Wednesday, November 10, 2010

თუ გსურს მშვიდობა, იომე

ომი უდიდესი ბოროტებაა, - ამბობდა პლატონი რამდენიმე ათასწლეულის წინ და მსოფლიოც არაერთხელ დარწმუნებულა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში.
თუმცა ომს მომხრეებიც ყოველთვის მრავლად ჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი ჰერაკლიტე იყო, ძველი ბერძენი მოაზროვნე, რომელსაც ზოგადად კონფლიქტები სამყაროს მამოძრავებელ ძალად მიაჩნდა. ის ამბობდა, რომ შეჯახება განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და ომია ყოველივეს მამა და ყოველივეს მეუფე.
ჰერაკლიტეს თეორია კონფლიქტის შესახებ საკმაოდ ღრმა და საინტერესოა. ამ თეორიის მიხედვით, შეჯახების დროს ურთიერთსაწინააღმდეგო თანხმობას აღწევს და ამ პროცესისგან ყველაზე მშვენიერი ჰარმონია წარმოიშობა. დამეთანხმებით, შესაძლოა, წინააღმდეგობა სამყაროს უნივერსალური კანონზომიერებაც იყოს, მაგრამ როცა საქმე შეიარაღებულ კონფლიქტებსა და შესაბამისად, ადამიანურ მსხვერპლს ეხება, ყველაზე მომხიბლავი თეორიებიც უფერულდება ხოლმე. ომი და კონფლიქტები ის შემთხვევაა, როცა ღირს, ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ მათ ბოლო მოუღო. ამ ყველაფერში კი, პარადოქსია, მაგრამ ომიც შედის. გავიხსენოთ პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიიდან გამოქცეული ებრაელის, რიჩარდ გრელინგის სიტყვები - როდესაც მილიტარისტული ბატონობისაგან გასათავისუფლებლად სხვა ყველა საშუალება უძლური ხდება, ამ შემთხვევაში თავადაც ომი უნდა დაიწყოო. ამიტომ მან ახალი მაქსიმა შემოიტანა - Si vis pacem, fac bellum (თუ გსურს მშვიდობა, იომე) ძველი რომაული Si vis pacem, para bellum-ის (თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის) ნაცვლად.

