შესახებ, რომლებიც იმდენად გაძლიერდა, რომ მთელი რიგი ხელოვანი ადამიანების შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. აგერ შანელის სახლი თავის ცნობილ ლოგოტიპს ლეოპარდის ტყავის ნახატით ცვლის, გას ვან სენტი დოკუმენტური ფილმების ციკლის გადაღებას იწყებს ცხოველებზე, ხოლო მთავარი აქსესუარი შემდეგ სეზონებზე ცხენის რბილი კუდი იქნება, რომელსაც ქამრებზე უკან ჩამოკიდებულს ვატარებთ.
თქვენი დაბნეული და შეშინებული სახეების წარმოდგენაზე ამ თემაზე წერის აზარტი, რომელიც მანამდეც თითქმის არ მქონდა, მთლიანად დავკარგე. ვის სჭირდება, რომ მაღაზიებში რეკვა დაიწყოთ, მიიღეს თუ არა კუდების ახალი პარტია? მე არა. დიდი იმედი მაქვს, რომ არც თქვენ. მითუმეტეს, რომ სტილთან თუ მოდასთან დაკავშირებით უკვე არსებობს რამდენიმე ტყუილი, გნებავთ მითი თუ მცდარი წარმოდგენა, რომლებიც საპირველაპრილო ხუმრობებისგან განსხვავებით, მთელი ცხოვრება ჩვენს გვერდითაა. შესაძლოა, ზედმეტად არამეინსტრიმული საქციელია, დღეს ტყუილების ლაპარაკის ნაცვლად მათ გაბათილებას მივყო ხელი, მაგრამ ვინ თქვა, რომ მეინსტრიმს სტილთან რაიმე საერთო აქვს? მოდასთან, ბუნებრივია, აქვს. თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე.
ეს ალბათ ყველაზე გავრცელებული "ტყუილია", რომელსაც ზოგიერთი საკუთარ თავს ეუბნება - მე გაცილებით ჭკვიანი, გაცილებით ინტელიგენტი პიროვნება ვარ იმისთვის, რომ მეინსტრიმმა, რომელსაც მოდის კანონმდებლები გარკვეული დროით აყალიბებენ, ჩემზე გავლენა მოახდინოს. ამის გამიზნულად თავიდან აცილება რომ მოგვინდეს, მაინც არ გამოგვივა, თუ რა თქმა უნდა, ძველმანების მაღაზიაში არ დავიწყებთ სამოსის შეძენას ან გარდერობს რამდენიმე წელიწადში ერთხელ არ განვაახლებთ. მეთიუ უილიამსონის, ბალენსიაგას და მსგავსი დიზაინერების კოლექციები ძალიან პატარა და უბრალო ქარხნების წარმოებული ტანსაცმლის ფორმასა და მის სხვა მრავალ მხარეზე ახდენენ გავლენას. ნამდვილად არ მაქვს განზრახული, მერილ სტრიპის ცნობილი ლექცია წაგიკითხოთ ფილმიდან "ეშმაკი ატარებს პრადას". უბრალოდ, მოდა მართლა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში თამაშობს გარკვეულ როლს. ამასთან, ის გაცილებით არამეინსტრიმული და არადიქტატორულია, ვიდრე ეს უმრავლესობას მიაჩნია. არავინ გვეუბნება იმას, რომ ტენდენციებს ბრმად უნდა მივყვეთ - დიზაინერები უბრალოდ იდეებს გვაწვდიან, რომელთა საკუთარ თავებზე მორგებაც მთლიანად ჩვენს ხელშია. თუ მოდაშია ბარბერის მილიტარი და დოლჩე და გაბანას ბოშურ-ბოჰემური ტანსაცმელი, თქვენ კი შეგიძლიათ ეს ორი ერთმანეთს წარმატებით შეუხამოთ, ერთნაირად ჩაცმულ მასასა და ზოგადად, მეინსტრიმთან არაფერი გექნებათ საერთო. ყოველ სეზონზე ხომ არასოდეს ბატონობს ერთი ტენდენცია, უამრავი ტრენდიდან კი ჩვენ შეგვიძლია ის ავირჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენს სტილს. ბოლოსდაბოლოს, მიჰყვე მოდას, ეს საინტერესოა.
