Thursday, November 4, 2010

ბოჰემასა და წესრიგის ზღვარზე


ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთხოვნილებაა იყოს თავისუფალი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციუმის წევრი გახდა, ეს მოთხოვნილება მას კიდევ უფრო გაუმძაფრდა. საზოგადოებამ, მმართველობის ორგანოებმა მისთვის მართლაც უამრავი შეზღუდვა დააწესეს. გარკვეული კანონების და ქცევითი ნორმების დაცვა ხომ ნამდვილად არ არის ის, რაც თავისუფლების ფრთებს გასხამს. თუმცა საზოგადოების და ამ ორგანოების შემქმნელიც და მამოძრავებელი ძალაც ისევ და ისევ ადამიანია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თავისუფლების და საკუთარი თავის შეზღუდვის მოთხოვნილება ჩვენში თანაბარი დოზითაა.
მინდა ვიყო თავისუფალი ცუდი ემოციებისგან. მინდა ვიყო თავისუფალი შიშისგან. მინდა გავთავისუფლდე თავსმოხვეული სტერეოტიპებისა და ცრურწმენებისგან. ყველაზე სასურველი მაინც ისაა, რომ თავად მეკუთვნოდეს საკუთარი დრო, აზრები, ბოლოს და ბოლოს, სურვილები.
დროს ვერაფერს მოუხერხებ - მაშინ ან ეგვიპტის პირამიდა უნდა იყო, ან პენსიაზე გასული მილიონერი. სურვილის მიუხედავად, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება მაინც მოგიწევს, რადგან დრო - ფულია, ეს უკანასკნელი კი, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მის შეზღუდვასთან ერთად, საკმაოდ დიდი დოზით თავისუფლებასაც განიჭებს. სურვილების მართვაც რთულია, თუ 21-ე საუკუნეში, პიარ ტექნოლოგიების ხანაში ცხოვრობ.
თავისუფლების პრობლემა გასულ კვირას ნამდვილ თავის ტკივილად მექცა. ჩემს ცნობიერებაში დაინგრა სარტრის მაქსიმა იმის შესახებ, რომ "ადამიანი განწირულია იყოს თავისუფალი". გადავწყვიტე, აუცილებლად მომეძებნა პრობლემისადმი ახალი მიდგომა, თუმცა ეს არ გამომივიდა, რადგან შთაგონების წყარო გასული საუკუნის დიდი პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედებაში აღმოვაჩინე.