დღევანდელი მსოფლიო დაიღალა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული კონფლიქტებისგან. შესაბამისად, მისი ანტიმილიტარისტული პროტესტი უამრავ რაღაცაში გამოიხატა. აღსანიშნავია, რომ მოდის სფერო ამ მოძრაობის ერთ-ერთ მძლავრ და მასშტაბურ ინსტრუმენტად იქცა, რომელმაც ყველაზე კარგად გაითავისა გრელინგის ნათქვამი. უკვე თითქმის ერთი საუკუნეა, რაც არა მხოლოდ კაცის, არამედ ქალის ჩაცმულობაშიც გაჩნდა სამხედრო დეტალები.
მოდის მილიტარიზაცია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. ამას ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: გამარჯვებული მხარე სამხედრო ჩაცმულობით ცდილობდა თავისი სტატუსისთვის რაც შეიძლება მეტად გაესვა ხაზი, ამასთან, სიდუხჭირის გამო, კაცის სამხედრო პალტოებს ქალის ტანზე აკეთებდნენ. თუმცა, გავიდა ცოტა ხანი და სამხედრო სტილმა გაარღვია ეს შაბლონური ჩარჩოები და "მილიტარიც" პოდიუმებსა და შოუ-რუმებში ახალი სახით გამოჩნდა.
დღეს სტილი "მილიტარი" არ გულისხმობს ცალსახად სამხედრო უნიფორმების ტარებას. ისეთმა ცნობილმა და წარმატებულმა მოდის სახლებმა, როგორებიცაა ლუი ვიტონი, სელინი, მაქს მარა, ბარბერი, დიორი და ა.შ. ტანსაცმლის დიზაინში დატოვეს სამხედრო სტილისთვის დამახასიათებელი დეტალები ხასიათის შესანარჩუნებლად, თუმცა უწინდელ პრიმიტიულობასაც თავი დააღწიეს. ნეიტრალური ფერები (ნაცრისფერი, ხაკი), პალტოები ორ ბორტზე, მძიმე ფეხსაცმელი, განიერი ქამრები, დიდი ჯიბეები - ეს არის, რაც პირველ რიგში გეცემა თვალში, როცა ამ წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს გადაავლებ თვალს.
მილიტარი ჩაცმულობაში სხვადასხვა ასოციაციებს აღძრავს. მისი გამოყენებაც სხვადასხვა მოტივით შეიძლება, თუმცა ჩემთვის შთაგონების წყარო გასული საუკუნის 60-70-იანი და 90-იანი წლები გახდა. პირველად ჰიპებმა გამოიყენეს კამუფლიაჟი, როგორც გამოწვევა და პროტესტი სამხედრო მობილიზაციის (ვიეტნამის შემთხვევა) წინააღმდეგ. 90-იანების სამხედრო სტილი იყო ბუნებრივი რეაქცია დიზაინერების მხრიდან იმაზე, რაც სპარსეთის ყურეში ხდებოდა. ამიტომ, ატარო სამხედრო სტილი პაციფისტური მიზნით, ეს გაცილებით კეთილშობილურად მეჩვენება, ვიდრე დაცულობის და უპირატესობის ხაზგასმისთვის.
პაციფისტური ეგოს წარმოსაჩენად პირველ რიგში Burberry Prorsum-ის კოლექციის მონახულება ღირს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მილიტარისტული და ამავე დროს, ელეგანტური იყო ამ სეზონზე. მეტი ბოჰემა იგრძნობოდა Emilio Pucci-ს სილუეტებში, მეტი ქალურობა - Balmain-თან, Etro-სთან. რაც შეეხება ყველაზე ინოვაციურ ფორმებს, მათი ნახვა შესაძლებელია შემდეგ დიზაინერებთან: Wunderkind, Andrew Gn, ყველაზე ახალგაზრდულის, ვფიქრობ, Marc by Marc Jacobs, Rag&Bone. საუკეთესო კოლექციები კაცისთვის, სადაც მილიტარი სტილი აისახა, წარმოადგინეს მოდის სახლებმა 3.1 Phillip Lim, Burberry Prorsum.
საომარი განწყობისთვის მუსიკას, მოგეხსენებათ, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ვინაიდან მიზანი მხოლოდ ამ სტილით ჩაცმა და გარკვეულწილად, პროტესტიც არის ძალადობის წინააღმდეგ, საბრძოლო მარშის მოსმენა სრულიად უადგილო მეჩვენა. სურვილი მქონდა, მომეძებნა რაღაც ისეთი, რაც მოსასმენად ცოტა მძიმე, აგრესიული და მაინც, ხალისიანი იქნებოდა. ამ დროს ბრიტანული ჯგუფი Does It Offend You, Yeah? გამახსენდა, სწორედ ის ხულიგნები, ორი წლის წინ Pitchfork-ის და BBC-ის კრიტიკოსებმა მიწასთან რომ გაასწორეს. მიუხედავად ამისა, ისინი იმავე წელს ერთ-ერთ ყველაზე მოსმენად და პოპულარულ ახალი ჯგუფების სიაში აღმოჩნდნენ last.fm-სა და iTunes USA-ზე.
Does It Offend You, Yeah? 2006 წელს შეიქმნა, 2008 წელს კი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ალბომი You Have No Idea What You're Getting Yourself Into გამოუშვეს. მათ მუსიკას ადარებენ ჯგუფების Daft Punk, Muse, The Killers, Justice, Gorillaz შემოქმედებას. ჯგუფის მუსიკა, მართლაც ალტერნატიული ელექტრო-როკის და ნიუ რეივის ნარევია ჰაუსის, პანკის, საცეკვაო მუსიკის ელემენტებით. მათი სავიზიტო ბარათია ენერგიულობა, მძიმე ხმიანობა. გასაკვირი არ არის, რომ ჯგუფის სცენაზე გამოსვლა საბოლოოდ ხშირად მთავრდება ხოლმე რომელიმე წევრის ხალხში გადახტომითა და ინსტრუმენტების დამტვრევით. გადმოწერეთ შემდეგი კომპოზიციები: We Are Rockstars, With A Heavy Heart (I Regret To Inform You), Dawn Of The Dead.