ეს კიდევ ცალკე თემაა, მითი იმის შესახებ, რომ მოდისთვის თვალის დევნება მოცლილი გოგოების და fashionista ადამიანების საქმეა, რომ ამაში არაფერია საინტერესო. ზოგიერთს ასევე მართლა გულწრფელად ჰგონია, რომ დიზაინერები ერთი დიდი შეთქმულების მონაწილეები არიან. სხვაგვარად როგორ აიხსნება იმავე მილიტარი სტილის სიჭარბე ერთდროულად ათზე მეტი წამყვანი მოდის სახლის კოლექციებში? ახლა მართლა წარმოვიდგინე საიდუმლო კონფერენცია ან რაიმე მალტის ორდენის კრების მსგავსი, სადაც ნიღბიანი დიზაინერები მოილაპარაკებენ, თუ რაზე გააკეთონ მთავარი აქცენტი მომავალ სეზონზე. ჰო, მართლა სახალისოა. ჩვენ უკვე ბევრ მაგალითზე განვიხილეთ - იდეები და განწყობები ჩვენს ირგვლივაა, რომელიც განსხეულებას დიზაინში პოულობს. მილიტარი სტილის პოპულარობასაც ძირითადად გარეშე ფაქტორები განაპირობებს კულტურის, პოლიტიკის და ა.შ. სფეროებიდან. თუნდაც ეკო-მოდა გავიხსენოთ, ის თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება და საინტერესოა დააკვირდე იმ გარემოებებს, რომელთა გავლენითაც ეს მოხდა. მოდა - ეს გარემოს ანარეკლია, რომელშიც ვცხოვრობთ, ამიტომ, არ დაინტერესდე მოდით, ეს იგივეა, იგნორირება გაუკეთო იმას, რომლის ნაწილიც თავად ხარ.
ყოველთვის მეღიმება ხოლმე მავანთა სტატიებსა თუ გადაცემებში ნახსენებ "მაღალი მოდის კვირეულზე", როდესაც საუბარი მართლა ოტ კუტიურზე კი არა, პრეტ-ა-პორტეს კოლექციებზეა. ეს ალბათ ყველაზე გავრცელებული ტყუილია, რომელსაც მაყურებელს თუ მკითხველს ეუბნებიან ხოლმე და ეს სულაც არ არის წვრილმანი - მაღალ მოდას ჩვეულებრივისგან (რაშიც Ready-to-Wear-ს ვგულისხმობ) სხვა დატვირთვა, სხვა ადგილი გააჩნია.
კიდევ ერთი ყველაზე დიდი ტყუილი, რომელსაც "პირველ აპრილს" ადრეულ ასაკში გვაგონებენ და შემდეგ მთელი ცხოვრება მიგვყვება, არის ის, რომ მოდა მდიდრებისთვისაა, ამიტომ, როდესაც შენი შემოსავალი საშუალოზე დაბალია, უნდა ატარო ის, რაც იაფია და უსახური. არადა, სწორედ ისეთ ფასში, როგორშიც რაიმე უფორმო სვიტერს შევიძენთ, შეგვიძლია ვიყიდოთ ძალიან მოდური ნივთიც (თუმცა, უნდა ვაღიარო, უფორმო სვიტერებიც ხშირად არის მოდური), რადგან არსებობს უამრავი ერთობ დემოკრატიული ბრენდი თუ მაღაზია. მე ვიცნობ ხელმოკლე ადამიანებს, ვინც მოდას ყოველთვის უწყობს ფეხს და ასევე საკმაოდ შეძლებულებსაც, მთელი ცხოვრება ერთი ფორმის ჯინსითა და ფეხსაცმლით რომ დადიან. ალბათ სწორედ ამიტომაც არიან მდიდრები - რამდენიმე წყვილ სამოსს თუ წლობით ატარებ, საბოლოოდ ბანკში სერიოზულ დანაზოგს გააკეთებ. თუმცა ეს უკვე პიროვნული პრიორიტეტების სფეროა, რომელში ჩარევასაც მე ვერ გავბედავ, მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ გამოიყურებოდეთ მოდურად არანაირად არ უკავშირდება თქვენი საფულის სისქეს.
მოდის დემოკრატიულობაზე გამახსენდა - ჩემი ბლოგის მკითხველისგან ხშირად მიგრძვნია აღფრთოვანება იმ ნამუშევრების მიმართ, რომელზეც ვწერ, თუმცა ერთგვარი გარიდების, თავის განცალკევების მომენტიც შემიმჩნევია - "ეს ხომ კრისტიან ლაკრუაა, ხელოვნება, რომელიც ულამაზესია და რომელთანაც მე არაფერი შეიძლება მქონდეს საერთო". ხანდახან ვფიქრობთ, რომ მოდა, პრეტ-ა-პორტეც კი მხოლოდ ოლივია პალერმოსნაირებისთვის იქმნება. მეტიც, ზოგს