Thursday, May 17, 2012

ოლივიე ზამი - მოდის სამყაროს ცუდი ბიჭი


აცვია, როგორც ყოველთვის - ჯინსის თეთრი შარვალი და ტყავის ქურთუკი. თმაც, ჩვეულებრივ, არც ისე დავარცხნილი აქვს. Purple Institute-ში, საკუთარ კაბინეტში ისეთი გამომეტყველებით შედის, თითქოს ახლახანს ალბერ კამიუსთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.თუმცა, ვინც ოდნავ მაინც იცნობს, იცის, რომ მისი ოდნავ აპათიური სახე მხოლოდ ნიღაბია - ოლივიე ზამს ასეთს ვერაფრით უწოდებ. აპათიური პიროვნებისთვის ის ზედმეტად ბევრი რაღაცითაა დაინტერესებული და გატაცებული. გარდა იმისა, რომ მოდით და ხელოვნებით ცხოვრობს, უყვარს თავისი Honda 750 - მოტოციკლეტი, რომელიც ოცდახუთი წლის ასაკში იყიდა და დღესაც ატარებს, ცხოვრება არ შეუძლია სიგარისა და Dupont-ის ოქროს სანთებელის, ასევე ივ სენ ლორანის ტყავის ქურთუკის გარეშე. როდესაც სიტყვა ყველაზე მნიშვნელოვანსა და ღირებულზე ჩამოვარდება, აღარც თავისი ჰონდა ახსენდება და არც ხელოვნება და მოდა. "ქალი ერთადერთი მთავარი მიზეზია იმისთვის, რომ იცხოვრო", - ამბობს ზამი. ფლეიბოის იმიჯი უკვე დიდი ხანია მოირგო, ასე რომ, ამ სიტყვებით ვერავის გააკვირვებს, მოდის სამყაროშიც კი.
ოლივიე ზამი ჟურნალის Purple Fashion მთავარი რედაქტორია, რომელსაც მისივე დაარსებული Purple Institute გამოსცემს. ზამი ასევე ავტორია ბლოგის Purple Diary, რომელსაც 2009 წლიდან წერს. ეს ერთგვარი დღიურია, რომელიც ოლივიეს ცხოვრებას მისი გადაღებული ფოტოებით წარმოგვიდგენს. ოლივიე ზამი და მისი ბლოგი ერთი მთლიანის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება, ალბათ ამიტომ იყო, რომ ერთ-ერთმა სტილისტმა ის ერთხელ ცოცხალ ფეისბუქის გვერდს შეადარა.

Monday, May 14, 2012

Not yet bored. From Provence

Olivier and me. Kate Moss is reincarnated Me :)

ორი დღის წინ, როცა ღვინის ფესტივალზე წასასვლელად ვემზადებოდი, საინტერესო ამბები გავიგე. პირველი - ოლივიე ზამს და მე იდენტური იდეები გვაქვს მოდის და არტის შესახებ, ეს კი, ზოგადად, ძალიან სექსუალური ამბავია. საერთოდ, თუ აღმოვაჩენ, რომ მე და ოლივიეს ბავშვობაში ერთნაირი მულტფილმები გვიყვარდა, ესეც ძალიან სექსუალური იქნება (რაც მეეჭვება, იმიტომ, რომ მე Ну, Погоди!-ზე ვიყავი შეყვარებული, ოლივიეს კი არ მგონია მგელზე რამე სმენოდეს). უბრალოდ, ზამზე თუ ფიქრობ, პარალელურად სხეულში ოქსიტოცინი აქტიურდება, მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა ეს თმადაუვარცხნელი და გიჟი ფოტოგრაფი.

