Sunday, November 28, 2010

კონსერვატიზმისა და რეფორმების იდილიის შესახებ


ამ კვირაში ბრიტანეთისთვის იმიჯის შეცვლა ჩემს მთავარ მიზნად ვაქციე. გადავწყვიტე, ყველას ვაჩვენო, რომ ნისლიანი ალბიონი ცივი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილია პლანეტაზე. ეს არც ისე რთული და შრომატევადი საქმე აღმოჩნდა, რადგან თავად ბრიტანელებმა ის ჩემს მაგივრად შეასრულეს. ყველაზე ნიჭიერად ეს ედრიენ ნიქოლას მეთიუს თოუსს გამოუვიდა. სახელი არაფერს გეუბნებათ? მეეჭვება, რადგან ამ ადამიანის მუსიკას მხოლოდ last.fm -ის გვერდზე 13 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს დაფიქსირებული. უბრალოდ, ის ცოტას ეშმაკობს, რომ ყველამ მაშინვე არ იცნოს, ამიტომაც აიღო ასეთი ფსევდონიმი - Tricky.
მიუხედავად ამისა, უბრალოდ შეუძლებელია მისი ვერ ცნობა, თუმცა მუსიკა, რომელსაც ის ქმნის, ძალიან მრავალფეროვანია და ერთ მიმდინარეობაში არ ეტევა. სამაგიეროდ ხასიათი ყოველთვის შენარჩუნებულია. ან კი გინახავთ ბრიტანელი, ხასიათს რომ ღალატობდეს?!
მაგალითისთვის, მისი ახალი სიმღერა ავიღოთ ასევე ახალი ალბომიდან - Kingston Logic. კომპოზიცია თრიქისთვის უჩვეულო, მექანიკური დრაივით იწყება. ეს არის არა რაიმე მინიშნება, არამედ სუფთა ძველი ფრანგული ჰაუსის რიტმები. ის არის, იწყებ ფიქრს პარიზულ გლამურზე, კლუბურ გარემოზე, ტექნო მოძრაობებზე, რომ უცებ თრიქი შემოდის და მთელი ეს პერსონაჟები ბრისტოლიდან სიგარეტის კვამლის ფონზე, გაუცხოება, ინგლისური, პირქუში ესთეტიკა შენს თვალწინ ცოცხლდება.

ჰო, ეს ის ადამიანი აღარ არის, 15 წლის წინ ტრიპ-ჰოპის ისტორიას რომ ქმნიდა Massive Attack-თან და ბიორკთან ერთად. მადლობა ღმერთს, რადგან ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება მუსიკოსს და ზოგადად შემოქმედს დაემართოს, სტატიკურობაა. ამას თრიქის ნამდვილად ვერ დააბრალებ, ის იმაზე მეტად მოძრავიც კი გახდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. თავადაც აღნიშნა, როდესაც ახალი ალბომის, Mixed Race -ის ჩაწერა დაამთავრა, რომ უნდოდა რაიმე ისეთის შექმნა, რისი დაკვრაც კლუბებში იქნებოდა შესაძლებელი. თან დაამატა, ეს ძალიან უჩვეულოა, რადგან სულაც არაფერში მაინტერესებს ეს თქვენი კლუბებიო.
ახალი ალბომი იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ ნიჭიერ მუსიკოსს ყველა ჟანრში შეუძლია ძალების მოსინჯვა ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოს - იქნება ეს ჰაუსი, ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, რეგგი, როკი თუ ბლუზი. თუმცა, ამის დასადასტურებლად მისი ნებისმიერი წინა ალბომის აღება შეიძლება. უბრალოდ, ისინი სტილის თვალსაზრისით უფრო შეკრული იყო, Mixed Race კი, როგორც ამას სახელიც გვეუბნება, ნარევია ძველის, ექსპერიმენტების, ჟანრების. შესაძლოა, თრიქი უბრალოდ ახალ საკუთარ თავს ეძებს. როგორც არ უნდა იყოს, მე ამ ევოლუციას სიამოვნებით, კონსერვატორის საყვედურების გარეშე დავაკვირდები. გოუ ბრიტანია!

Thursday, November 25, 2010

How many pirates...Did I say pirates?