დიზაინერის ტანსაცმელი მხოლოდ ლედი გაგას ტანზე წარმოუდგენია. ერთი წუთით გადავხედოთ, მაგალითად, Chloe-ს კოლექციებს - არის აქ რაიმე, რისი ადგილიც არა თქვენს სხეულზე, არამედ აპრიორი წითელ ხალიჩასა ან სცენაზეა? მართალია, რთულია იყიდო ფენდის ჩანთა, რომლის ფასიც თითქმის სამი ათას დოლარს უტოლდება, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ ვერ ჩავიცვამთ იმ სტილში, რომელსაც ცნობილი დიზაინერები ხალხისთვის ქმნიან. დიახ, ხალხისთვის და არა მხოლოდ იმ უმცირესობისთვის, საზოგადოების ძალიან მდიდარ ნაწილს რომ წარმოადგენს.
მოდა არ იქმნება მოდელებისთვის. ეს ყველაზე მეტად სიმართლეს მიმსგავსებული ტყუილია, ის მცდარი შეხედულება, რომელიც ჩვენ მოდაზე გაგვაჩნია. დიზაინერების შთაგონების წყარო, ხშირ შემთხვევაში, ჩვეულებრივი, ნორმალური წონის ადამიანები ხდებიან და არა დისტროფიული აღნაგობის მოდელები, რომლებიც პოდიუმებზე სამოსს წარმოადგენენ.
პირადად მე დედაჩემმა ბავშვობაში "მომატყუა", როდესაც მითხრა, რომ არ შეიძლება ჩაცმულობაში სამ ფერზე მეტის გამოყენება, რადგან ეს ცუდი ტონის და უგემოვნობის მაჩვენებელია. შესაძლოა იმ დროს ეს მართლაც ასე იყო, თუ გავითვალისწინებთ საბჭოთა მოდის თავშეკავებულობასა და სიმკაცრეს. დღეს ეს წესი შეიცვალა. ყვითელი, წითელი, იასამნისფერი, მწვანე. წითელი, ლურჯი, ყვითელი, შავი. ეს ის კომბინაციებია, რომლებიც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა გასული კვირიდან და ჩემში აღტაცება გამოიწვია. ამ შთაბეჭდილებებზე კი ტომი ტონმა იზრუნა, არაჩვეულებრივმა ფოტოგრაფმა, რომელიც ბოლო ხანებში პარიზის მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობას ფოტოზე აფიქსირებდა. ყოველთვის მოხიბლული ვრჩები მისი ნიჭით, სწორად დაინახოს სტილის ის ნიუანსები, რომელშიც ხასიათი დევს. ფოტოები კი, რომლებზეც გესაუბრებით, შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალ ვოგის ვებ-გვერდზე.
ფერებთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ტყუილი მახსენდება. მაგალითად, ის, რომ არ შეიძლება შავის მუქ ლურჯ ფერთან ტარება. რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ მესამე ფერი დამატებით შეასრულებს თავის როლს და მათ სინთეზს გაახალისებს. კიდევ ის, რომ მბზინავი ნივთები მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა და მხოლოდ წვეულებებზე უნდა ვატაროთ. მე კი გასულ თვეში ბალერინას ოქროსფერი ფეხსაცმელი შევიძინე, რომელსაც კარგი ამინდებისთვის ვინახავ ქუჩებში სეირნობისთვის. აქ ხომ მთავარი სტილია და არა ოქროსფერი, რომელიც მართლა ძალიან მოდურია ამ სეზონზე. არც იმას ჩაგითვლით ვინმე faux pas-დ, თუ ფეხსაცმლისა და ჩანთის ფერს ერთმანეთს არ შეუხამებთ. იმასაც კი ამბობენ ხოლმე, რომ ჰორიზონტალური ზოლები ადამიანს ვიზუალურად წონას კი არ მატებს, არამედ პირიქით. ეს უკვე იმას ჰგავს, ტყუილის გაბათილების მცდელობისას ახალს რომ ამბობ. თუმცა ეს უკვე ისეთი ნიუანსებია, რომელთა შეფასებაც მსჯელობის გარეშე შეგვიძლია, რადგან ფიქრის ნაცვლად ერთი რამ იქნება საჭირო - სარკეში ჩახედვა.

