Wednesday, December 22, 2010

წერილი თოვლის ბაბუას


როგორ უნდა მოიქცე, რომ ოცნებები აგისრულდეს? ძალიან, ძალიან უნდა გინდოდეს და ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ისინი ფრთებს შეისხამენ, გულში ბევრჯერ გაიმეორო, თუ ოცნებას შეეშვა და რეალურ ქმედებაზე გადახვიდე? ფსიქოლოგიის მეცნიერთა თვალსაზრისით, ყველა ეს მეთოდი გონივრულია, თუმცა როდესაც კარს ახალი წელია მომდგარი, სხვა, უფრო მარტივი გამოსავალიც არსებობს - ადგე და თოვლის ბაბუას წერილი მისწერო.
კარგად რომ დაფიქრდები, ეს გამოსავალი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. როგორ შეიძლება მისწერო იმას, ვისი მისამართიც არ იცი? აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნის თოვლის ბაბუებს შორის ჩვენი ყველაზე მისტიკურია. კანადელი სანტა კლაუსის მისამართი იოლად გავიგე, ასე ვთქვათ, შემთხვევით, ისე რომ არც კი მიძებნია - სანტა კლაუსი, ჩრდილოეთი პოლუსი, საფოსტო კოდი - H0H 0H0. ფინელებსაც კარგად ჰქონიათ საქმე აწყობილი - მათ ზუსტად იციან, რომ მათი სანტა კორვატუნტურში ცხოვრობს, თუმცა მთავარი საფოსტო ოფისი როვანიემში ჰქონია მოწყობილი. ჰოდა, სხედან დასავლეთში ბედნიერი ადამიანები, წერენ წერილებს და ზუსტად იციან, რომ ისინი ადრესატამდე მიაღწევს. ჩემი თოვლის ბაბუა კი სადღაც, მთებში ცხოვრობს და ბინ ლადენივით გვემალება საჩუქრებს დანატრებულ ქართველებს.