მეორე ის იყო, რომ მივხვდი, თურქული ყავა ირლანდიური ნაღების არომატით, რომელიც ჩემთვის რელიგიაა, დიდ სიამოვნებას აღარ მანიჭებს. ისევე, როგორც სხვა რელიგიები ჩემს ცხოვრებაში - გარეტ პიუს მოდის ჩვენებები, ჰომეროსი, Massive Attack-იც კი... ერთ ბიჭს ვიცნობ, რომელიც ყოველთვის ხელიდან წასული ჰედონისტი მეგონა, მაგრამ უკვე წლებია ლენინგრადს უსმენს. ასე რომ, იცოდეთ, ხელიდან წასული ისაა, ვისი სხეულის და ტვინის უჯრედები ზედმეტად მოკლე ხანში ეჩვევა სასიამოვნო გამღიზიანებლებს და მათზე ძალიან აღარ რეაგირებს. მგონი მზად ვარ ახლო აღმოსავლეთში ომის რეპორტიორადაც კი წავიდე, ოღონდ ახალი addiction-ით მიღებული ადრენალინი სისხლში კიდევ ვიგრძნო. 

რაც არასოდეს იცვლება - ის, რომ France freak-ის ბლოგს კითხულობთ. ყოველთვის მაინტერესებს გავსინჯო რაღაც ფრანგული, თუნდაც ეს საპონი იყოს. ამიტომ იყო, რომ  L'Occitane-ის მაღაზიას ვესტუმრე.

Friday, March 16, 2012

როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი

Kate Dardin, 'On The Wire'
მაშინ, როდესაც ყოველდღიური გრაფიკი გაჭირვებით გაძლევს იმის საშუალებასაც კი, რომელიმე გალერეას ახალი გამოფენის დასათვალიერებლად ესტუმრო ან თაროზე შემოდებული წიგნიდან რამდენიმე ფურცელი წაიკითხო, ხანდახან ისეც ხდება, რომ ცოტაოდენი დრო მოულოდნელად თავისუფლდება. ის არც ლიტერატურას გაწვდება და ესეცაა, რომ ასეთ მომენტში რაღაც ისეთის გაკეთების სურვილი ჩნდება, რაზეც სულაც არ ფიქრობდი. უფრო სწორად, სადღაც გაიგონე ამის შესახებ და მეხსიერებაში ჩაგრჩა, რომ მსგავსი რამ არასოდეს გამოგიცდია.
ამიტომ იყო, რომ ახლახანს, როცა ამინდი ამისთვის საკმარისად თბილი მომეჩვენა, გადავწყვიტე სულ ცოტა ხნით მოყვარული ორნიტოლოგის ამპლუა მომერგო. Birdwatching-ის ფენომენმა ჩემი ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც გავიგე, რომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული და მოდური გასართობი ყოფილა. იმდენად, რომ ტურისტული ფირმები საგანგებო მარშრუტებს ადგენენ, იშვიათი ჯიშის ჩიტების ნახვის მიზნით. იშვიათზე პრეტენზია არ მქონდა, ამიტომ მეგობარს ძველი ბინოკლი გამოვართვი და უახლოეს პარკში გავეშურე, ჩიტებზე გამოცდილი დამკვირვებლის გამომეტყველებით. ეს უკანასკნელი დროებითი იყო, რადგან გამოცდილების არქონამ თავისი საქმე გააკეთა - ჩიტები თითქმის არ მინახავს, თუ რამდენიმე მობუზულ არსებას არ ჩავთვლით. როგორც ჩანს, თბილი ქვეყნებიდან მოფრენილებმა, ამინდი მაინც არასაკმარისად მზიანად მიიჩნიეს იმისთვის, რომ გამოჩენილიყვნენ.

