Thursday, December 16, 2010

This Is Happening ამერიკულად


პარიზის მშვენიერება რაღაცნაირად სევდიანიად მხიარულია. მე ვიყავი საშინლად მარტო და მივიწყებული მანჰეტენზე. ყურესთან რომ სახლი მაქვს, იქ ვბრუნდები. როდესაც მოვალ შენთან, სან-ფრანცისკო, შენი ოქროსფერი მზე ჩემთვის გაანათებს.
გახსოვთ არა, ტონი ბენეტის ეს დაუვიწყარი ნოსტალგია? მსგავსი შეგრძნება პერიოდულად მიჩნდება ხოლმე, როდესაც ევროპის პოდიუმებზე წარმოდგენილ ძალიან მდიდრულ კოლექციებს ვათვალიერებ, ვერსაჩეს და დიორის პომპეზურობა თვალს მჭრის, ძველი ფრანგული სიმღერები კი, უბრალოდ, ზედმეტად პათეტიკურად მეჩვენება. ამერიკული სტილი არ გულისხმობს აუცილებლად უბრალოებას, მაგრამ იქაური ყველაფერი მაინც სხვანაირია - მდიდრული, მაგრამ პრაქტიკული, მგრძნობიარე, თუმცა მაინც მსუბუქი და უფრო დინამიურიც.
შობის წინა პერიოდში გინდა მაღაზიებში საჩუქრების შესაძენად ირბინო, ყურსასმენებით დინ მარტინის let it snow ატარო (დამეთანხმეთ, არ არსებობს ამაზე საშობაო სიმღერა) და სასწაულს დაელოდო. თუ თქვენ ათ წელზე მეტი უკვე შეგისრულდათ, თოვლის ბაბუისა და სანტასი ალბათ აღარ გჯერათ (ძალიან შევწუხდები, თუ ენამ წინ გამისწრო), თუმცა სასწაულის შეგრძნება, რომელიც ბავშვობაში ასეთი ძლიერი და ყოვლისმომცველი იყო, რთულად დასავიწყებელია.
საახალწლო სასწაულებზე ფიქრი რომ დავიწყე, მაშინვე ამერიკა გამახსენდა. შესაძლოა სხვა ქვეყნებში შობა-ახალ წელს ძალიან ლამაზადაც აღნიშნავდნენ, მაგრამ იანკებს ამაში ტოლს ვერავინ დაუდებს. შობაზე გადაღებული ფილმებიდან ამერიკული ყველაზე ამაღელვებელი, ყველაზე საშობაოა, თუ არაამერიკელი რიჩარდ ქერთისის "ნამდვილ სიყვარულს" (Love Actually) არ ჩავთვლით, რომელიც დეკემბერში ჩემს აუცილებლად სანახავი ფილმების სიას უდგას სათავეში.