გახსოვთ პეპი გრძელიწინდას დილემა - ნამდვილი ლედი ყოფილიყო თუ მეკობრე? პატარაობაში თავს ასეთი დილემებით არ ვიტენიდი. ლედიდ ყოფნა ყოველთვის უფრო მეტად მომწონდა. ეს პრივილეგიებს ნიშნავდა ბიჭებთან შედარებით, ამიტომ ახლა, დიდობაშიც ვერ ვხვდები, ფემინისტები სულ რატომ აფუჭებენ საქმეს უცნაური ინიციატივებით.

მეკობრეები და ყაჩაღები ბიჭები იყვნენ. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან უკეთესად გამოსდიოდათ მეკობრეობა. პირდაპირ ეზოდან გვიტაცებდნენ ხოლმე, რომ ტყვეებად ავეყვანეთ და მერე  დავერწმუნებინეთ, რომ მათი შეყვარებულები გავმხდარიყავით. ეს თამაში მაგრად მიყვარდა. ექვსი-შვიდი წლის ღლაპები, დილით რომ უზარმაზარი თეფშებით ფაფებს გვაჭმევდნენ და საღამოს საბანს გვიკეცავდნენ, უცებ ძალიან მაგარი პერსონები ვხდებოდით ხოლმე და ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ყველაზე დიდი აზარტი მაინც იმას ჰქონდა, რომ მოტაცების მერე თავის დახსნის მიზნით უნდა გავპარულიყავი, ჩემი ყაჩაღი კიდევ ორ ნაბიჯზე მომდევდა, მაგრამ თავს არ მესხმოდა და თმით არ მიმათრევდა უკან. იმიტომ, რომ მე ლედი ვიყავი.

იყო ლედი, არ ნიშნავს იყო ანიკა, რომელსაც გული შეუღონდება ექსტრიმზე, სპონტანურ იდეებზე თვალები შიშით გაუფართოვდება და მოკლედ, სულ წესრიგზე იფიქრებს. პანკობა მაღალ ქუსლებზეც შეიძლება, იმიტომ რომ ეგ თავის მდგომარეობაა და არა დასაბანი თმის. ამ უკანასკნელს ვერასოდეს ვიტანდი. სამაგიეროდ ვგიჟდებოდი კაბების ცვლაზე, დეიდების კოსმეტიკის ჩანთებზე და... ნუ ხო, სუნამოებზე. ყველანაირი მომწონდა, რაც კი სუნამოს ბოთლში ესხა (დამშვიდდით, ჩემ დროს კრასნაია მოსკვა უკვე აღარ იყო). დიდი დრო გავიდა, სანამ არომატების გარჩევას ვისწავლიდი. უფრო დიდი, სანამ საკუთარ სურნელს ვიპოვიდი. (განვმარტავ, ეს ის არის, რომელთანაც თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ, ნებისმიერ ამინდში, სამოსში, ადგილზე. კიდევ უფრო რომ განვმარტო, ეს 1995 წლის ბარბერის სურნელია.)

ასეთის გარდა, კიდევ საჭიროა გქონდეს სხვებიც, რადგან ცხოვრებაში მრავალი სხვადასხვა სიტუაციის, გარემოს, ამინდის მოწმეები ვხდებით. ჩემს კოლექციაში ახლა დაახლოებით ოცამდე სურნელია და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ამ კვირაში ჩემს სვეტში მინდოდა მესაუბრა, თუ რამდენი სუნამო სჭირდება ადამიანს თავი ბედნიერად რომ იგრძნოს, მაგრამ მერე დავფიქრდი, მე ხომ პარფიუმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და რას ფიქრობენ სხვები? რამდენნაირი არომატით ცხოვრობენ, ერთით, ათით, ოცით, იქნებ უფრო მეტით? თუ ერთით, როგორია ის სურნელი, რომელიც მუდმივ კომფორტს უქმნით და სხვისი ძიების სურვილი არ უჩნდებათ?


Wednesday, November 24, 2010

სტილის გაკვეთილი ნისლიანი ალბიონიდან - It`s on with Alexa Chung!