With A Heavy Heart (I Regret To Inform You)

თუ ომია, ომი იყოს
და მაინც, გამოეწყო სამხედრო პიჯაკში, მოუსმინო მუსიკას ასეთი ენერგიული და შიგადაშიგ აგრესიული "დრაივით", მერე კი სენტიმენტალური დითირამბები იმღერო - ზედმეტად დიდი დისონანსია. ამიტომ ამ კვირაში, საბრძოლო სტილით გულმოცემულმა, გადავწყვიტე თავდასხმა განმეხორციელებინა ორ ობიექტზე, რომელთა ნაკლი მხოლოდ სტილი "მილიტარის" ნაკლებობა არ არის.
ჩემი თავდასხმის პირველი მსხვერპლი ერიკ ტრიუფას ახალი ნამუშევარია, Let Me Go! (Feat Sophie Hunger) ახალი ალბომიდან, რომელმაც სრულიად არ გაამართლა ჩემი მოლოდინი, განსხვავებით Arkhangelsk-ის სიმღერებისგან. Let me go ზედმეტად პრიმიტიული მელოდიით და სოფის საკმაოდ არამიმზიდველი ვოკალით გამოირჩევა. უფრო სწორად, საკმაოდ მარგინალური მიმზიდველობით, რომელსაც აკლია სიღრმეც და ამ სიტყვის სწორი გაგებით, სენსუალურობაც. ასეა, ბატონო ტრიუფა, არასოდეს უნდა ჩაწეროთ ედ ჰარქორთან ისეთი დაუვიწყარი სიმღერები, რომლებიც თქვენს შემდგომ ნამუშევრებს სამუდამოდ დაჩრდილავს. ასეა თუ ისე, ახალი სიმღერის და სოფის ვოკალის მოსმენამ მხოლოდ ერთი განწყობა შემიქმნა - ლეთ მი გოუ!
ჩემი მილიტარისტული რისხვის ობიექტი ასევე გახდა დონა კარანის ახალი სუნამო - DKNY Delicious Candy Apples Juicy Berry. კონცეფცია ასეთი გახლდათ - სურნელს ადამიანი უნდა დაებრუნებინა უკან, ბავშვობის წლებში და ტკბილი მოგონებები გაეღვიძებინა. ეს არის დამტკბარი მაყვლისა და მსხლის არომატი, ვაშლის კარამელის ნოტებით, ასევე ინგრედიენტებში შედის ვარდი და სანდლის ხე, რომელთა აღმოჩენაც სუნამოში ძალიან გაგიჭირდებათ. გაუგებარია, ვისზე იყო გათვლილი ეს პროდუქტი. ტკბილი და სინთეტიკური კარამელის სურნელი ძალიან ვულგარულად გაჟღერდება ქალზე, რომელმაც 20-25 წელს უკვე გადააბიჯა. მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერებს უყვართ და უხდებათ კიდეც საღეჭი რეზინის არომატების მსგავსი სურნელები, ეჭვი მაქვს, მათაც არ მოეწონებათ, რადგან ზედმეტად მძიმეა და ამის გამო თავის ტკივილს იწვევს. საერთოდ, დონა კარანის Delicious სერია არ არის მაინცდამაინც შთამბეჭდავი, მაგრამ ეს ნიმუში უბრალოდ ფიასკოა. "გემრიელი დაშაქრული ვაშლი" კანიდან უცებ ორთქლდება და გამყოლი სუნიც არ აქვს, რაც, ალბათ, მის ერთადერთ დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს.
შავ სიაში ასევე გახლდათ Skunk Anansie -ის ახალი ალბომი Wonderlustre. ბოლო მომენტში ჩვენი დუელი არ შედგა, რადგან უშუალოდ ბრძოლის ველზე მდგარს ეჭვი შემეპარა თავდასხმის აუცილებლობაში. სქინის მიმართ ყოველთვის მქონდა სიმპათია, მისი ახალი თორმეტი სიმღერიდან კი მხოლოდ ერთია, რომლის მეორედ მოსმენის სურვილი გამიჩნდა - My Ugly Boy. ალბომის გამოსვლის დღიდან მუსიკალური კრიტიკოსები დაუსრულებლად საუბრობენ იმაზე, რომ ჯგუფი ინტელექტუალურად განვითარდა და სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლა. ხანდახან მუსიკას კარგი ღვინის თვისება აქვს, გავა დრო და ხელახლა მოსმენისას აღმოაჩენ, რომ გენიალური ყოფილა. მილიტარი ოპტიმიზმს და შემწყნარებლობას არ გამორიცხავს, ჰოდა, სანამ შეტევას განვახორციელებდე, ამ ჯგუფთან ძველი მეგობრობის ხათრით, გარკვეული დროის გასვლას დაველოდები.