ჰოდა, სასწაულებზე ვსაუბრობდი, ამერიკულ ნოსტალგიაზე. არ მინდა ახალი წლის წინა პერიოდში ქუჩებში ზედმეტად დახვეწილ, სიფრიფანა სამოსში ვიარო. ასეთს 31 დეკემბრის ღამისთვის შემოვინახავ, ახლა კი მინდა ელეგანტურად, მაგრამ პრაქტიკულად მეცვას, რომ თვის ბოლომდე იმუნიტეტმა არ მიღალატოს. საშობაო განწყობას კი სინატრასა და ბენეტის ძველი, კეთილი სიმღერები შემიქმნიან. მიუხედავად ამისა, ვინაიდან მაინცდამაინც არც ამერიკელები გამოირჩევიან კონსერვატულობით, გადავწყვიტე რაიმე ახალიც მომეძებნა. ეს რაიმე ამერიკული და დინამიური უნდა ყოფილიყო. ჰოდა, ასეთი მუსიკაც მალე ვიპოვე, თუმცა, გულახდილად გითხრათ, ძებნა თითქმის არ დამჭირვებია, რადგან წელს მასზე ძალიან ბევრგან წერდნენ, ძირითადად ასეთი სათაურით - "2010 წლის საუკეთესო ალბომები". ბევრი ალბათ უკვე მიხვდებოდა, რომ საუბარი ჯეიმს მერფის ახალ ალბომზეა. This is Happening ბოლო ნამუშევარია, რომელიც ბრუკლინური დენს-როკის აღიარებულმა მაგნატმა LCD Soundsystem-ისთვის შექმნა. საწყენია, რომ ასეთი შესანიშნავი ჯგუფი თავის მოღვაწეობას ამთავრებს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დამშვიდობება მშვენივრად გამოუვიდათ. სანამ მე იმედს ვიტოვებ, რომ განცხადება ჯგუფის დაშლის შესახებ ნაჩქარევია, ორიოდე სიტყვით ახალ ალბომზეც გიამბობთ, რომელიც, ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად საშობაო, თუმცა მხიარულ განწყობას აუცილებლად შეგიქმნით.
ყველაზე მეტად მუსიკაზე მსჯელობისას მისი სტილის განსაზღვრა არ მიყვარს. ახალ ალბომში ყველაფერია, რასაც LCD Soundsystem თავის შემოქმედებაში თავიდანვე მოიცავდა. საბოლოოდ, This Is Happening გამოვიდა მუსიკალური კომპოზიციების ნაკრები, რომელიც ანდერგრაუნდის დისკოზე როკერული განწყობით გიამბობს. ორიგინალური ტექსტები - ეს უკვე ბონუსია. ალბომი მასში შემავალი ყველაზე მოწყენილი სიმღერით Dance Yrself Clean იწყება, შემდეგ წვეულება ხურდება და თავს იჭერ იმაზე, რომ თავით და სხეულის სხვა ნაწილებით უცნაურ მოძრაობებს აკეთებ. მერე ხვდები, რომ უცნაური არაფერია - შენ, უბრალოდ, ცეკვავ. სიმღერები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მოუსმინო, არის All I Want, I Can Change და რა თქმა უნდა, Drunk Girls, თუ გინდა გაიგო, რა უპირატესობები გააჩნია ნასვამ მდგომარეობას და ვისთან შეიძლება გაიღვიძო მეორე დილით ამ მხიარული წვეულების შემდეგ. ტონი ბენეტის რა გითხრათ, მაგრამ ნიუ იორკულ მელოდიას აქვს ის ხიბლი, რომ სან ფრანცისკოში ვიზიტი გარკვეული დროით გადავდო.
პრაქტიკულ, უბრალო და ელეგანტურ ამერიკულ სტილს ზამთრის სეზონის ბევრ კოლექციაში იპოვით. განსაკუთრებით კარგი ის ეტროსა და სტელა მაკარტნის გამოუვიდათ. ამერიკელებისთვის დამახასიათებელი სისადავითა და მინიმალიზმით გამოირჩეოდა კელვინ კლაინის კოლექცია, მეტი თავისუფლებით - დრის ვან ნოტენის. როგორ ატარო ჯინსი ისე, რომ საშინაოდ ჩაცმულს არ ჰგავდე, ჯობს იზაბელ მარანს ჰკითხოთ. რაც შეეხება ამერიკელ დიზაინერებს, ამ სეზონისთვის საუკეთესოდ მარკ ჯეიკობსმა და მაიკლ კორსმა იმუშავეს. ჯეიკობსის კოლექცია მოდის კრიტიკოსებმა ერთხმად აღიარეს ამ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ და ეს არც არის გასაკვირი. აქ არის მრავალფეროვნება, ძალიან საინტერესო ფორმები და ძალიან, ძალიან თბილი ბეწვიანი პალტოები. ვინაიდან წლევანდელი ქართული ზამთარი საკმაოდ თბილი გამოდგა და კიდევ იმიტომ, რომ პირადად მე ამ კოლექციას ნეიტრალური ფერების გამო ერთობ მოსაწყენად მივიჩნევ, მასზე საუბარს შევწყვეტ და პირდაპირ კორსზე გადავალ. აქაც არის შავი, ნაცრისფერი, მდოგვისფერი ტონალობები, მაგრამ ამ ტრადიციულობასთან ერთად მთლიან კოლექციას მდიდრული და ბრწყინვალე ელფერი დაჰკრავს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. კორსმა ოქროსფერი კაბებითა და აქსესუარებით, შავი მბზინავი ქვედაკაბით, ძალიან ლამაზი ხავერდის ჩექმებით, კაცის ვერცხლისფერი ქურთუკებით ზამთრის არცთუ ნათელ დღეებში ბრწყინვალება და მზე შემოიტანა. როგორც ჭეშმარიტ ამერიკელს, არც პრაქტიკულობა დავიწყებია და ამ ყველაფერს თბილი ქუდები და ნაქსოვი წინდები დაუმატა, რომლებიც ჩექმის ზემოთ უნდა ატარო. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ პოდიუმზე ამდენი ხნის შემდეგ, მგონი პირველად ვნახე ნამდვილი მამაკაცი, ლეგინსების (ვიწრო შარვლის) და შიმშილისგან მინაზებული სახის გარეშე. მოკლედ, თუ სითბო, სინათლე, სექსუალურობა ისაა, რაც გინდათ, სტილის გაკვეთილები მაიკლ კორსთან აიღეთ. ის, რასაც აქ ვერ ისწავლით, პომპეზურობა, უადგილო ექსტრავაგანტურობა და ვულგარულობაა.
  