რა შეიძლება უცებ, დაფიქრების გარეშე მოგივიდეს თავში დიდი ბრიტანეთის ხსენებაზე? კელტები, ბარბერის მოდის სახლი, ანა ბოლეინი, 5 o`clock, სთოუნჰენჯი, საზღვაო იმპერია, ლედ ზეპელინი, პურიტანები, გაი რიჩის ფილმები, მუდმივი წვიმა... ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ჩამოთვლილიდან ყველაფერი ძალიან მოგწონს. თავიდან გახსენდება ის, რაც ყველაზე ცნობილია, ტვინი კი ხშირად საუკეთესოს ბოლოსთვის ინახავს ხოლმე. მე არ მიყვარს წვიმა, თუმცა დიდი თაყვანისმცემელი ვარ "ბრისტოლ საუნდის", ალექსანდრ მაკქუინის, ჯეისონ სტეისემის, შოტლანდიური კილტის...
რა შეიძლება უცებ, დაფიქრების გარეშე მოგივიდეს თავში ბრიტანული სტილის შესახებ? კუბოკრული ქსოვილი, მოხუცი, კეთილი ბარბერის სახლი, ქეით მოსი, ვივიენ ვესთვუდის პანკი... მთლიანობაში კი, მაინც სადა და თავშეკავებული სტილი, ზედმეტი ექსტრავაგანტურობის გარეშე (ნუ ვისაუბრებთ ჯონ გალიანოზე, რადგან ეს განსაკუთრებული ფენომენია არა ბრიტანეთის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით). სტელა მაკარტნი კოლექციებს ყოველთვის ნეიტრალურ ფერებში შექმნის, რადგან ინგლისში, უბრალოდ ამინდია ასეთი - უმზეობა სიმშვიდისთვის განგაწყობს. ბარბერი ვერ შეელევა მილიტარის, ყველაზე რომანტიკულ სილუეტშიც კი ის ერთ ბეწო სამხედრო განწყობას შეინარჩუნებს, რადგან ბრიტანეთი - ეს ძლევამოსილი იმპერიაა, ყოველთვის მზადყოფნაში თავისი ძალაუფლების დასაცავად.
ბრიტანულ სტილში ყველაზე მეტად ამ ფაქტორს ვაფასებ - ავთენტურობის განცდას. სტილის შეგრძნება აქ ისეთი მძაფრია, მოდური ტენდენციები ვერაფერს აკლებს. მე რასაც დავამატებდი, ცოტა მზის სხივია, ფრანგული მოხდენილობა, სამხრეთული მგრძნობიარობა. არა, მე არაფერს დავამატებდი, ბრიტანელებს უკვე ჰყავთ ასეთი ადამიანი, რომლის სტილიც ნაციონალურ ელემენტებსა და იმ სამხრეთულ სხივს აერთიანებს, ემილი დიდონატოს ღიმილში რომ იგრძნობა. ეს ადამიანი ალექსა ჩანგია, ინგლისელი it-girl ჰემფშირიდან. ამასთან, ეს ეპითეტი მხოლოდ მისი იმიჯის ნაწილია, სინამდვილეში ალექსასთან პოპულარობა და ხალხის სიყვარული დამსახურებულად მოვიდა.

Monday, November 22, 2010

Vetrnaetr on Gorecki street

წელს თბილისური შემოდგომა უჩვეულოდ მზიანი გამოდგა. ადამიანები კი მაინც უფრო პირქუშები გახდნენ, ვიდრე ერთი-ორი თვის წინ, მეგობარ ბლოგებზეც დროდადრო შეიმჩნევა სერატონინის დეფიციტი და „წვიმიანი“ დღეები. იცით, რატომ არის შემოდგომა წლის სხვა დროებთან შედარებით მოსაწყენი? რომ დავფიქრდი, მივხვდი, წლის ამ დროს ხომ  არაფერს აღნიშნავენ, შესაბამისად სადღესასწაულო განწყობაც არავის აქვს და დადის ყველა ასე, ცხვირჩამოშვებული. 

დღესასწაულის მოწყობის იდეა დაგვიანებით მომივიდა თავში. შემოდგომა თითქმის გასულია, შობაც მაინც რაღაც შორს ჩანს, ამიტომ დიდხანს ვფიქრობდი, რისი აღნიშვნა შეიძლებოდა და... winter nights, იგივე Vetrnætr, ძველი წარმართული დღესასწაულია სკანდინავიაში, რომელსაც დღესაც აღნიშნავენ ნეოპაგანები შემოდგომის დასასრულს. ამ დროს მოსავლის აღებას ზეიმობენ, ღმერთებს და ელფებს მადლობას ეუბნებიან და სთხოვენ, რომ შემდეგი წელი უფრო ბარაქიანი მოვიდეს.