11 comments:

  1. Si vis pacem, para bellum –
    "პარაბელუმიც" სწორედ აქედან მონათლეს :)

    კითხვა რომ დავიწყე, ვიფიქრე, რატომ აირჩია–მეთქი ეს თემა. თითქოს მიჩვეული ვარ შენს მრავალფეროვან სტატიებს, მაგრამ მაინც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო უცებ სტილზე გადასვლა :)
    მილიტარი სტილი ჩაცმულობაში მეტ–ნაკლებად მომწონს, ნაცრისფერი და ხაკისფერი კი მიყვარს.

    ReplyDelete
  2. ქეთი, მე ზოგადად ვარ მილიტარი და ამ თემას ხელიდან როგორ გავუშვებდი, მითუმეტეს წალეკა პოდიუმები ამ სტილის ტანსაცმელმა :)))))
    წელს რაღაც ძალიან ქალური გახდა მილიტარი, მე ვიხდენ, რა ვიცი :)

    ReplyDelete
  3. ძალიან საინტერესო იყო. პირველ ნაწილს რაც შეეხება, მე მაინც ვფიქრობ, რომ ომი წარსულს ჩაბარდა უკვე და ამ საუკუნეში ის სასიკეთოს ვეღარაფერს მოიტანს...

    რაც შეეხება სტილს. შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მომწონს ეს სტილი. აი, პირველ სურათში ქალს რომ აცვია, მსგავსი ელემენტებით მამაკაცის პალტოც ხომ იქნება? დიდი სიამოვნებით შევიძენდი.

    მგონი მსგავსი აცვიათ მესაყვირეებსაც და მედოლეებსაც, ქუჩის პარადებში რომ დადიან :)

    ReplyDelete
  4. მილითარის მომგონი დიზაინერი რომ მიყვარს - ეგ ადრეც დავწერე.
    მაგრამ მგონი პოსტის 1-ელი ნაწილი ძალიან ვრცელია და გადასვლა დაგვიანებული.
    რომ არ მცოდნოდა რომ შენი ბლოგი იყო, რიდ მორს არ დავაჭერდი.

    undone
    მამაკაცის მოდა მილითარია დიდწილად. მილითარია ბლეიზერი. მილითარია t-shirt, მილითარია პალტოები რომელსაც ორივე მხარეს აქვს ღილები საზღვაო კიტელივით, პაგონები... ასევე ტყავის ავია-ბომბერი ქურთუკები (ჩემი საყვარელი ამერიკული კლასიკა)... უბრალოდ ნაკლებად ზიზილი-პიპილოებითაა და უფრო მკაცია ქალის მილითარისგან გასხვავებით.

    ReplyDelete
  5. undone,

    სასიკეთო რა უნდა მოიტანოს, მაგრამ სამწუხაროდ არ ბარდება წარსულს :/

    H&M-ს ჰქონდა მსგავსი კაცისთვის გასულ წელს http://www.fashionising.com/clothing/b--HM-20092010-military-fashion-for-men-1818.html

    ამ სეზონზე მგონი არ შემხვედრია, თუ გამახსენდა გეტყვი, უფრო მასიურად ასეთებია, ზემოთ ბიჭს რომ აცვია Burberry-ის მწვანე პალტო

    ReplyDelete
  6. Lord Vader
    შენ ეგრევე ფეშენი გინდა ხო? :)))
    წერა რომ დავიწყე მაშინვე გრელინგი გამახსენდა, თან მხოლოდ ტანსაცმელი მგონია რომ განწყობას არ ქმნის
    თუმცა შენი და ქეთის შენიშვნა მიღებულია :)

    ReplyDelete
  7. ეგ პალტო მინიმუმ 1500 დოლარი მაინც ეღირება... ნუ ქსმას სეილზე 900 დოლარად დაითრევ. :)