არ შემიძლია არ შევეხო ამერიკულ არაპრაქტიკულობასაც. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობსო, იტყვით თქვენ და მართალიც იქნებით. ის, რაზეც მე მინდა ვისაუბრო, არაპრაქტიკული მხოლოდ ერთი შეხედვითაა, სინამდვილეში კი იმისთვის მოიგონეს, რომ ზამთრის ცივ ამინდებში ტემპერატურის ხელოვნურად აწევა ყოფილიყო შესაძლებელი. მას ფრთების გამოსახულება აქვს, რომლის ტარებაზეც გოგონების უმრავლესობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოცნებობს. უფრო კონკრეტულად, ეს Victoria’s Secret-ის ანგელოზების ფრთებია, რომლებიც პლანეტის ულამაზეს ქალებს უმშვენებს მხრებს. ვიქტორიას მოდელები, ეს მართლაც ცალკე კასტაა, რომელიც განსაკუთრებულ მანდილოსნებს აერთიანებს. მხოლოდ აქ ნახავთ მოდელებს, რომლებიც პოდიუმზე გასვლის წინ კულისებში ყირაზე გადადიან, მღერიან, ცეკვავენ, აუდიტორიის წინაშე კი სიგიჟეებს სჩადიან. მათ აქვთ ამის უფლებაც და განწყობაც, რადგან, ჯერ ერთი, დისტროფიისგან არ მისდით გული, მეორეც, ეს ხომ ყველაზე ლამაზი და პომპეზური შოუა მთელი წლის განმავლობაში.
ეს იყო მართლაც ყველაზე ფერადი, ბრჭყვიალა, ექსტრავაგანტური სანახაობა, რაც კი ვიქთორიას ოდესმე მოუწყია. მე სხვები უფრო მომწონს, მაგალითად 2005 წლის, რომელიც უზომოდ დახვეწილი და ნაკლებად მყვირალა, თუმცა წარმოუდგენლად სექსუალური იყო დიდებული კოსტიუმებით და ნენსი სინატრას მელოდიით. წლევანდელი - ეს დღესასწაულია. შოუს ყველაზე თვალისმომჭრელი გოგოები ისევ ადრიანა და ალესანდრა იყვნენ, იზაბელი ფონტანა კი ისევ ისეთი ლამაზი, როგორც ათიოდე წლის წინ. კოლექცია ექვს თემად იყოფა, ყველაზე შთამბეჭდავი მათგან იყო Wild Things და Pink Planet. ლეოპარდის პრინტი, ფარშევანგის ფრთები, ველური აფრიკული ცეკვა პირდაპირ პოდიუმზე და ამ ყველაფრის შემდეგ საპნის ბუშტები, ფერადზოლიანი სასაცილო წინდები და გოგოები რბილი სათამაშოებით - შეიძლება, რომ სუნთქვა არ შეგეკრას? ბაფთის ფორმის ფერადი ფრთები არც მოდურია და ვერც ვერაფერში გამოიყენებ, მაგრამ მთავარ ფუნქციას - შექმნას სადღესასწაულო და ბედნიერი განწყობა, შესანიშნავად ასრულებს. ეს ყველაფერი კი როი რეიმონდის დამსახურებაა, რომელმაც რამდენიმე ათეული წლის წინ ქალის თეთრეულის მაღაზიები მოიარა და ვერაფერი ნახა ისეთი, რომლის ჩუქებაც საყვარელი ქალისთვის მოუნდებოდა. მაშინ დაებადა რეიმონდს იდეა, გაეხსნა მაღაზია, სადაც ფუფუნება, სილამაზე და კარგი მომსახურება ხელმისაწვდომი იქნებოდა. ჰოდა, პირველი მაღაზიაც გახსნა, 1977 წელს, სან-ფრანცისკოს გარეუბანში. აი, ხედავ, ტონი, ჩვენც სან-ფრანცისკოში დავბრუნდით.