ვიპოვე ისიც, რაც სრულიადაც არ მიძებნია. ხანდახან ხდება ხოლმე ასე, შენი ფიქრები მხოლოდ ერთი რაღაცითაა დაკავებული და უცებ სრულიად საწინააღმდეგოს კი წააწყდები. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღმოვაჩინე სახელმძღვანელო, რომელიც გასწავლის, როგორ უნდა გახდე ნამდვილი ლედი და გაარჩიო ჭეშმარიტი მამაკაცი არატრადიციული ორიენტაციის მამრისგან. ალბათ უკვე წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის შეზღუდვებზე იქნება საუბარი მსგავსი ტიპის წიგნში.
ეს შეზღუდვებიც საჭიროა. ისინი რომ არა, თავისუფლებას ფასი არ ექნებოდა, უფრო სწორად, მის გემოს ვერასოდეს გავიგებდით. ამიტომ, მთავარი ისაა, რომ ოქროს შუალედი იპოვო და ზუსტად იცოდე, ცხოვრების რა ეტაპზე და რა სფეროშია შენთვის საჭირო თავისუფლება და რა არის ის, უფრო ღირებული, რისთვისაც მას მსხვერპლად გაიღებ.
რომანსერო თავისუფლების თემაზე
პროზა მიყვარს, პოეზია - ისე რა. მიუხედავად იმისა, რომ დაბალ კლასებშიც და თინეიჯერობაშიც ამ სფეროში რამდენჯერმე მოვსინჯე კალამი, ლექსების დიდი მოტრფიალე არ გახლავართ. ხანდახან ფრანგულ და რუსულ პოეზიას ვწყალობ. ისე კი, ყველაზე დიდ სიამოვნებას ფედერიკო გარსია ლორკას ლექსების კითხვის დროს განვიცდი. ამ დროს უკანა პლანზე გადადის საერთო იდეოლოგია და ამისთანები და რჩება ემოცია. ის თარგმანშიც კი არ კარგავს სილამაზეს და სხვადასხვანაირი მთვარეების, ნოქტიურნების და ბოშური რომანსების სამყაროში გადაჰყავხარ.
გარსია ლორკა ის პოეტია, რომლის ლექსებიდან შეგიძლია იგრძნო ბოშური ცხოვრების მთელი თავისუფლება, ბოჰემურობა და სევდა, იმის მიუხედავად, თუ როგორ ფლობ ესპანურ ენას, დამწყების თუ პროფესიონალის დონეზე. ჩემი ესპანურ სიტყვათა მარაგი არ მგონია 300 ერთეულს აღემატებოდეს. ამის მიუხედავად, როცა ლორკას ლექსებს ორიგინალში ვკითხულობ, მხოლოდ ერთი განცდა მაქვს: ცხოვრება მოგზაურობაა და ყველას აქვს უფლება, არ იყოს ერთ სისტემაზე, ერთ გარემოსა და სამსახურზე დამოკიდებული.
ლორკას ლექსების კრებული Romancero Gitano (ბოშური რომანსერო) საოცარი მელოდიურობით გამოირჩევა, შესაძლოა იმიტომაც, რომ ბოშებს სიმღერა ძალიან უყვართ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბოშური სიგირიაა, რომელიც ლორკას უძველესი ხელოვნების ნიმუშად მიაჩნია. სიგირია ყვირილით იწყება, რომელიც ჰყოფს სამყაროს ორ იდეალურ ნახევარსფეროდ. ეს არის წასული თაობების ყვირილი, მძაფრი წუხილი გამქრალ ეპოქებზე, მოგონება სიყვარულზე სხვა მთვარის ქვეშ, სხვა ნიავის გარემოცვაში. ბოშურ სიმღერებში ამ სევდას სწორედ წარმავალი დღეების აჩრდილი ასაზრდოებს, თუმცა ისინი, ხშირ შემთხვევაში, სევდიანთან ერთად საკმაოდ მსუბუქი და მხიარულიცაა. ბოშების აზრით ხომ სიცოცხლე მაშინ იძენს ძალას, როცა სიმღერა ზეიმობს სიცოცხლეზე.
ბოშური ჰანგები "ოჩი ჩორნიე"-ს, სტეფან გრაპელის ბოშური ჯაზის, გორან ბრეგოვიჩის კუშტურიცას ფილმისთვის დაწერილი მუსიკის ასოციაციებს იწვევს. ვინაიდან ჩემთვის თავისუფლება ასევე როკთან და პანკთან ასოცირდება, დიდი სურვილი მქონდა ამ მიმდინარეობების და ბოშური კულტურის ჰიბრიდი მეპოვა. შედეგად უფრო მრავალფეროვანი მუსიკა აღმოვაჩინე - მუსიკალური ჯგუფი DeVotchKa შეერთებული შტატებიდან. იგი ოთხი მულტი-ინსტრუმენტალისტისგან შედგება, რომლებიც რამდენიმე სტილის სინთეზირებით ქმნიან თავიანთ მუსიკას. ეს უკანასკნელი არის ბოშური, ბერძნული, სლავური, მარიაჩის და ბოლეროს მუსიკის ნარევი. სტილი კი, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამერიკული პანკ-როკის ფესვებით საზრდოობს, რაც, საბოლოოდ, უფრო ინდი ფოლკს გვაძლევს.