დღესასწაული მოკრძალებული გამოვიდა. უფრო ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები ნეოპაგანები არ არიან და ოდინი და ელფები არავის გახსენებია. მე, ჩემმა ალტერ ეგომ,  ასმა და ფიურერმა ცოტა დავლიეთ, ვიმხიარულეთ ისეთ უცნაურ თემებზე, როგორიცაა შამილი, კავკასიური ტელევიზია და დაბოლილი ჩებურაშკა და ასე გავაცილეთ თითქმის უკვე გასული შემოდგომა. მე კი, მარტო დარჩენილმა ჭიქა თეთრ ღვინოსთან და საყვარელ ლეპტოპთან ერთად, გადავწყვიტე წელს აღებულ მოსავალს გადავხედო, რომ რიტუალს  სრულყოფილი სახე მივცე.

ეე...მგონი ყველაზე საინტერესო, რაც წელს მოხდა, ჩემთვის უცხო სფეროში მუშაობის დაწყებაა, რამაც ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანის გაცნობის საშუალება მომცა, მაგალითად თომ ქანავანის, ელეგანტური და თბილი ბრიტანელის, რომელმაც ღვინოზე ჩემი წარმოდგენა შეცვალა, იზაბელ ლეჟერონის - ყველაზე შრომისმოყვარე და გულღია ფრანგის, ვინც კი დღემდე მინახავს. ყველაზე მაგარი კი იცით რა იყო, როცა ჩემი რედაქტორისგან გავიგე, რომ ჩემს საავტორო გვერდს სტილის შესახებ მუდმივი მკითხველი ჰყოლია, მათ შორის თინეიჯერებიც, რომლებიც თურმე  ელოდებიან ხოლმე ჩემს ახალ სტატიებს. არც მეგონა, რომ 24 საათს ასეთი პატარა ასაკის მკითხველებიც ჰყავდა, ჰოდა მართლა ძაან გამიხარდა მაშინ, ბავშვივით.

ამ ამბავმა მოიტანა ისიც, რომ დღეს ბლოგი მაქვს, წლის ერთ-ერთი მთავარი „შენაძენი“, რომელსაც ბონუსად საყვარელი ხალხი, მათი განწყობები და ამბები მოჰყვა.  ამ წელმა მაჩუქა ახალი „სკანდინავიური“ ოთახიც, როგორც ჩემი მეგობარი ეძახის სისადავის გამო. სხვას რას შეიძენდა ჩემნაირი გზააბნეული ადამიანი... შვედურის სწავლა დავიწყე და ანბანს ვერ გავცდი. მაგას ვინ ჩივის, ნეტა ფრანგული მასწავლა წესიერად. ჰოდა, პარალელურად ბევრი რამე დავკარგე კიდეც, პირველ რიგში ორი ძალიან ახლობელი ადამიანი, ინფანტილიზმი, ყვითელი ქოლგა, ტოპშოპის ზოლიანი მაისური, დაუოკებელი ვნება კაპუჩინოს მიმართ და ფორთისჰედის ფოლდერი. ეს ბოლო როგორ დავკარგე, მაინც ვერ გავიგე, თუმცა ძალიანაც კარგი, რომ გაქრა, რადგან ბეტ გიბონსმა თავი უკვე მაგრად მომაბეზრა.


სიცივეში კიდევ მოსაწყენი არაფერია, მთავარია, Don't give a damn! ადვილზე ადვილია, მთავარია თოვლი მოვიდეს, ნამდვილი, ფანტელებიანი, ღუნღულა. სწორედაც რომ ღუნღულა, ფიფქი ცივი ხომ მხოლოდ ჰაერშია, ენაზე კი სულ წამებში თბება და შენი ნაწილი ხდება. ასე რომ, ზამთრის ღამეების მხიარულად გასატარებლად დაგვჭირდება: პეპის დიდი ზომის ფეხსაცმელები (ეგეთებში თბილი წინდებიანი ფეხები ეტევა), ხულიგნური განწყობა და თოვლი. ნამდვილი თოვლი.