ამ გარემოების გამო, წერილის გაგზავნის რამდენიმე ვერსია შევიმუშავე. ყველაზე ტრადიციული, ანუ საფოსტო ყუთში მისი ჩაგდება მაშინვე უარვყავი, წარმოვიდგინე რა ფოსტალიონის გაბრაზებული სახე მისი გახსნისას. მეორე იდეა ინტერნეტში ერთმა პატარამ მომაწოდა, როდესაც აღიარა, რომ თოვლის ბაბუისთვის განკუთვნილ წერილს მაცივრის საყინულეში დებდა, რის შემდეგაც ის მალევე ქრებოდა. ეს აზრიც, ისევე როგორც წერილის ბუხარში შეგდების ვარიანტი, უკუვაგდე გონივრული მოსაზრებების გამო. ბოლოს გადავწყვიტე, თავი დამენებებინა გამოსავალის ძიებისთვის, რადგან სასწაულს რაციოსთან საერთო არაფერი აქვს, თოვლის ბაბუა კი კეთილია და ისეთ დეტალებს, როგორიც საფოსტო კოდები და ამისთანა რაღაცებია, ყურადღებას არ მიაქცევს.
თუმცა, თოვლის ბაბუა არ არის ერთადერთი, ვისაც საჩუქრების კეთება შეუძლია. ერთი ესაა, სხვების შემთხვევაში ეს უფრო რთული და შრომატევადი საქმეა. ჩვენ არ მოგვდის წერილები ახლობელი ადამიანებისგან, რომ ზუსტად ვიცოდეთ რა სურთ მათ და რისი მიღება გაახარებთ ყველაზე მეტად ახალი წლის ღამეს.
მთავარი, რაც საჩუქრის შერჩევისას უნდა გააკეთო, საკუთარი ეგოს იგნორირება და იმ ადამიანის სურვილების გააზრებაა, რომელსაც საჩუქარს უკეთებ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნივთი ყურადღებით, გულმოდგინედ შეარჩიო, რადგან ის შემდეგში სხვა ადამიანს შენს თავს გაახსენებს. სადღაც წავიკითხე, თურმე ახალზელანდიელი მაორის ხალხი მიიჩნევს, რომ ყველა საჩუქარი ატარებს ``მანუ``-ს - იმის სულის ნაწილს, ვინც ჩუქნის. ასე რომ, არ ღირს საჩუქრების დაუდევრად შეძენა, რადგან ამას მისი მიმღები აუცილებლად შენიშნავს.
ამ დაუდევრობის თავიდან ასაცილებლად საჩუქრის რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ. იმის ფიქრის საფუძველს, რომ ისინი ბევრი ადამიანისთვის იქნება სასურველი, ბევრი გარემოება მაძლევს. მათგან მთავარი გასული წლის განმავლობაში მოპოვებული ე.წ. ჰიტის სტატუსია. მაშ ასე:
ოქროსფერი  ელვარება
ოქროსფერმა ამ სეზონზე შავი ფერი შეცვალა. ის ხშირად ყოფილა პოდიუმებზე, თუმცა არასოდეს ჰქონია ასეთი უნივერსალური ხასიათი. ამ უკანასკნელში იმას ვგულისხმობ, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონმა საშუალება მოგვცა ოქროსფერი ტანსაცმელი თუ აქსესუარები არა მხოლოდ საზეიმო შემთხვევებში, ყოველდღიურადაც გვეტარებინა. შობა-ახალი წლის დღეებში კი უბრალოდ აუცილებელია თუნდაც ერთი ოქროსფრად მბზინავი ნივთი მაინც გქონდეს. არჩევანი გასაოცრად დიდია, თხელი პალტოებიდან და პიჯაკებიდან დაწყებული, ფეხსაცმლით, ჩანთებით, შარვლებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, მთლიანად ოქროსფერში გამოწყობა არა მოდური, არამედ ნაძვის ხის “ლუქი” იქნება. ოქროსფერი პერანგების თუ პიჯაკების ტარება შავ შარვალთან ან სულაც ჯინსთან შეიძლება. მოდურია ასევე ოქროსფერის შეხამება მდოგვისფერსა და ყავისფერთან. იდეების აღება შეგიძლიათ... ოჰ, აქ მთელი გვერდის გავსება მომიწევდა, ამიტომ საუკეთესოებს ჩამოვთვლი: ბალმენის, მარკ ჯეიკობსის, ფილიპ ლიმის, მაიკლ კორსის, მაქს მარას, მეთიუ უილიამსონის, დრის ვან ნოტენის, მოსკინოს კოლექციებში.
ახალი არომატი
არჩევანი ამ შემთხვევაშიც დიდია. აქ დაკონკრეტების მეტი საშუალება არსებობს, რადგან, მართალია წელს ბევრი სუნამო შეიქმნა, თუმცა მათგან აღნიშვნის ღირსი არც ისე ბევრია. დავიწყებ არომატით Chanel Chance eau Tendre, რომელზეც ზაფხულშიც გესაუბრებოდით. ის წლის ერთ-ერთი საუკეთესო არომატია, ახალგაზრდული, კომშის, გრეიპფრუტისა და ყვავილების სურნელით. ასევე ძალიან კარგია Hypnotic Poison eau Sensuelle by Dior, თუმცა პირველი დაყნოსვისას ასე არ მიფიქრია, რადგან არომატის სიმძაფრისგან უბრალოდ გონება დამებინდა. ნახევარი საათის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ორიგინალისგან განსხვავებით გაცილებით ნაზი და ბუნებრივი სურნელი აქვს, რადგან მასში არ არის დომინანტური ნოტები. აფრიკული ფორთოხლის ყვავილი, დამასკოს ვარდსა და მერქანთან ერთად ჰარმონიულ ბუკეტს ქმნის საღამოს ტუალეტისთვის. ბოლოს, ჟივანშის Eaudemoiselle-სა და Play for Her Intense-თან ყურდღება მიაქციეთ ივ სენ ლორანის Parisienne-ის ტუალეტის წყალს, რომელიც პარფიუმისგან განსხვავებით, გაცილებით ნაზი და ნაკლებად სინთეტიკური სურნელის გამოვიდა.