Monday, March 5, 2012

Fille Fatale ანუ არასაბავშვო თამაშები


რო­ცა ექ­ვსი წლის ვართ, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოდ ის თა­მა­შე­ბი გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ტა­ბუს უკავ­შირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ასეთს – შევ­ძვრეთ დე­დის გარ­დე­რობ­ში, ჩა­ვიც­ვათ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი სა­მო­სი, ტუ­ჩე­ბი ალის­ფე­რი პო­მა­დით მო­ვით­ხუპ­ნოთ, მოკ­ლედ, fille fatale გავ­ხდეთ. კა­რინ რო­იტ­ფელ­დმა (ფრან­გუ­ლი Vogue-ის ყო­ფი­ლი რე­დაქ­ტო­რი), თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლამ­დე CADEAUX-ის ფო­ტო­სე­სი­ის სა­ხით, ერ­თი შე­ხედ­ვით, ამ­გვა­რი თა­მა­შის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა დაგ­ვი­ტო­ვა. პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი ლე­ო­პარ­დის პრინ­ტი­ან ხა­ლა­თებ­ში, თვა­ლის­მომ­ჭრე­ლი მა­კი­ა­ჟით თით­ქოს აღარ არის სენ­სა­ცი­უ­რი სა­ნა­ხა­ო­ბა. მაგ­რამ შემ­დეგ ვაკ­ვირ­დე­ბით ვეფ­ხვის ბეწ­ვზე წა­მო­წო­ლილ ექ­ვსი­ო­დე წლის გო­გო­ნას, თვალ­ში გვხვდე­ბა თხუთ­მე­ტი სან­ტი­მეტ­რის ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი მზე­რა და ვიწ­ყებთ ფიქრს – ეს თა­მა­შია თუ ახა­ლი თა­ო­ბის რე­ა­ლუ­რი სა­ხე? ხომ არ უნ­და არ­სე­ბობ­დეს ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი ისე­თი ჟურ­ნა­ლის წა­სა­კით­ხად, რო­გო­რიც Vogue-ია? ან იქ­ნებ, უბ­რა­ლოდ, რო­იტ­ფელ­დის უწ­ყი­ნა­რი მცდე­ლო­ბაა, პა­ტა­რე­ბი ნამ­დვილ მან­დი­ლოს­ნებს და­ამ­სგავ­სოს?

„ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ად­რე უნ­და ავ­დგე დი­ლას და ვი­ვარ­ჯი­შო – რი­სი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა და რი­სი არა, რომ ნამ­დვი­ლი მან­დი­ლო­სა­ნი გავ­ხდე, თუ მე­კობ­რე­ო­ბა გა­და­ვი­ფიქ­რე”, – თქვა ერ­თხელ პე­პი გრძე­ლი­წინ­დამ. საბ­რა­ლო – ის ხომ არა­სო­დეს გა­მო­ირ­ჩე­ო­და კარ­გი ჩაც­მუ­ლო­ბი­თა და ქცე­ვე­ბით. ამის გა­მო უფ­რო­სე­ბის­გან მუ­დამ საყ­ვე­დურს იღებ­და. ეს უფ­რო­სე­ბი კი, რო­გორც ან­ტუ­ან სენტ-ეკ­ზი­უ­პე­რი ამ­ბობს თა­ვის ცნო­ბილ წიგ­ნში, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ხალ­ხია. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ, ბავ­შვე­ბი მათ და­ემ­სგავ­სონ. აბა, რა წე­სია, გეც­ვას ხუ­თი ზო­მით დი­დი ფეხ­საც­მე­ლი, ან სხვა­დას­ხვა ფე­რის წინ­დე­ბი, აწარ­მოო თეთ­რი და ალის­ფე­რი ვარ­დე­ბის ომი ბი­ჭებ­თან ერ­თად, ტა­ლახ­ში ირ­ბი­ნო და ხის ფუ­ღუ­რო­ში იძ­რო­მი­ა­ლო?