ნიკ ურატამ ჯგუფისთვის სახელი ენტონი ბერჯესის "მექანიკური ფორთოხლის" (კიდევ ერთი მინიშნება თავისუფლების მოტივებზე) ნადსატიდან (გამოგონილი ბრიტანული ჟარგონი) აიღო. ჯგუფის წევრს მიაჩნია, რომ "დევოჩკა"-ზე სექსუალური ჟღერადობა არც ერთ სხვა სიტყვას არ გააჩნია. დღეისთვის DeVotchKa-ს შემოქმედება 13 წელსა და 7 ალბომს ითვლის. მე ყველა მათგანი მომეწონა, თუმცა ბოშური სული განსაკუთრებით 2003 წელს გამოშვებულ Una Volta-შია მოსაძებნი.
ბოლო ხანებში ბოშური მოტივები არა მხოლოდ მუსიკოსებისთვის გახდა შთაგონების წყარო. გასულ წელს ფოტოგრაფმა ლეინ მაქქელმა V Magazine-ისთვის დიდებული ფოტოგადაღებები მოაწყო, რომლის გმირმა, ქეით მოსმა, ინგლისში, ქორნუოლში, ორი დღე ბოშების ბანაკში გაატარა. მოდის ფოტოგრაფიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნამუშევარია, რომელშიც ზუსტად აღიბეჭდა ბოშური ცხოვრების და ჩაცმულობის ფუფუნების ხიბლი.
გუჩის 2009 წლის ზამთრის კოლექცია მამაკაცებისთვის ბოშური მოტივების ძლიერ გავლენას განიცდიდა. წელს რალფ ლორენმა წარმოადგინა შემოდგომა-ზამთრის ქალის მოდის ჩვენებაზე დიდი რაოდენობით ბოშური სტილის კაბები. მთლიანობაში ამ კოლექციას ოდნავ მასკულინური და გოთურ-რომანული ელფერი დაჰკრავდა. ასევე Alexandre Herchcovitch-მა წარმოადგინა ამ სეზონზე სამეფო ბოშური სტილი, მდიდრული ქსოვილებით, თავშლებითა და ბევრი ჯაჭვებით. აქსესუარების მოძებნა შეიძლება იმავე რალფ ლორენთან, დიორთან, დოლჩე გაბანასთან.
ლედი ეძებს შეზღუდვებს
არასტანდარტული კატეგორიებით აზროვნება შესაძლოა ბოშების სტილი იყოს, თუმცა ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ დერეკ ბლესბერგს, წიგნის Classy: Exceptional Advice for the Extremely Modern Lady ავტორს. ეს არის 256 გვერდიანი სახელმძღვანელო ახალგაზრდა გოგონებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი გახდნენ ნამდვილი ლედი. უფრო ზუსტად, ეს არის გზამკვლევი ეტიკეტის სფეროში არც ისე გათვითცნობიერებული მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის.
იმის თქმა, რომ წიგნი უსარგებლოა, არ შეიძლება. მასში არის საკმაოდ ბევრი რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაიცვა სწორად, ისაუბრო, იმოგზაურო და ა.შ. იმისთვის, რომ დატოვო ლედის და არა ცუდად აღზრდილი, უგემოვნო გოგონას შთაბეჭდილება. იქიდან გამომდინარე, რომ ბლესბერგს დიდი გამოცდილება აქვს წითელ ხალიჩაზე, ელიტურ წვეულებებზე და სხვა ასეთ ადგილებზე ყოფნის, ის მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორი ქცევით შეიძლება მიაღწიო მაღალ სოციალურ საფეხურზე ასვლას. ის აკრიტიკებს ბევრ ჰოლივუდის ვარსკვლავს ვულგარულობისთვის და მიუთითებს იმ დეტალებზე, რომლებსაც შეუძლიათ იმიჯის გაფუჭება.