მამაკაცების სუნამოებიდან 2010 წლის ნამდვილი ჰიტი გახდა შანელის Bleu de Chanel. ეს მართლაც ცოცხალი, არომატული, სასიამოვნო სურნელია სანდლის, ციტრუსის, ხეხოს და ჟასმინის ნოტებით. თუ არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ საინტერესო სურნელსაც ეძებთ, ყურადღება მიაქციეთ ისეი მიაკის L’eau d’Issey pour Homme Noir Absolu, რომელშიც მანდარინის, დარიჩინისა და ამბრის კომბინაცია არა მხოლოდ ძლიერ და თბილ სურნელს, არამედ საახალწლო განწყობასაც ქმნის. სპორტული, მსუბუქი არომატების მოყვარულებისთვის კი ბარბერის სახლმა იზრუნა - Burberry Sport for Men by Burberry.
მუსიკა
2010-მა წელმა უამრავი კარგი მუსიკალური ალბომი და სინგლი გვაჩუქა. საუკეთესო სიმღერების სიას საახალწლო დღესასწაულზე მოსასმენად მოგვიანებით აუცილებლად შევადგენ, დღეს კი ორ ალბომზე მინდა გესაუბროთ, რომლებიც, გარდა იმისა, რომ წარმატებულია, იმითაც გამოირჩევა, რომ მათში სტილი დაცულია. ეს უკანასკნელი კი მაშინაც მნიშვნელოვანია, როდესაც სასურველი საჩუქრების სიას ადგენ.
სიამოვნებით შევმატებდი ჩემს კოლექციას კანადური ჯგუფის, Arcade Fire ახალ ალბომს The Suberbs. აქ არის ყველაფერი, რასაც შეიძლება ინდი-როკ-ჯგუფისგან მოელოდე: ცოტა პანკი, ნოსტალგია ვინტაჟზე, სიმსუბუქე მუქ ტონებში და გლამ-პოპიც კი. მიუხედავად მელანქოლიურობისა, The Suberbs - ძალიან თბილი ალბომია. სიმღერები, რომელთა მოსმენაც აუცილებლად ღირს: The Suburbs, Ready To Start, Suburban War. ისე კი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ალბომი გრემის სამ კატეგორიაშია ნომინირებული, სულაც მთლიანად ჯობია მისი მოსმენა.
Bonobo, იგივე საიმონ გრინი ის ადამიანია, რომელმაც იცის, როგორ აქციოს ჩილ-აუთი ხელოვნებად. ამ სტილის მუსიკაში ყოველთვის რაღაც ზედმეტად მარტივს ელოდები, გრინის ბოლო ალბომი Black Sands კი ამ მოლოდინს არ გიმართლებს. მასში ნიუ-ჯაზი, აბსტრაქტული რიტმები, მინიმალიზმი, დაუნტემპო და საიმონის სამყაროს ესთეტიკა იყრის თავს. უსმენ და ფიქრობ, რომ თითოეული კომპოზიცია ერთი ამოსუნთქვით იქმნებოდა, რადგან არ შეიძლება ასეთი მუსიკა დიდი ხნის განმავლობაში, რამდენჯერმე გადაიწეროს და ცვლილებები განიცადოს. ეს არ არის ის ლაუნჟი, მოსაწყენი წვეულებების მდარე მუსიკა, რომელიც ძილისთვის განგაწყობს. დასვენებისთვის, ოცნებისთვის, ფანტაზიისთვის კი - აუცილებლად. ალბომი ისეთი შეკრულია, რომ ძლივს ხვდები, როდის მთავრდება ერთი კომპოზიცია და იწყება მეორე. დამატებითი ბონუსი: ანდრეა ტრიანას ვოკალი.
დიზელის პატარა  სისულელეები
თუ შეიძლება თოვლის ბაბუას ნივთების გარდა სხვა რამეც სთხოვო, ჩემს შემთხვევაში ეს დიზელის შემუშავებული კონცეფციის ტვინში ინსტალაცია იქნებოდა. გაზაფხულის Be Stupid სარეკლამო კამპანიას საშემოდგომო, არანაკლებ მხიარული და არაორდინარული მოჰყვა. დიზელის კონცეფციის გათავისებას უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია. იყავი სულელი და შენ შექმნი მეტს, ნაკლებს ინერვიულებ, შეიძენ მეტ მეგობრებს, იქნები მუდამ ყურადღების ცენტრში და გახდები უშიშარი. მეტი გაბედულება და კრეატიულობა სწორედ ისაა, რაც გჭირდება, რომ ახალი სტილი, სამეგობრო წრე, თავგადასავლები იპოვო. ჭკვიანი აკრიტიკებს, სულელი - ქმნის. ჭკვიანი თავით აზროვნებს, სულელი - გულის კარნახით. ჭკვიანს შეიძლება ტვინი ჰქონდეს, სულელს კი - გამბედაობა, რომ თოვლის ბაბუას წერილები მისწეროს და სასწაულებს დაელოდოს.
თუმცა ნივთებს რას ვერჩი. დიზელის ჯინსი - ძალიან კარგი საჩუქარი იქნებოდა.