Tuesday, February 21, 2012

Wednesday, February 15, 2012

ტეისკენსის თეორია

"თავისუფლება - ეს ორი კატეგორიის დიალექტიკაა, შესაძლებლისა და აუცილებლის. ჩემი მე - ეს თავისუფლებაა", - ამბობდა ორი საუკუნის წინ ცნობილი დანიელი ფილოსოფოსი, სიორენ კირკეგორი. ადამიანთა ნაწილისთვის, შესაძლოა, არ იყოს მარტივი გასაგები მისი ეგზისტენციალური აზრები, თუმცა, შესაძლოა, ეს არც არის ის, რისი გაცნობიერებაც გონებით არის აუცილებელი. როდესაც თავისუფლების მოთხოვნილება გიჩნდება, ქვეცნობიერად ხომ სწორედ ამის გაკეთებას იწყებ - ცდილობ შესაძლებელი და აუცილებელი ერთმანეთს დაუკავშირო.
შვიდი წლის ასაკში ბელგიელმა ოლივიე ტეისკენსმა ზუსტად გააცნობიერა თავისუფლების წყურვილი, როდესაც გადაწყვიტა, რომ ოტ კუტიურის შექმნა უნდოდა. კოსტიუმების ხატვა კიდევ უფრო ადრე დაიწყო, თან გული წყდებოდა, რომ არ შეეძლო ყოფილიყო გოგონა, რომლებიც პრინცესები არიან და ლამაზ კაბებს ატარებენ. "როდესაც სხვა ბიჭები მთვარეზე გაფრენასა ან ექიმად გახდომაზე ოცნებობდნენ, მე დიზაინერობა მინდოდა". დღეს ამბობს, რომ საკუთარ თავში ქალური საწყისის ძიება ძალიან ეხმარება კოლექციების შექმნაში. ამის გარეშე, - ფიქრობს ოლივიე, ვერ გაიგებ მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ნამდვილ სურვილებს.
1995 წელს ტეისკენსმა მოდის დიზაინის შესწავლა დაიწყო ბრიუსელის École Nationale Supérieure des Arts Visuels de la Cambre- ში, თუმცა სულ რაღაც ოცი წლის ასაკში აქ სიარულს თავი დაანება. მიზეზი მარტივი იყო - შესაძლებლისა და აუცილებლის ერთმანეთთან დაკავშირება. ტეისკენსს აღარ შეეძლო ლოდინი. უნდოდა, რაც შეიძლება მალე მოეხდინა საკუთარი თავის რეალიზება და ამიტომ ბრენდის შექმნა გადაწყვიტა. მისი პირველი ნამუშევრები ექსტრავაგანტური იყო, გოთური ელემენტებით და კრიტიკოსების მოწონებასაც იმსახურებდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ აისახებოდა ინვესტორების სიმრავლეზე. ამიტომ, ფინანსური მხარდაჭერის არარსებობის გამო, ახალგაზრდა დიზაინერი იძულებული გახდა გაეუქმებინა თავისი ბრენდი, რის შემდეგაც თეატრის კოსტიუმების შექმნა დაიწყო.
ისეთი ავტორიტეტული ჟურნალი, როგორიცაა Harper"s Bazaar, ოლივიე ტეისკენსისთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებდა, ჰოლივუდის ვარსკვლავები ვოგის ყდებზე დიზაინერის სამოსში ჩაცმულები ჩნდებოდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, მის ნამდვილ წარმატებას მადონას სახელი უკავშირდება - ოლივიე ერთ დღეში გახდა პოპულარული, როდესაც ის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე მის კაბა-პალტოში გამოწყობილი გამოცხადდა.

Sunday, January 29, 2012

As transient things are




Be in me as the eternal moods 
of the bleak wind, and not 
As transient things are— 
gaiety of flowers. 