მთლიანობაში წიგნი კარგი გასართობია, რადგან უფრო პრიალაყდიანი ჟურნალის შთაბეჭდილებას ტოვებს და არა სერიოზული ლიტერატურის. წიგნის თავების სათაურები ასე გამოიყურება; "ლედი ეძებს სიყვარულს", "ლედი მართავს წვეულებას", "ლედი იჩენს მეგობრებს"... ეს რჩევები დასურათებულია, ფოტოები კი, ისევე, როგორც გოგონები, ორ ნაწილად იყოფა - "ლედი" და tramp (აღვირახსნილი, ვულგარული გოგო). ბიჭების შემთხვევაში ეს იარლიყებია "კარგი ბიჭი" და "გეი ბიჭი". სურათებზე დეტალურად არის განხილული მათი გარეგნობა, რომლის მიხედვითაც უნდა გაარჩიო შენი ოცნების პრინცი ამ მხრივ უინტერესო მამრისგან.
წიგნში ბევრ სწორ რჩევას შევხვდი, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ჩემთვის აქამდე უცნობი რამ აღმოვაჩინე. "ხანდახან ჯობს ბევრი ჩაიცვა, ვიდრე სულ მთლად გაშიშვლდე", - ამბობს ავტორი. ასევე კონსტატირებას უკეთებს ისეთ ფაქტებს, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ ლედი არ ატარებს ტანსაცმელს ისე, როგორც ეს ბუტიკის მოდელზე იქნებოდა წარმოდგენილი. ამასთან ის დარწმუნებულია, რომ "კარგი გოგონა" ყოველთვის უნდა ატარებდეს ქვედა საცვალს.
რაც შეეხება ბიჭს, თუ მას აცვია უფრო ვიწრო შარვალი, ვიდრე გოგონას, ატარებს უფრო მეტ აქსესუარს, ვიდრე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი, ამ უკანასკნელისთვის ის გაცილებით კარგი "ფრენდი" იქნება, ვიდრე "ბოიფრენდი". ამიტომ მისი შეყვარება თავიდანვე ნიშნავს, რომ დაიტანჯები, - გვაფრთხილებს კეთილი ბლესბერგი. ამასთან, თუ ბიჭის ჩაცმულობაში უფრო თამამი პრინტია, ვიდრე ნებისმიერი გოგოს გარდერობში, მაშასადამე ის არა მხოლოდ გეია, არამედ არაჩვეულებრივი კომპანიონიც საყიდლებზე წასასვლელად.
მოკლედ, ამ წიგნის თვალიერებისას კარგად ვიხალისე. ამის შემდეგ ზუსტად მეცოდინება, რომ თვითმფრინავში პიჟამაში გამოწყობილი არ უნდა ავიდე, არ გადავუღო საკუთარ თავს ფოტოები შიდა თეთრეულში გამოწყობილს და შემდეგ ფეისბუქის გვერდზე არ ავტვირთო. თუმცა ეს, მგონი, ბლესბერგამდეც ვიცოდი. არა უშავს, გამეორება ცოდნის დედაა. ის, რაც ამ წიგნიდან ვერ გავიგე, არის ის, თუ რატომ უნდა ავირჩიო მეგობრები რაღაც სტერეოტიპული რჩევების მიხედვით. რაც მთავარია, არ მომეწონა ტონი, რომლითაც მთავაზობენ ვიღაცის სამყაროს პატარა დეკორაცია გავხდე. თანაც, რატომღაც მგონია, რომ თუ ბევრს იფიქრებ, როგორ იყო classy, ასეთად ყოფნა ძალიან გაგიჭირდება.