17 comments:

  1. let it snow მართლა ძალიან საახალწლოა :)
    კარგი მიმოხილვა იყო!
    ერთია, ზოგადად საკუთარ სახელებში კ–სა და ტ–ს ჩანაცვლებას ვერ ვეგუები, მით უმეტეს 2-2 თანხმოვანს. ჩემთვის არაქართულია :)

    ReplyDelete
  2. ახალი წელი მართლაც რომ ამერიკულ ფილმებთან ასოცირდება.
    როგორ ახერხებ ასე საინტერესოდ წერას? :)
    LCD Soundsystem-ს ვუსმენ...

    ReplyDelete
  3. ქეთი,

    მადლობა :)

    კ-ს და ტ-ს რაც შეეხება, გადავწყვიტე იმ ენებთან მიმართებაში ვიხმარო, სადაც ისინი იხმარება - კავალი, მოსკინო, გოტიე. თვითონ მეც მიჭირს, მაგრამ მაიკლ კორსი არ არსებობს, მაიქლ ქორსია ორიგინალში და ჩვენ კ და ქ ორივე გვაქვს :)

    მიშა

    :blush:
    დიდი მადლობა :)

    ReplyDelete
  4. ეს ვიქტორია სეკრეტი გიჟია ნამდვილად, რას ერჩის მამაკაცებს? :დ

    ReplyDelete
  5. როდე
    ერჩის? :D მთელი მამრობითი ჰოლივუდი მთელი წელი ამ შოუზე მოხვედრაზე ოცნებობს :D

    ReplyDelete
  6. ჰო, მაგრამ მაქართნი, ქართული ასოებით დაწერილ–წაკითხული ისე ჟღერს, როგორც მაგალითად "ფაქაჟი" – ჩვენი მეზობლებისგან ნათქვამი :) რაც შეეხება ორ ლ-ს და საერთოდ, თანხმოვნების გაორებას, არასწორია :)

    ReplyDelete
  7. ჰო, უცნაურად ჟღერს
    რომ დაფიქრდე უცნაურად იმიტომ, რომ არარუსულად :D
    ორი ლ რატოა არასწორი? ორიგინალში ხო სთელლაა. რუსებიც სტელლას წერენ ხოლმე

    ReplyDelete
  8. არაქართულად – ჩვენებურ ინტონაციას ვერ უხდება :)
    მართლწერის წესებით არასწორია, რუსები წერენ, მაგრამ ჩვენ არა... მაგალითად, ილუსტრაციას ისინი ორი ლ–თი წერენ, მაგრამ ჩვენ არა. ეს წესი ვრცელდება საკუთარ სახელებზეც :)

    p.s. რაღაც ჩავუკირკიტდი თითქოს, მაგრამ ასე ვრცელდება და მერე მკვიდრდება ხოლმე... :)
    :*

    ReplyDelete
  9. ჰოო
    მე ვიცი, რომ ქართულში ასოების გაორმაგება არ ხდება, მაგრამ უცხოურ სიტყვებს მეგონა ეს არ ეხებოდა. აი ხო არის „ესსე“..