Sunday, December 18, 2011

Versace for H&M

გაათენებდით ღამეს ტანსაცმლის მაღაზიის წინ, გრძელ რიგში იმისათვის, რომ რომელიმე დიზაინერის კოლექციიდან ერთი ნივთი შეგეძინათ? ნამდვილ fashionista-ს ამ კითხვაზე ალბათ ნაკლებად გაახსენდება ის, რომ ღამით გარეთ უკვე გვარიანად ცივა. პასუხი ნამდვილად დადებითი ექნება, მხოლოდ ჯერ კითხვაზე კითხვით გვიპასუხებს - რომელი დიზაინერის კოლექციიდან?
ასეთ შემთხვევაში ყველა ჩვენგანს ალბათ სხვადასხვა დიზაინერი გაახსენდება. ვიღაცას დაიან ფონ ფურსტენბერგი მოსწონს, სხვას - ლანვანისა და ჟივანშის დახვეწილი სტილი, პირადად მე ამ სეზონზე DKNY-ის კოლექციაზეც არ ვიტყოდი უარს - მოთმინებით გავატარებდი ზამთრის გრძელ ღამეს ყინვაში, მაღაზიის ვიტრინაზე ცხვირმიჭყლეტილი. არა, აბა რა სისულელეებს ვწერ. ამისთვის უფრო უმტკივნეული და ნაკლებად ყინვიანი გამოსავალი არსებობს - ინტერნეტ-მაღაზიები და ერთგული მასტერქარდი. თუმცა, როდესაც საქმე ისეთ კოლაბორაციას ეხება, როგორიც დონატელა ვერსაჩესა და შვედურ გიგანტის, H&M-ის მაღაზიათა ქსელის თანამშრომლობაა, ათასობით ადამიანი კარგავს საღად აზროვნების უნარს და სიცივეში, კილომეტრიან რიგში დგება, რომ ცნობილი დიზაინერის სამოსი H&M-ის დემოკრატიულ ფასებში შეიძინოს.
არც ისე დიდი ხანია, რაც Versace for H&M-ის ლიმიტირებული კოლექცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვაში გამოვიდა. ნოემბრის შუა რიცხვებიდან ვერსაჩეს ხელმოკლე (და არა მხოლოდ ხელმოკლე) თაყვანისმცემლებს ნამდვილი ისტერია დაეწყოთ. ეს ამბავი დაახლოებით იმას ჰგავს, რაც გასულ წელს ლანვანთან თანამშრომლობას მოჰყვა - ყველა ბეჭდურ თუ ინტერნეტის გამოცემაში, ბლოგებზე, ფორუმებზე ეს კოლექცია განიხილება. ოქტომბრის ბოლოს ორიოდე სიტყვა ამასთან დაკავშირებით მეც დავწერე, როდესაც მოდურ კოლაბორაციებზე ვსაუბრობდი. მაშინ ჯერ კიდევ სარეკლამო კამპანიით იყო შესაძლებელი ახალ კოლექციაზე მსჯელობა. ები ლი ქერშოუს ჩაცმულობის მიხედვით, ასევე იმ ფილმის, რომელშიც ანა დელო რუსომ მიიღო მონაწილეობა, ამ თანამშრომლობაზე მხოლოდ სასიამოვნო ემოციები მიჩნდებოდა.
ახლა, როდესაც კოლექციის თითოეული ნივთი თავისუფლად შეიძლება ვნახოთ კომპანიის და კიდევ ათასობით სხვა ვებ-გვერდზე, პირველი აზრი, რომელიც შეიძლება ზოგიერთ ჩვენგანს გაუჩნდეს, ისაა, რომ არა მხოლოდ ღამის სიცივეში, გრძელ რიგში დგომა თბილ მზიან დღესაც კი არ ღირს. ეს მაშინ, თუ რაციონალური აზროვნების ძალა შეგრჩა. არადა, ეს ხომ თითქმის შეუძლებელია, როდესაც ვერსაჩეს სახელი გესმის. ალბათ სწორედ ამით იყო განპირობებული თვალუწვდენელი რიგები H&M-ის მაღაზიებთან. როგორც The Guardian წერდა, ლონდონში რიგის სიგრძე ბითლომანიის ასოციაციებს იწვევდა. პოპ-კულტურის ფენომენის მნიშვნელობა სწორედ რიგის სიგრძით უნდა განსაზღვროო, ამბობდა ავტორი. როდესაც პირველ მყიდველებს თავად დონატელა ვერსაჩე იღებს, ამ ფენომენმა გაურკვეველი სახეც შეიძლება მიიღოს - ვერ გადაწყვიტო, რომელი უფრო გინდა, ცნობილ დიზაინერთან ფოტოს გადაღება თუ მოდური სამოსის შეძენა.

