არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო. იმან მკითხა, ბათუმში ხო არ წავიდეთო. მე ვუთხარი, მცივა და მეზარება-მეთქი. აბა მაშინ, კინოში ხო არ წავიდეთო. მე ვუთხარი, ვნახოთ, თუ მოვასწრებ, წავიდეთ-მეთქი. შხაპის მიღება, შემდეგ კი ყავის დალევა უნდა მომესწრო. ორ საათში ეგ კი არა, ყავაზე ფორთოხლის მიყოლებაც მოვახერხე, თუმცა კინოში მაინც დავიგვიანე. ეს ჩემი კარმაა ასეთი, ყველგან უნდა დამაგვიანდეს, რაც არ უნდა ადრე გავიდე სახლიდან.
ხომ გეუბნებით, ყველაფერი ნამდვილად კარგად დაიწყო-მეთქი. ის იჯდა და მხიარული გამომეტყველებით მელოდებოდა. დაგვიანებულზეც უპრობლემოდ შეგვიშვეს, დარბაზშიც საუკეთესო ადგილები შეგვხვდა (შეგვხვდა რა, ავირჩიეთ) და მხიარულებაც დაიწყო. დაცარიელებული ბათუმი, ოთხი ბიჭი, გართობის ყველანაირი საშუალება ხელმისაწვდომი - არტ ფილმის სანახავად არც წავსულვართ, მაგრამ კარგი ფანტასტიკის თუ არა, უბრალოდ მხიარული სანახაობის მოლოდინი მაინც გვქონდა. შედეგად პირველი 15 წუთის (ანუ მეორე, თხუთმეტი წუთით ჩვენ დავაგვიანეთ) განმავლობაში იმედიანად ვახრამუნებდით პოპკორნს, შემდეგი თხუთმეტი წუთი ისე მოვიწყინეთ, რომ ჩემმა მეგობარმა პოპკორნის თავში სროლა დამიწყო, მე კი შევეცადე ჩემი თმის სამაგრით მისთვის ცხვირი მეტკინა, კიდევ თხუთმეტი წუთი (ფილმში გოგოები რომ გამოჩნდნენ) იმედი მ(გვ) ქონდა, რომ სექსის ხარისხიან სცენას მაინც ვნახავდით, ამის მომდევნო თხუთმეტი წუთი ფრუსტრირებულს ახალი იმედი გამიჩნდა, რომ ვინმე მაინც მოკვდებოდა და რადგან არც ეს გვეღირსა, სასწრაფოდ დავტოვეთ დარბაზი, რადგან ჩვენს ახალ სურვილს უკვე სუიციდის სუნი ასდიოდა.
ფილმის კონცეფცია - „ადამიანი საზოგადოებრივი ცხოველია“ (ევრიკა!), ლაიტმოტივი - „ღმერთი მოკვდა, არა, კი არ მომკვდარა, ჩვენ ვიქცევით ისე, თითქოს მოკვდა". სცენარისტმა ნიცშე წაიკითხა, ან რაც უფრო სარწმუნოა, მისი ცნობილი ფრაზები დაგუგლა. გავაკეთებ ჩემი მეგობრის (რომელიც ამ ფილოსოფოსს კარგად იცნობს) ნათქვამის ციტირებას: „ფილმში „გამოყენებული“ ნიცშე ისე შეეფერებოდა მას, როგორც თავად ფილმს დარბაზში მაყურებელი“. ვერაფერს იტყვი, დაუფარავად ენამწარეობს, თუმცა სამართლიანად - ჩვენ იქ „სხვა“ ფილმის სანახავად მივედით. მე კი, მართალია, ზარატუსტრა დღემდე არ მაქვს წაკითხული (რა ვქნა, ვერაფერს ვუდებ გულს, რაც მოსაწყენია), თუმცა სხვადასხვა ფილოსოფიური ნარკვევებიდან ნიცშეს ნააზრევზე ბევრი რამ ვიცი. ფილმის ყურების დროს განსაკუთრებით ის ამომიტივტივდა გონებაში, რომ ამბობს, სიხარულის მოსაპოვებლად, ისევე როგორც არსებობისთვის, უნდა იბრძოლო, სიხარული ეგრე უბრალოდ ადამიანთან არ მოდისო. ამან გამაძლებინა რუსთაველში თითქმის საათნახევარი, თუმცა ნანატრი სიხარულის გრძნობა მაინც არ მეწვია. სამაგიეროდ, გამიჩნდა კითხვა: როდის გადაიღებენ ქართველი რეჟისორები ისეთ ფილმებს, რომ მათი ყურების დროს განცდილი ყველაზე მძაფრი ემოცია თავში ნასროლ სიმინდის მარცვალთან არ იყოს დაკავშირებული?!
წავსულიყავით ბათუმში...