    ReplyDelete
  8. @Nina Gorecki
    ლექტორი მყავდა ერთი ჰერმან ჰაინრიხ (ჰეი ჰაი :)) გროსი, კორპორატიულ ურთიერთობებს და კომპლექსურ სისტემებს შორის ურთიერთობებს და ეგეთ რამეებს გვასწავლიდა, აცხონოს ღმერთმა, აღარაა ცოცხალი უკვე. ჰოდა იმასაც გვასწავლიდა წერილი როგორ უნდა დაიწეროს - ასე ამბობდა პირველი აბზაცი ისე უნდა დაწეროთ, რომ ადრესატმა მთავარი არსი დაიჭიროს რაზე იქნება შემდეგ საუბარიო. ამის შემდეგ გაშალეთ თემა, მიედ-მოედეთ, მაგრამ ბოლო აბზაცში ისევ დაუბრუნდით მთავარ თემასო... ჰოდა, სტატისტიკურად 10-დან 8 წერილს სრულად არ კითხულობსო. 5 პირველი აბზაცის მერე წყვეტს კითხვასო და 3-მა შეიძლება კიდევ ბოლო აბზაციც წაიკითხოსო. თუ აქ ვერ "დაიჭირე" შუაში სულ რომ გენიალურობები გეწეროს - ჰაერში ნასროლი გამოვაო.
    :)
    მთლად აქსიომა არაა, მაგრამ ხშირად ამართლებს. :)

    ReplyDelete
  9. ვადერ :)) ჰო ორივე მხარეს ღილები, მაგარია ;)

    ნინა
    მაგარია ეგ პალტოც და ლინკის პიჯაკიც მომეწონა, ეგეთი მწვანე რომ ყოფილიყო ან მუქი ლურჯი ;)
    თბილისში თუ იყიდება სადმე მსგავსი სტილი? და დაახლოებით რა ფასებში?

    ReplyDelete
  10. ლორდ,

    გაგეცინება და აკადემიურ წერაზე ტრეინინგი მეც გერმანელთან მაქვს გავლილი :))
    ზუსტად ამ პრინციპით ვწერ რეფერატებს, რაც შენ დაწერე, მაგრამ ეს ხო საგაზეთო სტატიაა, შემოქმედებითად ვცდილობ მივუდგე (რავიცი რამდენად გამომდის) და თან გვერდის გაფორმებით ეგრევე მიხვდები რომ წერილი სტილზეა და არა კონფლიქტოლოგიაზე :O :))))
    ნუ გადამაყოლებ ორ პატარა აბზაცს თუ კაცი ხარ :D:D

    ანდან,

    ეგ ბარბერის აქვს ცეცხლის ფასი, დემოკრატიულ ბრენდებს მაქსიმუმ 200 $ ჰქონდეთ. მე მაგალითად თხელი პიჯაკი მილიტარის სტილში ვიქტორია სიქრეთის მაღაზიაში შევიძინე, 70 თუ 75$ ღირდა :))) თუნდაც H&M-ში ნახე, ხარისხი 2 სეზონი კი გაგიძლებს და მერე კი გადავა მოდიდან :დ
    თბილისის მაღაზიებში კაცის ტანსაცმელი არ ვიცი რა აქვთ, ინტერნეტ მაღაზიებში იქნება ბევრი ბევრი )

    ReplyDelete
  11. უი, უი... ავსტრიელი იყო :) არ უყვართ მაგათ, გერმანელებს რომ უძახიან :):)

    კაცო, როდრიგო რაა შენ ამ ინტერნეტ-შოფინგს რომ გაურბიხარ ცეცხლივით? :) ამაზონზე ნახე და ამოგიყტის უამრავს. უფრო იაფიც დაგიჯდება და არჩევანიც კარგი იქნება.
    მაგ პალტოში პორუჩიკ გოლიცინს დაემსგავსები :)

    ისე, მე ვიყიდე საშობაო სეილზე 2 წლის წინ ჯინსის გალერეაში თხელი შალის პალტო - ოღონდ ეგეთი ჩაფართხუნებული არაა :) ეგ უფრო სახმელეთო შინელივითაა და ჩემი საზღვაო კაპიტნებს რომ აცვიათ იმას უფრო გავს. ჰოდა, სადღაც 300 ლარამდე დამიჯდა.

    ReplyDelete