14 comments:

  1. sulelze rogor getanxmebi
    da sul veubnebi chems tavs "amchatdi, nina, amchatdi" :)))))

    hoda
    santastvis werili arasdros mimiweria da arc arasdros moutania chemtvis raime,ratomgac arasdros majerebdnen da me c maleve vicodi, ar arsebobda, mara sxvebistvis ar unda metqva da mec aravis veubnebodi xolme :))) da sxvebi rom machvenebdnen tovlis babuam momitanao, megimeboda xolme ^__^

    magram tovlis babuis gareshe maqvs xolme kargi sachuqrebi da es maxarebs

    ise ki, gushin coca-colas manqanam chamoiara mteli tavis irmebit, santati, tetri datvit da ambebit da ise gamixarda,lamis gavekide da zed shevaxti :D

    ReplyDelete
  2. ამჩატდი, ნინა, ამჩატდი :))) მაგარი ლოზუნგია :))))

    არც მე მიმიწერია, ეს ჩემი პირველი იქსფერიენსია :დ
    მეც სულ ვიცოდი, რომ არ არსებობდა, მაგრამ ჩემები მაინც ისე იქცეოდნენ, თითქოს თოვლის ბაბუამ მოიტანა ყველაფერი : )))

    მეც მაგრად მიხარია ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები რომ გაჩნდება ხოლმე 31-ში, თეთრი დათვი თუ არ მომიტანს ისე იყოს :დ

    ReplyDelete
  3. babisa, რა საყვარელი ხარ, სხვებს რომ არ ეუბნებოდი სანტაზე :)

    მე მჯეროდა სანტა კლაუსის გამოძახებით :D ვიცოდი, რომ დედა წინასწარ ტელეფონით ურეკავდა სააგენტოს, სადაც სანტა კლაუსებად მუშაობდნენ ადამიანები და უკვეთავდა საჩუქრებს. მერე მოჰქონდა სანტას, კარებთან დებდა, აკაკუნებდა და იპარებოდა. ვერასდროს შევასწარი თვალი, ერთი პერიოდი ვაპირებდი ჩავსაფრებოდი გარეთ :D მერე გავიგე, რომ მამა დებდა გარეთ საჩუქრებს, და არა სანტა კლაუსი გამოძახებით :))

    ReplyDelete
  4. "ჩემი თოვლის ბაბუა კი სადღაც, მთებში ცხოვრობს და ბინ ლადენივით გვემალება საჩუქრებს დანატრებულ ქართველებს"
    ლოოლ :))
    ადრეული 90-იანების, პირველი იანვრის ერთ მშვენიერ დილას მარტო 1 კანფეტი რომ დამხვდა, ბალიშის ქვეშ ასე მითხრეს თოვლის ბაბუას ფული არ ქონდაო, ალბათ ისევ ეგ ჭირს. :))

    ReplyDelete
  5. ნატალია,

    რეალურს მიმსგავსებული ტყუილი ჭკვიანი ბავშვებისთვის ხო? ჩემზე რა ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ ჩემებს :/

    მიშა

    : )))) ერთი კანფეტის გაჭირვება აღარ ექნება ეხა, სხვა რაღაცაშია საქმე )))