16 comments:

  1. ბოშები სასწაულად ლამაზი და ჩანან ფოტოებზე, მათი ცხოვრებაც მომხიბვლელია, როცა ამას პრიალაყდიან ჟურნალში ხედავ, მაგრამ სინამდვილეში ხომ ვიცით, რომ ეს ხალხი საერთოდ არაა თავისუფალი :/ ყველა ერთი ბარონისთვის მუშაობს, რომელიც სასახლეში ცხოვრობს და ყველა კბილი ოქროსი აქვს (მე ასე წარმომიდგენია, ყოველ შემთხვევაში).

    არ ვიცი, მინდა ისე იყოს, როგორც წიგნებსა და ფილმებშია. ის ფილმი გახსოვს? "კაცი, რომელიც ტიროდა" http://content.internetvideoarchive.com/content/photos/482/020274_29.jpg ჰოდა ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელი ბოშა ჯონი დეპია, მაგრამ ესეც ხო ილუზიაა.

    პოსტი ასეთი სიამოვნებით კაი ხანია არ წამიკითხავს. სტილი მაკლია აშკარად that's what I seek for ;)

    ReplyDelete
  2. პოსტის კითხვა რომ დავიწყე ვიფიქრე: "რა ირონიაა, ახლა დავბრუნდი თეატრიდან, სადაც მექანიკური ფორთოხალი გადიოდა", რამდენიმე აბზაცი ჩავიკითხე და მექანიკური ფორთოხალიც აქაა (რაღაც არსებობს) :)
    ლორკას სამწუხაროდ მხოლოდ თარგმანში ვიცნობ.
    დევოჩკასთვის მადლობა, რითმი მომწონს :)

    ReplyDelete
  3. მიყვარს შენი წერილები :) ისე რბილად გადადიხარ ერთი მონაკვეთიდან მეორეზე, ვერც ვამჩნევ... (მაგალითად მუსიკიდან სტილზე)
    დევოჩკას საღამოს მოვუსმენ, აქ ვერ ვახერხებ..
    არ მიყვარს ასეთი დოგმატური რამეები – როცა გასწავლიან როგორ და რა. რომელია კარგი გოგო (მაგალითად) და რომელი ცუდი. თუმცა, ისიც მართალია, ეტიკეტის წესები გათავისებული მაქვს... ალბათ უმეტესად ყველა ასეა.

    ბოშებში ის მომწონს, რომ თავისუფალი სული არ აქვთ დაკარგული, მიუხედავად იმისა, ბანაკში ვინმეს ემორჩილებიან თუ არა. შინაგანად თავისუფლები არიან და ამას ყველა არაბოშა გრძნობს. ამიტომაც მიაჩნიათ თავისუფლებად და ხშირად ძალიან უნდათ მსგავსი შეეძლოთ :)

    ერთხანს ლორკას სიამოვნებით ვკითხულობდი. თარგმანებს, ცხადია. დიდი ხანია, არ წამიკითხავს...

    ReplyDelete
  4. Sophie Golden
    მმ ეგ ფილმი არ მაქვს ნანახი, ვნახავ :))
    თავისუფლების სხვადასხვა კატეგორიები არსებობს, ბოშებს აქვთ ის, რაც ჩვენთვის უცხოა. პრინციპში მათ მუსიკაშიც კარგად ისმის ის, რასაც ვგულისხმობ, მელანქოლიური უდარდელობა,თავისუფლების სიყვარული (და არა აუცილებლად თავისუფლება) :) ჩვენს კულტურაში კი ეს სწრაფვა თავისუფლებისკენ საკმაოდ დახშულია..
    I like your style :*

    lobzhanidze
    რა მაგარი დამთხვევაა. ეგ წიგნი ჩემთვის თავისუფლების ჰიმნია და დევოჩკაზე რომ წავიკითხე, ჩემთვისაც დამთხვევა იყო. მაგათი clockwise witness ძალიან მომწონს

    Keti
    ბოშებთან დაკავშირებით, ესე იგი მთლიანი სტატიის იდეა ზუსტად გაიგე :) პრინციპში, როგორც ყოველთვის. მიხარია, ჩემს სტატიებს შენნაირი მკითხველი რომ ჰყავს :))
    http://lukianpovorotov.narod.ru/lorca.html თარგმანებიცაა და ორიგინალშიც, რომანსეროდან

    ReplyDelete
  5. აი, შემოვედი, ყურში "დევოჩკას" ჰანგები მაქვს და ლორკას ლინკს გავყვები ახლა.. მადლობა :))

    ReplyDelete
  6. ფორთოხალი ჰიმნია იმაზე, რომ ვერასოდეს გახდები თავისუფალი. კონფორმიზმზეა ეგ წიგნი.

    ზოგი ქვედა საცვალი ისეთია, რომ სჯობს სულ არ გეცვას. :):)

    "Good Girls Go to Heaven (Bad Girls Go Everywhere)" - გამოდის რომ სამოთხეში არ უყვართ ქვედა საცვალი. :/

    გევედი მე.