15 comments:

  1. მეც საშინელი მატყუარა ვარ – ყოველთვის მაწერია სახეზე, ასე რომ ვერიდები :)

    სტერეოტიპული ტყუილების ნუსხა – კარგია, რომ დაწერე.
    მეც დაკვირვებული ვარ, ხშირად შეძლებული ადამიანები ყველაზე ნაკლებად რომ მისდევენ ხოლმე მოდას.

    ReplyDelete
  2. ე კი გასულ თვეში ბალერინას ოქროსფერი ფეხსაცმელი შევიძინე, რომელსაც კარგი ამინდებისთვის ვინახავ ქუჩებში სეირნობისთვის.

    2 ცალი მაქვს :)
    ოქროსფერი და განმეტალი – ვერცხლისფერი
    ჩავიცვათ და ერთად ვიკუსკუსოთ ხოლმე :)

    ReplyDelete
  3. ქეთ, მთლად ასეც არაა, ანუ ფინანსები მოდით გატაცებას არ განსაზღვრავს)

    თაა, კიი :)) ვგიჟდები ბალეტკებზე და ყველა ისეთი თხელძირიანი მაქვს, მარტო თბილ ამინდში თუ ჩავიცვამ :) ძალიან მომეწონა შენები იმ დღეს )

    ReplyDelete
  4. ფერებთან დაკავშირებით გეთანხმები, მაგრამ რაღაცნაირად მაქვს ჩამჯდარი, რომ ფეხსაცმელი და ჩანთა უნდა შეუხამო. მე ყოველთვის ვცდილობ, ასე უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს თითქოს :დ რაღაც კომპლექსივით ჟღერს, არა? :)

    ReplyDelete
  5. არა, ჟღერს, როგორც ბონტონი : ))

    ისე ფეხსაცმელი შეიძლება შარფსაც შეუხამო, პიჯაკს და ა.შ. თან შეხამებაში ჩვენ ვგულისხმობთ ხოლმე რომ ყავისფერ ფეხსაცმელთან ყავისფერი ჩანთა, ანუ ზუსტ შეხამებას :)) ხოდა იმავე ყავისფერს კიდევ იმდენი ფერი უხდება...

    ReplyDelete
  6. ვერც მე ვიტყუები... მაგრამ კარგი ტყუილები გამომდის. აი, როცა მინდა რომ ისა რა :დ

    ReplyDelete
  7. ვერ იტყუები მაგრამ კარგი ტყუილები გამოგდის ხო? მაკომპლექსებ? :დ

    ReplyDelete
  8. ანუ აი, ისეთი ტყუილი ადამიანს რომ გაახარებ და გააბედნიერებ, ოღონდ შედეგები სავალალო სამომავლოდ რომ არ აღმოჩნდება. მცირე სიხარული ტყუილები, რომლებიც იმ მომენტისთვისაა მხოლოდ :)

    აარა არ დაკომპლექსდე რაა :* ;დ

    ReplyDelete
  9. აა მაგალითად კარგი ფილმის ჩვენება რომ გადაიდო და შენ რომ ეუბნები რას ამბობ არ გადადებულაო ლოლ :დდდ და მეორე მომენტში ტაფით რომ მოგდევს :დდდ აუ, არაფერი მომიწევია არადა..

    ახლა მეძინება, დილით შეიძლება დავკომპლექსდე კიდეც, ვნახოთ ))))

    ReplyDelete
  10. Nina Gorecki said...

    ძალიან მომეწონა შენები იმ დღეს )

    egeni one of ... iko
    kidev 6 cali maqvs sxvadasxva feris - am doneze vafanateb :d

    ReplyDelete
  11. ხოო ეგეთი რამეები. ;დდ

    ReplyDelete
  12. "ეს ხომ კრისტიან ლაკრუაა, ხელოვნება, რომელიც ულამაზესია და რომელთანაც მე არაფერი შეიძლება მქონდეს საერთო".

    თავს ნუ იტყუებ(თ).

    ეს ხომ კრისტიან ლაკრუაა, ხელოვნება, რომელიც ულამაზესია მაგრამ ამის ფული მე არ მაქვს და არც არასდროს მექნება.

    ReplyDelete
  13. ბევრი რამეა, რასაც საკუთარ თავზე ვერ წარმოიდგენ, გაქვს თუ არა ამის შესაძენი ფული :)))

    ReplyDelete