Monday, November 28, 2011

გიორგი ბეჟანიშვილი - enfant terrible-ის ისტორია

როდესაც Oakazine-ს (საერთაშორისო ხელოვნებისა და მოდის ჟურნალი) ჟურნალისტი ეკითხება, თუ რატომ დაიწყო მოდის სფეროში მოღვაწეობა, ის პასუხობს: "არ მგონია რაიმე კონკრეტული მიზეზი მქონოდა ამისთვის. მოდითა და შემოქმედებით სავსე ბავშვობიდან ვიყავი. ყოველთვის ვთამაშობდი, ვჭრიდი, ვქმნიდი კოლაჟებს, ვაწყობდი თეატრალურ სცენებს. ამ ყველაფერმა მიმიყვანა იმ დანიშნულებამდე, სადაც ახლა ვიმყოფები და იმედი მაქვს, რომ ის უფრო შორსაც წამიყვანს."
ამჟამინდელი კონდიცია - enfant terrible-ია, ალბათ იმიტომ, რომ მოდის სფეროში არსებულ კანონებს ნაკლებად ემორჩილება, მხოლოდ თავის ფანტაზიას უჯერებს და ალბათ სწორედ ამიტომ არის მისი სტილი ასეთი ავთენტური, სხვა დიზაინერებისგან განსხვავებული. ამჟამად, როგორც ბლოგებზე წერენ, გიორგი ბეჟანიშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა თავიდან ყველაფერი ავსტრიის დედაქალაქში დაიწყო.
მომავალმა დიზაინერმა საქართველო თვრამეტი წლის ასაკში დატოვა. დღეს ის ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია. თვლის, რომ მის ცხოვრებაში ეს სარისკო ნაბიჯი იყო, რომელმაც საბოლოოდ ძალიან გაამართლა. ბეჟანიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მის ნამუშევრებში ქართული ფაქტორი არსებობს. "საქართველო ჩემს სისხლშია, სადაც არ უნდა წავიდე".
ვენაში რომ ჩავიდა, გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის მოდის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. აქ ისეთ ავტორიტეტებთან მოუწია ურთიერთობა, როგორებიც ვერონიკ ბრანკინიო და ბერნარდ ვილჰელმი არიან. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბეჟანიშვილი ვერონიკ ბრანკინიოსთან სწავლას თავისი ცხოვრების დიდ გამოცდილებას უწოდებს. მან მართლაც დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდა ხელოვანის ცხოვრებაში, როდესაც იმ შვიდკაციან ჯგუფში შეიყვანა, რომელიც მოდის განყოფილებაში ისწავლიდა.
დიდი შემოქმედებითი ნიჭის წყალობით გიორგიმ მალე მიიქცია ყურადღება. პირველი მინი კოლექცია, "გრძელთმიანი ბავშვი" 2008 წელს წარმოადგინა, რომლისთვისაც შვეიცარიული პრიზი მიიღო. მეორე, Jheronymus უკვე ლონდონში აჩვენა, მესამე კი, "აღსარებამდე ერთი დღით ადრე" ბერლინის მოდის კვირეულზე წარადგინა 2010-ში. 2009 წელს ბეჟანიშვილი მოდის საერთაშორისო კონკურსში Forndazione Claudio Buziol-ის პირველი პრიზიორი გახდა. მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად ალბათ შეიძლება სადიპლომო ნამუშევარი ჩაითვალოს - სახელწოდებით ODA, რომლის ჩვენების შემდეგაც ავსტრიის კულტურისა და განათლების სამინისტრომ ჯილდო გადასცა, როგორც წლის ხელოვანს მოდის სფეროში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის.
გიორგი ბეჟანიშვილი ძირითადად კაცის სამოსისა და აქსესუარების შექმნაზე მუშაობს. მის სტილს ადვილად იცნობთ - უჩვეულოდ რაფინირებული და ელეგანტური და მაინც ძალიან ბოჰემური, აღმოსავლური ეგზოტიკით სუნთქავს. თავისუფალი სტილის შარვლები და ტუნიკები გარკვეული ანტიკური ესთეტიკის ასოციაციებს აღძრავს. მის საერთო სტილზე საუბარი მაინც ძნელია, რადგან თითოეული კოლექციისთვის გიორგი ყოველთვის რაღაც განსხვავებულს ქმნის. დიზაინერი შთაგონებას ბევრ რაღაცაში ეძებს - ჰიერონიმუს ბოსხის ტრიპტიქებში, ტარკოვსკის პოლაროიდებში, დეშ სნოუს, დევენდრა ბანჰარტის, ვინსენტ გალოს, მარსელ პრუსტისა თუ გოეთეს შემოქმედებაში...
ODA-ში კავკასიური და სპარსული მოტივები იგრძნობა. ფერადი გრძელი ჟაკეტები თუ პალტოები, თავისუფალი ტუნიკები, განიერი შარვლები, სპარსული ხალიჩის ორნამენტები, ლითონის მასიური ქამრები, სამკაულები... გიორგი ბეჟანიშვილმა კოლექციაში ტრადიციული მოტივები გააცოცხლა და ძალიან საინტერესო, ინდივიდუალური, მამაკაცური სტილის სამოსი შექმნა.