    ReplyDelete
  7. Lord Vader

    ეე. ეგ წიგნი თავისუფლებაზეა და არა კონფორმიზმზე. როდის რა გახდები ეგ სხვა საკითხია

    ReplyDelete
  8. ახლა არ თქუ, რომ წიგნის პირველ ნაწილში, როცა თავიუფალია, მართლა თავისუფალია.

    აი, ბახის თოლიაა თავისუფლებაზე. ♥

    ReplyDelete
  9. თავისუფალი ნება ხო გააჩნია? ეგ წიგნი ვაბშეტა არჩევანის თავისუფლების მნიშვნელობაზეა
    ზოგადად თავისუფლება კი ძალიან რთული ფენომენია და საკამათოა, ვინ რაში ხედავს მას. აბსოლუტური თავისუფლება არც მგონია მიღწევადი და საერთოდაც, შემაშინებლად ჟღერს)

    ReplyDelete
  10. არ გააჩნია. :)
    ის ვინც სხვის თავისუფლებას არ აფასებს, თავადაც ვერ იქნება თავისუფალი.
    მეორე ნაწილში იმიტომ ხდება ზუსტად სრული კონფორმისტი, რომ პირველ ნაწილში არის სრული მოძალადე.
    მაგრამ ერთიც და მეორეც არის ერთი და იგივე სინამდვილეში.

    ნუ მე ასე მესმის ეგ წიგნი.

    ReplyDelete
  11. მართალი ხარ.
    თუმცა ამაზე, როგორც წიგნის მთავარ იდეაზე, არ მიფიქრია
    მეორე ნაწილში კონფორმისტი (კი არა და, მანქანა) რომ ხდება, ეგ ხომ უხეში ჩარევის გამოა
    მე რაც ვისწავლე ამ წიგნიდან, არის ის, რომ ადამიანი თავად უნდა მივიდეს თავისუფლებამდეც, კონფორმიზმამდეც და ა.შ. რომ ადამიანს მანქანებისგან განსხვავებით მთავარი უპირატესობა, თავისუფალი ნება გააჩნია და არავის აქვს უფლება უყუროს მას, როგორც სამართავ მექანიზმს. ამიტომ მე ეგ წიგნი უკანასკნელი გამოგლოვება მგონია კაცობრიობის საყოველთაო გამოტექნოკრატიულობამდე :დ

    ReplyDelete
  12. ლიტერატურული მიმოხილვების კუთხე არ გაქვთ 24 საათში? დაწერე და გამოაქვეყნე.

    ReplyDelete
  13. რაღა დროს ფორთოხლის რეცენზიაა თორემ კი გვაქვს :)
    კრიტიკის ქარცეცხლში გინდა ხო გამხვიო? :D

    ReplyDelete
  14. რაის კრიტიკის ცეცხლი.
    შენ რომ იცოდე, მე რეები დავწერე შენზე, მაგას არ იტყოდი :)

    ReplyDelete
  15. უი, უი... ავსტრიელი იყო :) არ უყვართ მაგათ, გერმანელებს რომ უძახიან :):)

    კაცო, როდრიგო რაა შენ ამ ინტერნეტ-შოფინგს რომ გაურბიხარ ცეცხლივით? :) ამაზონზე ნახე და ამოგიყრის უამრავს. უფრო იაფიც დაგიჯდება და არჩევანიც კარგი იქნება.
    ისე, მაგ პალტოში პორუჩიკ გოლიცინს დაემსგავსები :)

    მე ვიყიდე საშობაო სეილზე 2 წლის წინ ჯინსის გალერეაში თხელი შალის პალტო - ოღონდ ეგეთი ჩაფართხუნებული არაა :) ეგ უფრო სახმელეთო შინელივითაა და ჩემი საზღვაო კაპიტნებს რომ აცვიათ იმას უფრო გავს. ჰოდა, სადღაც 300 ლარამდე დამიჯდა.

    ReplyDelete
  16. რეები დაწერე? :))

    ReplyDelete