Wednesday, November 17, 2010

ორი, სამი, შვიდი... 830 ნიშანი


რიცხვი - აბსტრაქციაა. ის უხსოვარი დროის წინ გაჩნდა, როდესაც ადამიანი საგნების დათვლის აუცილებლობას მიხვდა.
სანამ რიცხვები მნიშვნელოვან მათემატიკურ მნიშვნელობას შეიძენდნენ, ადამიანი თვლას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხელის თითებზე აწარმოებდა: ორი გამოქვაბული, სამი ხე, ხუთი ხარი...
მოგვიანებით, ხელის თითები ჩხირებმა შეცვალეს. დამწერლობის გაჩენის შემდეგ კი, ასოებმა რიცხვების მნიშვნელობაც შეიძინეს. თუმცა საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სანამ ადამიანმა შეძლო რიცხვის საგნებისგან განცალკევებულად აღქმა: უბრალოდ ოთხი, შვიდი...
ნამდვილად არ მაქვს განზრახული, ინდური წარმოშობის არაბულ ციფრებზე ისტორიის მოყოლით მოგაბეზროთ თავი. უბრალოდ, მინდა გაგახსენოთ, რომ ციფრებს არ აქვთ მხოლოდ დამთვლელი ფუნქცია.

Friday, November 12, 2010

Those bombing bastards

დღეს სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრე.

ჩემს წინ სიმპათური ახალგაზრდა კაცი დაჯდა კიდევ უფრო სიმპათიური ბავშვით ხელში. იქნებოდა, ასე, 7-8 თვის. ბავშვზე მოგახსენებთ. ნამდვილი ბუშტი იყო. გაბერილი ლოყები და გაბუშტული ტუჩები ჰქონდა. ყურებამდე გავუღიმე. არ გამიღიმა. მანამდეც ცოტა მოღუშული იყო, მაგრამ ამ გაღიმებამ სულ მოუღო ბოლო, დაიწყო წარბების შეკვრა და სანამ შეეძლო, კრავდა და კრავდა. შევწუხდი, საერთოდ ორ წლამდე ბავშვებს ძალიან მოვწონვარ, ქუჩაში და ტრანსპორტში სულ მიღიმიან ხოლმე. ახლახანს იყო შემთხვევა, ერთი ბიჭუნა ისე გახალისდა, თვალიც კი ჩამიკრა. ეს კიდევ მიყურებდა ასე, თომას ჰობსის სკეპტიკურობით, თითქოს მეუბნებოდა, რას მიცინი ერთი ვიცოდე, მე ხომ ვიცი რაც ხართ ეს დიდები, გულგრილი სნობები, სუიციდი ტერორისტები, არამზადები, რომლებიც ბომბებს ამზადებთ, თავმომწონე ჰედონისტები...

ახლა ძალიან ინფანტილური განწყობა მაქვს. მინდა დავჯდე და ტუჩებგამოწეულმა გიბღვიროთ ყველას, სანამ არ დავიღლები. ჩემს ინფანტილიზმში ლოლიტას სინდრომის ნატამალიც არ არის. მე პატარა ასტრიდ მაგნუსენი ვარ. ასტრიდი დედის დაპატიმრების შემდეგ, როცა აღარ იცოდა ვისთვის მიებაძა და რანაირი ყოფილიყო მომავალში. დღეს რომ მეგობრებმა დამირეკონ და სადმე წასვლა შემომთავაზონ, ზუსტად ვიცი, გარდერობში ჩასაცმელს ვერაფერს ვნახავ, ვერც ამ საღამოს არომატს შევარჩევ, ავდგები, თავზე პლედს გადავიფარებ და ისეთ რამეს მოვუსმენ, რომელშიც ყველა ნოტი ნაცნობია, ყველა სიტყვა - ჩემი დაწერილი.

ფრედი კარგია. 2008-ის აგვისტოში მაისფეისზე(მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა გვერდები გაუქმებული, არც მე და არც მას) მივწერე, როგორ მომწონდა მისი გულახდილობა და დახვეწილი იუმორი. რამდენიმე დღის შემდეგ მიპასუხა: thank u, i hope the russians will soon leave your country !! kisses frederic. რა მაგარი იქნებოდა, ახლაც ვინმეს მოეწერა: You are not that bombing bastard. I hope this fucking mood will soon leave u.