    ქეთი, თუ ნახო რამე ამაზე, დამილინკე რა

    ReplyDelete
  10. ესსე – ასევე არასწორად დამკვიდრებული ფორმაა. სწორია ესე. ახლა შინ არ მაქვს ლექსიკონი, ორშაბათს ზუსტად დავწერ წყაროს, მანამდე ეს ლინკიც გამოდგება http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94

    თუ ვნახე ლინკები, დავდებ :)

    ReplyDelete
  11. ვაა ხედავ, მე კიდევ სკოლაში სპეციალურად მასწავლეს რომ ერთი ს არ უნდა დამეწერა ))
    სპეციალურ ლიტერატურას უნდა გადავხედო ერთი
    დიდი მადლობა, რომ მითხარი :*

    ReplyDelete
  12. რა კარგი იყო! :)

    ReplyDelete
  13. ნინა, სამსახურში ვნახე, უცხო სიტყვათა ლექსიკონშიც ასე წერია :)

    :*

    ReplyDelete
  14. ამერიკელები ყველაფერს აღნიშნავენ და ამაში მართლა არ ყავთ ბადალი.
    მაგრამ ეგ ბენეთი... არ მევასება რა. იმ იტალიელთა შორის, რომელიც ამერიკაშვი სვინგავდნენ, ყველაზე დიდი ზანუდა ეგაა. :)

    @Keti
    დიახ. მე ვარ ამ მიმდინარეობის პიონერი :)
    და როგორც ვხედავ უკვე ბევრი მიმდევარი მყავს. :)

    ხშირად წერენ "ესეი". თუმცა ეგ მაშინ უნდა იყოს იოტა, რომელიც აღარ გვაქვს. ასე რომ, ესსეც შეიძლება.
    ქართული გრამატიკის იმ ხელოვნურ წესებს რომ მივსდიოთ, რომელიც მე-20 საუკუნეში დამკვიდრდა უნდა დაგვეწერა "ესე", მაგრამ მაგ წესების დამდგენნიც კი მიხვდნენ, რომ ეს უკვე ნამეტანი სიბრიყვე გამოვიდოდა.

    ReplyDelete
  15. ისე... ნახეთ თარგმანები - აი ასე წერდნენ:
    თევდორე დოსტოევსკი. :)
    ამ ლოგიკით უნდა იყოს პავლე მაკარტნი. :)

    ReplyDelete
  16. Lord

    ზანუდაა და თან რომანტიკოსი, მაგრამ ეს სიმღერა მაგრად მიყვარს

    წესებს რაც შეეხება
    მეგობარმა ფილოლოგმა მითხრა, რომ ორი რბილი თანხმოვნის ხმარება ქართლში მიღებული არაა და სთელას მაგივრად სტელა უნდა იყოს

    ხოდა აქ მოვრჩი ძიებას. თონი ბენეთი ჩემთვის ცუდად ჟღერს. რაც მომწონს ინგლისურ ყაიდაზე ნათქვამი, იქ ვიხმარ - მაგ. მეთიუ, სადაც ყურს ცუდად ხვდება (მარქი) იქ დავწერ ტრადიციულად კ-ს. მშობლიურ ენაში (და ყველა იმ ენაში, რომელსაც გრძნობ) ინტუიცია ყველაზე კარგი მრჩეველია :დ

    ReplyDelete
  17. In this hotel, you are the boss!
    :)

    ReplyDelete