    ReplyDelete
  6. ფუ ის ძველი გუაზონი რა საზიზღარი რამე იყო :( ანაის-ანაის... პუაზონ-პუაზონ...
    აი, ეგ შანელის ლურჯი კი კაი სურნელია. მაგრამ არ მიყიდია.
    ისე BB New York არის ძალიან მაგარი. პირველი ნოტი ციტრუსია და მერე იხსნება ამისგან რადიკალურად განსხვავებული ორიენტალ-ვუდი. +1

    სანტა კლაუსზე კი დიდი დაკა-დაკაა მსოფლიოში. შუა საუკუნეები რომ იყოს სანტაკლაუსური ომები დაიწყებოდა რელიგიურის მსგავსი... მე დამახვედრეს ეგეთი ბარათი კოპენჰაგენში - სანტა დანიელიაო! :)
    მაგრამ სანტა მაინც ერთია. ლაპლანდიელი.
    დანარჩენები მისი შნირები არიან :)

    ReplyDelete
  7. ისე კი, თუ მწარე სიმართლე გინდათ ეს სანტა კლაუსი 25 დეკემბერს მთელ საქრისტიანოს რომ ჩამოუვლის და ჩვენთან რომ 2 კვირის მერე მოვა მეორე წრეზე – იმიტომა აქვს ხურჯინი სექენდ-ჰენდული ძონძებით გამოტენილი.

    ReplyDelete
  8. გეთანხმები, ჯერ შობა უნდა იყოს და მერე იწყებოდეს ახალი წელი :/ არ მიყვარს 7 იანვარი :/

    აა მძულს ანაისი. ყველაზე მაგარი ნაშა რომ ჰყავ(და)თ დანიელებს იმის საყვარელი სუნამოა :დ

    ყველაზე კარგი pure poison-ია, 2004-ის. ესეც თავიდან იხსნება ციტრუსებით და მერე მოდის ვუდი ამბრი და ამბები))

    ReplyDelete
  9. რატომ იყო ცუდი პუაზონი?? ან მე მახსოვს კარგად:) ჩემი ბავშვობის ტკბილი აკრძალვა იყო, სულ ვეპარებოდი დედაჩემის სუნამოს და თავის ახდის რომ ვერ ვბედავდი, ფლაკონს ვყნოსავდი...ბრრრ! პატარა ვიყავი, თორემ ვნებიანად მიყვარდა ეგ ფლაკონი მეთქი, ვიტყოდი:):):)):

    ReplyDelete
  10. საყვარელი პატარა – საყინულეშიო :) პრინციპში, ის აწვდიდა წერილს ადრესატს და საჩუქარსაც მიიღებდა :)

    მომეწონა საჩუქრების ჩამონათვალი – იდეები, რჩევები ყველანაირი გემოვნების ადამიანებისთვის.

    არის საკითხები, როცა გულის კარნახით გადაწყვეტა უფრო ჭკვიანურია ხოლმე და მხოლოდ ტვინით ფიქრი მართლაც თავს ატკივებს :)
    მოკლედ, ყველაზე კარგი ამ ორის შერწყმაა :)

    ReplyDelete
  11. tamaRa
    ჰაჰა :))) ბავშვობიდან პუაზონი არ ამხსოვს, არადა დეიდაჩემს ჰქონდა. ახლა ძალიან კლასიკური მეჩვენება, ალბათ სიმწარის გამო

    Keti
    ხო ძალიან საყვარელია :)))
    მე გული ჩემთვის უფრო მკარნახობს ხოლმე კარგ რაღაცებს, სხვებისთვის რომ ვარჩევ უფრო რაციოს ვრთავ საქმეში ))

    ReplyDelete
  12. გილოცავ, ნინა,
    ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს, ციმციმა და ლამაზი :) მრავალს დაესწარი! <3 :*

    ReplyDelete
  13. ძალიან დიდი მადლობა ქეთი, ჩემო კარგო :)) <3

    ReplyDelete
  14. მე კი სახლში მეწვია, ოღონდ არც სანტა და არც კლაუსი, ნიკოლო ვარო.
    http://cartveli.blogspot.com/2011/01/blog-post_5228.html

    ReplyDelete