Wednesday, November 10, 2010

თუ გსურს მშვიდობა, იომე

ომი უდიდესი ბოროტებაა, - ამბობდა პლატონი რამდენიმე ათასწლეულის წინ და მსოფლიოც არაერთხელ დარწმუნებულა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში.
თუმცა ომს მომხრეებიც ყოველთვის მრავლად ჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი ჰერაკლიტე იყო, ძველი ბერძენი მოაზროვნე, რომელსაც ზოგადად კონფლიქტები სამყაროს მამოძრავებელ ძალად მიაჩნდა. ის ამბობდა, რომ შეჯახება განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და ომია ყოველივეს მამა და ყოველივეს მეუფე.
ჰერაკლიტეს თეორია კონფლიქტის შესახებ საკმაოდ ღრმა და საინტერესოა. ამ თეორიის მიხედვით, შეჯახების დროს ურთიერთსაწინააღმდეგო თანხმობას აღწევს და ამ პროცესისგან ყველაზე მშვენიერი ჰარმონია წარმოიშობა. დამეთანხმებით, შესაძლოა, წინააღმდეგობა სამყაროს უნივერსალური კანონზომიერებაც იყოს, მაგრამ როცა საქმე შეიარაღებულ კონფლიქტებსა და შესაბამისად, ადამიანურ მსხვერპლს ეხება, ყველაზე მომხიბლავი თეორიებიც უფერულდება ხოლმე. ომი და კონფლიქტები ის შემთხვევაა, როცა ღირს, ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ მათ ბოლო მოუღო. ამ ყველაფერში კი, პარადოქსია, მაგრამ ომიც შედის. გავიხსენოთ პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიიდან გამოქცეული ებრაელის, რიჩარდ გრელინგის სიტყვები - როდესაც მილიტარისტული ბატონობისაგან გასათავისუფლებლად სხვა ყველა საშუალება უძლური ხდება, ამ შემთხვევაში თავადაც ომი უნდა დაიწყოო. ამიტომ მან ახალი მაქსიმა შემოიტანა - Si vis pacem, fac bellum (თუ გსურს მშვიდობა, იომე) ძველი რომაული Si vis pacem, para bellum-ის (თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის) ნაცვლად.

Thursday, November 4, 2010

ბოჰემასა და წესრიგის ზღვარზე


ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთხოვნილებაა იყოს თავისუფალი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციუმის წევრი გახდა, ეს მოთხოვნილება მას კიდევ უფრო გაუმძაფრდა. საზოგადოებამ, მმართველობის ორგანოებმა მისთვის მართლაც უამრავი შეზღუდვა დააწესეს. გარკვეული კანონების და ქცევითი ნორმების დაცვა ხომ ნამდვილად არ არის ის, რაც თავისუფლების ფრთებს გასხამს. თუმცა საზოგადოების და ამ ორგანოების შემქმნელიც და მამოძრავებელი ძალაც ისევ და ისევ ადამიანია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თავისუფლების და საკუთარი თავის შეზღუდვის მოთხოვნილება ჩვენში თანაბარი დოზითაა.
მინდა ვიყო თავისუფალი ცუდი ემოციებისგან. მინდა ვიყო თავისუფალი შიშისგან. მინდა გავთავისუფლდე თავსმოხვეული სტერეოტიპებისა და ცრურწმენებისგან. ყველაზე სასურველი მაინც ისაა, რომ თავად მეკუთვნოდეს საკუთარი დრო, აზრები, ბოლოს და ბოლოს, სურვილები.
დროს ვერაფერს მოუხერხებ - მაშინ ან ეგვიპტის პირამიდა უნდა იყო, ან პენსიაზე გასული მილიონერი. სურვილის მიუხედავად, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება მაინც მოგიწევს, რადგან დრო - ფულია, ეს უკანასკნელი კი, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მის შეზღუდვასთან ერთად, საკმაოდ დიდი დოზით თავისუფლებასაც განიჭებს. სურვილების მართვაც რთულია, თუ 21-ე საუკუნეში, პიარ ტექნოლოგიების ხანაში ცხოვრობ.
თავისუფლების პრობლემა გასულ კვირას ნამდვილ თავის ტკივილად მექცა. ჩემს ცნობიერებაში დაინგრა სარტრის მაქსიმა იმის შესახებ, რომ "ადამიანი განწირულია იყოს თავისუფალი". გადავწყვიტე, აუცილებლად მომეძებნა პრობლემისადმი ახალი მიდგომა, თუმცა ეს არ გამომივიდა, რადგან შთაგონების წყარო გასული საუკუნის დიდი პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედებაში აღმოვაჩინე.

