"როდესაც შოუების მოწყობა დავიწყე, ვისწრაფოდი მეჩვენებინა ჟურნალისტებისთვის ის, რისი დანახვაც მათ სწორედ რომ არ სურდათ: შიმშილი, სისხლი, სიღატაკე. უყურებ მთელ ამ ძვირფას სამოსიან და მუქ სათვალეებში გამოწყობილ "ფეშენ" შეკრებას და ხვდები, რომ მათ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება მსოფლიოში. მათი ინტერესები მოდის ჩარჩოებშია მოქცეული. მე ვხარჯავ ფულს შოუზე იმისთვის, რომ ამ ხალხს ცხოვრების მეორე მხარე დავანახო. დაე იგრძნონ სიძულვილი და ზიზღი - მე ეს სრულიად მაწყობს. მეცოდინება, რომ მათში რაღაც გრძნობები მაინც გავაღვიძე".
ლი ალექსანდრ მაქქუინი 1969 წელს ლონდონში, ტაქსისტის ოჯახში დაიბადა. enfant terrible - ის რეპუტაცია ჯერ კიდევ სამი წლის ასაკიდან შეექმნა, როდესაც ქალის კაბების ხატვა დაიწყო. მისი ოჯახი ამ ფაქტის მიმართ კეთილგანწყობილი ნამდვილად არ ყოფილა. მშობლებს მიაჩნდათ, რომ დიზაინი ბიჭის საქმე არ იყო. ამას გარდა, ტაქსისტობა მათ ოჯახში მემკვიდრეობით გადაიცემოდა და ლის გატაცება ხატვით ტრადიციების ნამდვილი ღალატის ტოლფასი იყო. ამიტომ, მორიგი სერიოზული ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, მაქქუინმა სახლი და სკოლა მიატოვა და Anderson&Shepherd-ის ატელიეში დაიწყო მუშაობა. პირველი სერიოზული პროტესტის გამოვლენაც აქ მოხდა: პრინცი ჩარლზისთვის განკუთვნილ პიჯაკზე მან წააწერა "აქ იყო ალექსანდრ მაქქუინი" და ბრიტანელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვითაც შეამკო (I am a cunt). ამის შემდეგ ლი ტოვებს ატელიეს და სამსახურს სხვაგან იწყებს.
გასაოცარია ის მონდომება, რომელსაც ლი იჩენდა იმისთვის, რომ პროფესიონალი დიზაინერი გამხდარიყო. ატელიეში კერავდა შარვლებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმიანობა მაინცდამაინც არ მოსწონდა, თუმცა ეს ძალიან დაეხმარა გაწაფულიყო თავის საქმეში. მას შემდეგ, რაც მოდის მარკეტინგში გაერკვა და ლონდონის წმინდა მარტინის დიზაინის სკოლაც დაამთავრა, მაქქუინი უკვე მზად გახლდათ თავისი სიტყვა ეთქვა ამ სფეროში. მოქმედება კი მან საკმაოდ აგრესიულად და არაორდინარულად დაიწყო. მისი შოუ მოდის დეფილეზე მეტად პოლიტიკურ მანიფესტაციებს ჰგავდა. ალექსანდრს პოდიუმებზე გამოჰყავდა შავკანიანი მოდელი ხელბორკილებით, ჭუჭყიანი სამოსით... თამამი იყო პოდიუმზე თავად ლის გამოჩენა წარწერიანი მაისურით "We love you Kate", რომლითაც მან სოლიდარობა გამოუცხადა ქეით მოსს, რომელიც მაშინ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ უსიამოვნო ამბებში გაეხვა. სკანდალური იყო მაქქუინის ეკლესიაში მოწყობილი ჩვენებაც, როდესაც ლიმ განაცხადა, რომ რელიგია არის ყველა ომის სათავე. ამბოხის კულმინაციის წერტილად შეიძლება ჩაითვალოს მისი შოუ, სახელწოდებით "შოტლანდიაზე ძალადობა" (Highland Rape), რომელშიც მოდელები დახეული ტანსაცმლით გამოდიოდნენ, შოტლანდიური ქვედაკაბებიდან კი დოლბანდი მოუჩანდათ. ასე გამოხატა თავისი ზიზღი მან საუკუნეების განმავლობაში ინგლისის მიერ შოტლანდიაზე განხორციელე- ბული ძალადობის მიმართ. ეს კოლექცია ზოგიერთის მიერ ინტერპრეტირებული იყო, როგორც ქალებზე ძალადობის პოპულარიზაცია. უნდა ითქვას, რომ ასეთი გროტესკი მაქქუინისთვისაც კი მეტისმეტი იყო. ის ხომ ყველაზე ფემინისტი დიზაინერია, რომელიც თავისი ნამუშევრებით ყოველთვის ცდილობდა ქალის სიძლიერისთვის გაესვა ხაზი. აკი თავადაც ამბოდა, ნუ ელოდებით, რომ ჩემი ქალი შიფონის ღრუბელში გახვეული, მიამიტი და სუსტი იქნება, იგი ძლიერია, რომ ყველანაირ ზეწოლას გაუძლოსო.