Monday, November 1, 2010

Fantasie in F minor

რომ გავიზრდები, მინდა მეტყევე გავხდე. რომ მოსაღამოვდება, ტყის ყველაზე მაღალ ბორცვზე ავალ და ზემოდან გადმოვხედავ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს. ოღონდ ისე არა, სარტრის მოთხრობის გმირი რომ უყურებდა. ტყიდან არა, აივნიდან - ხალხს. ეზიზღებოდა ადამიანები და ზემოდან რომ უყურებდა, უფრო დამცირებულებად მიაჩნდა ისინი. მერე გადაწყვიტა, ვინმე აუცილებლად მოეკლა. ამისთვის რამდენიმე დღე ემზადებოდა, საჭმელს არ ჭამდა და სიამოვნებდა, რომ სარკეში იმ უბადრუკი არსებების მკვლელს უყურებდა, ადამიანებს რომ ეძახიან.

გასულ კვირას ბორჯომში ვიყავი. სამი დღით. თბილისში მხოლოდ ერთ სეზონს ვგრძნობ - ზაფხულს. სხვა დროს კი მგონია, რომ ასანთის კოლოფში ვარ გამოკეტილი, სადაც არც არაფერი ყვავის, არც ხეებს ცვივა ფოთლები და არც ფერი ეცვლებათ. 

ჰოდა, ამიტომ წავედი. ჩემს საყვარელ სეზონში 72 საათის გასატარებლად, წიგნის ნორმალურად წასაკითხად, სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. 

ამ სამ დღეში აღმოვაჩინე, რომ ბავშვობის ოცნებებიდან ერთიღა შემომრჩა - მქონდეს საკუთარი სახლი მთაში, სადაც პატარა ძველებურ საწოლებს დავდგამ, შოპენის მაზურკებს და Massive Attack-ის პირველ და ბოლო ალბომებს მოვუსმენ, კომოდში კარამელსა და სურნელოვან საპონს შევინახავ, შეშას ავატკაცუნებ რომ შემცივდება და უბრალოდ დღესასწაულებს მოვაწყობ მაშინ, როცა კალენდარში წითელი ფერის ჭაჭანება არ იქნება. 

ზემოდან ყურება მაგარია. მე ზემოთ ყურება მაინც არ შემიძლია, ჰიპოტონიკი ვარ და თავს დიდი ხნით მაღლა რომ ვწევ, თავბრუ მეხვევა.

მარტო ერთხელ არ მომეწონა ზემოდან გადმოხედვა. მამაჩემმა ზამთარში, არ მახსოვს რასთან დაკავშირებით, რაღაც სალოცავში წამიყვანა. წამიყვანა რა, ავეკიდე. სადღაც მთის შუაში (სალოცავი მთის წვერზე იყო) ლოდებზე წავბორძიკდი და შემთხვევით გადმომეხედა. არასოდეს მინახავს ქსნის ხეობა ისეთი პირქუში და არც არასდროს შემშინებია ისე ნაბიჯის წინ ვეღარ გადადგმის, როგორც მაშინ. თუმცა ამის მაშინ არ უნდა შეგეშინდეს, როცა ზუსტად იცი, რომ ზემოდან მამაშენი ხელს ჩამოგაწვდის და ზემოთ აგწევს. ამ სანდო ხელის შეგრძნება დღესაც მაქვს, მაშინაც კი, როცა მამა შორსაა. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, ძალიან ზემოდან აღარ ვიყურები ხოლმე )

იმ კაცმა, ხალხის დახოცვა რო უნდოდა, ეს მოახერხა. ჯერ ვიღაც სქელოს ესროლა პარიზის რომელიღაც ქუჩაში, მერე მოტყდა იქიდან და რომ იყნოსა, ვიღაცები ამედევნენო, ხალხით გადაჭედილ მოედანზე უმიზნოდ დაიწყო ტყვიების ფანტვა. იქიდან რაღაც დაწესებულების ტუალეტში შევარდა. უნდოდა, სანამ კარს შეუნგრევდნენ, თავი მოეკლა, ტყვიებიც ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ვერ გაბედა. იმ დღიდან ალბათ სიცოცხლეს ფასი გაუგო და სხვის სიცოცხლესაც ასე უაზროდ აღარ გაიმეტებს.

მე კიდევ ის მინდა, ამ ეგზისტენციალურ ბოდვებს შევეშვა და სარტრები და კამიუები აღარ ვიკითხო. მთაში რომ სახლი მექნება, იქ ამისთანა რამეებს არ დავაწყობ. საბავშვო წიგნები და ძველი კლასიკა მექნება მარტო.

when i grow up
i want to be a forester
run through the moss on high heels
...